ია აბულაშვილი
02.10.2017

 ქართული ხელნაწერების ისტორიის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, რამდენიმე საინტერესო მასალა მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს უცხოეთში დაცული ძველი ქართული ხელნაწერების შესახებ.

ცნობისათვის, რვა უძველესი ქართული ხელნაწერი, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული, "იუნესკოს" მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში მოხვდა იმ 47 კოლექციასა და დოკუმენტს შორის, რაც რეესტრმა 2015 წელს შეიტანა.

მათ შორის არის უძველესი ხელნაწერი "ანბანდიდი", მე-9 საუკუნის სახარება, ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი მსოფლიოს ყველა კოლექციაში დაცულ ხელნაწერთაგან. იგი იმ იშვიათ ხელნაწერთა რიგშია, რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაწერია ასომთავრულით.

ასევე, ქართული პალიმფსესტები, მათ შორის 1440-1462 წლების ისტორიული საბუთი. ეს არის წყალობის წერილი მანგლელ-თბილელ მთავარეპისკოპოს იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექსისისადმი.

ასევე, 1441 წლის ისტორიული საბუთი - შეუვალობის განახლების სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა; 1447 წლის ისტორიული საბუთი - ქართლ-კახეთის საკათალიკოსოს მამულების - სითარხანის გუჯარი, გაცემული მეფე გიორგი მერვის მიერ.

"იუნესკოს" მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრი ამჟამად შეიცავს 348 დოკუმენტს და კოლექციას, მასში საქართველოს უძველესი ხელნაწერების კოლექციიდან ასევე შეტანილია ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და "გეოგრაფიული ატლასი", "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერების კოლექცია, ბიზანტიური პერიოდის ქართული ხელნაწერები და ბიზანტიური ძეგლების უნიკალური თარგმანები ზედნადები ქართული კომენტარებით, რომელთა დედნებიც, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, აღარ არსებობს და მეცნიერები მათ მხოლოდ ქართული წყაროების მიხედვით იკვლევენ.

ქართული ხელნაწერები სრულდებოდა ჭილზე (პაპირუსზე), ტყავსა და ქაღალდზე ასომთავრულით. ხელნაწერისთვის ძირითადად შავი მელანი გამოიყენებოდა, ასევე სინგური - წითელი ფერის საღებავი, ძირითადად გასაფორმებლად ან სათაურის დასაწერად.

ქართული ხელნაწერები იწერებოდა ოქროს მელნითაც, რომლითაც აფერადებდნენ ან წერდნენ. ასევე გამოიყენებოდა ფურცლოვანი, ოქროს უთხელესი ფირფიტა, რომელსაც ზედ ამაგარებდნენ და შემდეგ მასზე ხატავდნენ; მოქვის ოთხთავში სწორედ ფურცლოვანი ოქროა დაფენილი და მასზე შესრულებული მხატვრობა, როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, იშვიათია, რადგან უმეტესად ჯერ გამოსახულება იხატებოდა და შემდეგ უკეთდებოდა ფონი ოქროს მელნით.

ძველ ხელნაწერებს ხშირად თან ახლდა გადამწერის ანდერძი, სადაც მითითებული იყო გადაწერის ადგილი, თარიღი, დამკვეთის ვინაობა. წიგნების ხელით გადაწერა ძირითადად ეკლესია-მონასტრებში ხდებოდა და ამ საქმით დაკავებული იყვნენ ბერები, რომლებიც ცდილობდნენ, თავიანთი სახელი ხელნაწერ წიგნში არ შეეტანათ, თუმცა მინიშნებები ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით მაინც გვხვდება. მაგალითად, ეს ხელნაწერი გადაწერილია საქართველოში ბაგრატ |ქ-ის მეფობის დროს, ან კონსტანტინეპოლში ბიზანტიის იმპერიის დროს, ან ანტიოქიაში, ანტიოქიის ამა და ამ პატრიარქის პატრიარქობის დროს.

რაც შეეხება საერო ხელნაწერებს, ყველაზე ადრეული საერო ხასიათის ხელნაწერია "ასტროლოგიური ტრაქტატი", რომელიც 1188 წლითაა დათარიღებული და მასში მთვარის ფაზები და ზოდიაქოს ნიშნებია წარმოდგენილი.

უცხოეთის საცავებში დაცულ ქართულ ხელნაწერებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ რამდენიმე მათგანზე შავაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. მარტო საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დღეს დაცულია 32 ქართული ხელნაწერი. პირველი ეგზემპლარი მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში შევიდა, შემდეგ მისიონერებისა და კერძო პირების მეშვეობით ფონდი თანდათან გამდიდრდა.

ქართული ხელნაწერები დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში; ასევე ავსტრიაში, ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, სადაც 5 ქართული ხელნაწერი ინახება. პირველი ხელნაწერი ბიბლიოთეკამ 1873 წლის მაისში შეიძინა 25 გულდენად ანტიკვარ გოლდშმიტისგან. სამი ხელნაწერი პროფესორმა ტიურკერმა ბიბლიოთეკისათვის უცნობი ანტიკვარისგან 1931 წლის იანვარში ალექსანდრიაში შეისყიდა. მეხუთე ხელნაწერი ბიბლიოთეკას 1938 წლის ივლისში ვენაში კრონენგენისაგან შეუძენია. ესაა სახარება.

ბიბლიოთეკის დავთარში ასეთი ჩანაწერია, რომ იგი ეკუთვნოდა პრინც ბაგრატიონ-მუხრანელს, რომელიც 1921 წელს დახვრიტეს, მისმა მეუღლემ კი ეს ხელნაწერი 1929 წელს გაყიდა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, პრინცი ბაგრატიონ-მუხრანელი ხელნაწერისთვის ფასის ასაწევად უნდა იყოს ნახსენები. ეს ხელნაწერი იმით გამოირჩევა სხვა ხელნაწერებისგან, რომ ვერცხლით მოჭედილ ბუდეშია ჩასმული.

საინტერესო ისტორია აქვს გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერებს, რომლებიც გამოჩენილი ავსტრიელი ენათმეცნიერის, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორის, ვენის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრ ჰიგუ მუხართის სახელს უკავშირდება. როგორ მოხვდა ეს ხელნაწერები გრაცის უნივერსიტეტში, მისი საარქივო მასალებიდან ირკვევა.

სინას მთაზე დაცული რამდენიმე ხელნაწერი შეუსყიდია ავსტრიელ მხატვარ ალფონს მალიხს. ეგვიპტეში ამ ხელნაწერების ყიდვის დროს ნამდვილი ბრძოლა გამართულა, მაგრამ ბოლოს იგი ხელში ჩაუვარდა მალიხს. ეს ხდება 1894-1895 წლების მიჯნაზე. როგორც ამბობენ, ავსტრიელმა მხატვარმა არც კი იცოდა ქართული ხელნაწერების ნამდვილი ღირებულება, ინტუიციით იგრძნო, რომ მათი შესყიდვა კორეელი გადამყიდველისაგან ღირდა, რადგან გარეგნულად სიძველის მიმზიდველი ფერი დაჰკრავდა.

ორი წლის შემდეგ ალფონს მალიხს 4 ხელნაწერი ვენის სასახლის ბიბლიოთეკისთვის შეუთავაზებია. ბიბლიოთეკის დირექტორს შეძენაზე უარი უთქვამს, თუმცა მალევე გამოჩენილა ძველი ხელნაწერებით დაინტერესებული პირი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი ჰიგუ მუხართი. ორთვიანი გამალებული ვაჭრობის შემდეგ 1897 წლის 12 იანვარს პროფესორს შეუძენია 4 ხელნაწერი 420 გულდენად (ეს ხელნაწერები დღეს გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული), რამდენიმე ხნის შემდეგკი - კიდევ ერთი ხელნაწერი 25 გულდენად. 1897 წელს ამ ხელნაწერების შესახებ ვრცელი გამოკვლევა დაწერა, რომელიც არ გამოქვეყნებულა.

ამ ნაშრომის ორიგინალი თბილისში, ცენტრალურ არქივში ინახება. გრაცის უნივერსიტეტის ქართული კოლექცია ქართულ სამეცნიერო წრეებს პირველად აკადემიკოსმა აკაკი შანიძემ გააცნო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×