ამბავი მრისხანე შაჰ-აბასის ლოთი და შფოთი შვილიშვილისა
მამუკა ნაცვალაძე
02.09.2017

 1632 წელი გარდამტეხია საქართველოს ისტორიისთვის. სწორედ ამ წელს ადის ქართლის სამეფო ტახტზე როსტომ ხანის სახელით ხოსრო მირზა, სახელოვანი ლუარსაბ პირველის შვილიშვილი, ცნობილი სამედიცინო ტრაქტატ "იადგარ დაუდის" ავტორ დაუდ ხანის შვილი.

როსტომ ხანის მმართველობამ ქართლისთვის მშვიდობა მოიტანა, იმ მომენტისათვის თითქოს ყველაზე ფასეული უნდა ყოფილიყო ქვეყნისთვის, რამდენადაც მუდმივმა საომარმა რეჟიმმა გამოფიტა აღმოსავლეთი საქართველო. ხანგრძლივი ომიანობა ისეთ ძალასთან, როგორიც შაჰ-აბასი იყო, უმძიმესი გადასატანი აღმოჩნდა ქვეყნისთვის და ამ დროს ქართლს თითქოს მშველელად მოევლინა როსტომის მშვიდობიანი პოლიტიკა, თუმცა სულ მალე გამოჩნდება, რომ ამ სიმშვიდის უკან საკმაოდ მზაკვრული გეგმებია შეფუთული.

როგორ შეცვალა საქართველო სეფიანთა შიდაპოლიტიკურმა ინტრიგებმა

ასე იწყება ეროვნულ ფასეულობებზე ტოტალური შეტევა. ამ სიმშვიდეში ჩნდება ისეთი ყოფითი ნიუანსები, რომლებიც რადიკალურად ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. იმ ფუნდამენტს, რომელიც შეუცვლელი გახლდათ საქართველოს ისტორიისათვის, როგორც იდეოლოგიური საყრდენი.

სწორედ ესაა სეფიანთა მთავარი დაკვეთა - ის, რასაც ბრძოლით ვერ მიაღწიეს, უნდა შეძლონ მზაკვრული პოლიტიკით. ამ პრიზმიდანაა საინტერესო ხოსრო მირზა, იგივე როსტომ ხანი.

საინტერესოა, როგორ და რა ვითარებაში ყალიბდება ის იდეოლოგია, რომელმაც თვისებრივად შეცვალა ქართული გარემო და რომლის აღმსრულებლად სწორედ ხოსრო მირზა გახდა.

ეს ერთი შეხედვით სრულიად უმტკივნეულო პროცესი სულ მალე ბახტრიონის აჯანყებისას, 1660 წელს ამოხეთქავს ქართველთა რისხვად და ერთიანად დედაწულიანად გაანადგურებს მტერს.

როგორ გახდა მაჰმადიანი ბაგრატიონი სეფიანთა ანტიქართული იდეოლოგიის მთავარი იარაღი

დაუდ ხანს როსტომ ხანი წავკისელი გლეხის ქალისგან ჰყავდა. ბუნებრივია, ამ ფაქტორს თავდაპირველად მისი პოლიტიკური ამბიციები ნულამდე დაჰყავს. სამეფო კარზე ასვლა არც კი ესიზმრება, რისი მეფობის ილუზია უნდა ჰქონდეს, როცა ისპაჰანის ვიწრო ქუჩებში მას და დედამისს თავი ძლივს გააქვთ.

დედის დაბალი სოციალური წარმომავლობა ადრეც ყოფილა სამეფო კარზე ასვლის დამაბრკოლებელი ფაქტორი ქართველი მეფისთვის - ლაშა-გიორგის ერთადერთი ძე დავით ულუ გახლავთ ამისი მაგალითი, თუმცა, მაშინაც და ახლაც გარე ფაქტორები იყო გადამწყვეტი მათი გამეფებისას. მართალია, როგორც დავით ულუს, ასევე ხოსრო მირზას აღიარება ხელმწიფის რანგში გაუჭირდა ქართულ საზოგადოებას, თუმცა, ჯერ მონღოლების, შემდეგ კი სეფიანების ხელდასხმით ორივემ შეძლო ტახტის დაკავება.

ხოსრო მირზას გამეფება თვისებრივად მაინც განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ, რამდენადაც სწორედ მისი მეფობით იწყება მუსლიმან მეფეთა ზეობა საქართველოში, რაც 112 წლის განმავლობაში - 1744 წლამდე გრძელდება.

ხოსრო მირზა ისპაჰანის ქუჩებში გიორგი სააკაძემ აღმოაჩინა და შაჰს მიჰგვარა. ხოსრო მირზამ თავისი გონიერებით მალე მიიქცია ყურადღება და შაჰის კარზეც დაწინაურდა. 1618 წელს ის უკვე ისპაჰანის ტარუღია. ქართველ უფლისწულს სეფიანები აფასებენ ერთგულებისთვის, რამდენიმე წელში ის დიდ გავლენას მიაღწევს მთელ ირანში. მაჰმადიანი ბაგრატიონი სეფიანთა საქმეს აკეთებს ხმლითა თუ უხმლოდ. გავა რამდენიმე წელი და ის ირანის ყურალაღასი ხდება. მისი საიმედოობა სეფიანებს აღუძრავთ სურვილს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ ქართველი.

რატომ შეცვალეს სეფიანებმა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა

გიორგი სააკაძის რეკომენდაცია ბევრს ნიშნავს შაჰ-აბასისთვის. მალე ნათელი ხდება, რომ ხოსრო მირზა ის პერსონაა, განსაკუთრებული შემთხვევისათვის კოზირად რომ გამოადგებათ სეფიანებს ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქმე ისაა, რომ ხოსრო მირზა, როგორც ბაგრატიონი, ქართლის სამეფო კარის ბაგრატიონებს უნდა დაუპირისპიროს, მხოლოდ მაჰმადიანის სტატუსით... უნდა შეაგუოს აბასმა ქართველობა მაჰმადიან მეფეს. იცის, სეფიანთა მბრძანებელმა, რას ნიშნავს მეფის მაგალითი ქართველთათვის, სწორედ ამიტომაც ქართველი ხელმწიფის გამაჰმადიანება, მისი ვარაუდით, მოსახლეობის დაბალი ფენებისათვის გადამდები იქნება.

ეს აბასის პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედია საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ამ იდეის განხორციელებას ის ვერ მოესწრო - გამორჩეულად თავგანწირულად იბრძვის ქართლ-კახეთის თავისუფლებისათვის თეიმურაზ პირველი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ აბასმა არაერთი მოუშუშებელი ტკივილი მიაყენა, ვერ მოერია ვერც სულიერად, ვერც ფიზიკურად.

ეს დაპირისპირება კიდევ ერთი ნიშანია სეფიანთათვის, რომ ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლისას ტაქტიკა უნდა შეცვალონ, აშკარა დაპირისპირებისგან მშვიდობიან პოლიტიკაზე უნდა გადავიდნენ და აქტიური ბალანსით მიაღწიონ სასურველ შედეგს. სწორედ ამ საქმეში ეიმედება ისპაჰანის კარს ხოსრო მირზასი...

რა კომპლექსები ჰქონდა ჰარამხანაში გაზრდილ შაჰ-სეფის

შაჰ-აბასის სიკვდილმა საკმაოდ მძიმე სიტუაცია შექმნა ირანში - ერთმანეთს ორი დასი უპირისპირდება, ორივე ქართული - უნდილაძეები და ხოსრო მირზა. უნდილაძეებს თავიანთი ფავორიტი ჰყავთ - ყარჩიხა ხანის შვილი, შაჰ-აბასის შვილიშვილი, ხოსრო მირზას - საამ მირზა - აბასის მიერ მოკლულ შვილ სეფი მირზას შვილი.

იძალა ხოსრო მირზამ. ის ირანის ყურალაღასია და მთელი ჯარები მას ემორჩილება. ძალა აღმართს ხნავს და შეძლო კიდეც ხოსრო მირზამ აბასის ანდერძის აღსრულება და სამ მირზას გამეფება შაჰ სეფის სახელით. ეს 1629 წელია...

საცნაურია, რომ საამს დედა ქართველი ჰყავს. ადამ ოლეარიუსი გადმოგვცემს, რომ ქალი შაჰ-აბასისთვის მიუყვანიათ ჰარამხანაში. ქართველი ასული აბასის შვილ სეფი მირზას შეჰყვარებია, ამიტომაც შაჰს შვილისთვის დაქორწინების უფლება მიუცია.

საამ მირზა ჰარამხანაში დაიბადა და იქვე გაიზარდა. ამ რეალობამ მის ხასიათს განსაკუთრებული კვალი დააჩნია, მისი ჭირვეულობა, ლოთობა და შფოთიც აქედან უნდა იღებდეს სათავეს.

საგულისხმოა, რომ სწორედ საამ მირზას შემდეგ ამკვიდრებენ სეფიანები უფლისწულების ჰარამხანაში აღზრდას, რაც უმთავრესად ემსახურებოდა მათ იდეოლოგიურ დამუშავებას და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩანერგვას.

სწორედ ჰარამხანის იდეოლოგიით იკვებება ტახტზე ასული შაჰ-სეფი, ის ვერ იტანს განსხვავებულ აზრსა და პოზიციას და, რაც მთავარია, მისი ხასიათი სრულიადაც ვერ წაადგა სასიკეთოდ ოდესღაც მძლეთამძლე სეფიანთა ირანს.

როგორ გაუსწორდა შაჰ-სეფი გულჩვილ ჯალათს

შაჰ-სეფი ვერ დაემსგავსა პაპამისს პოლიტიკითა და გამჭრიახობით. ქვეყნის მართვის არანაირი უნარი არ გააჩნდა - ლოთობაში ატარებს დროს და ხალხს რომ შეახსენოს თავი, უსასტიკესი მკვლელობებითა და რეპრესიებით ცდილობს შიშის დათესვას ქვეყანაში.

მისთვის რეპრესიები ჩვეული ამბავია, არც იმას დაგიდევთ, ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი. ყველაფერს საკუთარი გუნება-განწყობით წყვეტს. შაჰ-სეფი არც ბაბუამისს ჩამორჩა სისასტიკეში და თვალები დათხარა საკუთარ ძმას, მერე უჩინო უფლისწული ალამუთის ციხეში გამოამწყვდია აბასის მიერ თვალდათხრილ უფლისწულებთან ერთად. ბოლოს ისევ მოუარა ბნედამ და ყველანი სალი კლდიდან გადმოაყრევინა ჯალათებს.

მისთვის ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენდა არანაირ ფასეულობას - პირველ ვეზირს ისე გაუყარა ხანჯალი, წარბიც არ შეთამაშებია, ესეც არ აკმარა და ჯალათებს უბრძანა, მისი თავი აეკუწათ ხანჯლით. ამ შემზარავი სურათის გაძლებას დიდი ნერვები უნდოდა... ადამიანმა გაიღვიძა ერთ-ერთ ჯალათში, ვერ შეძლო ამ ამაზრზენი ვანდალობის ყურება და თვალი მოარიდა მიწაზე მოგორავე ადამიანის თავს, გამეტებით რომ ურტყამდნენ სეფი მირზას მარიონეტები ხმლებს.

არ გამოჰპარვია შაჰს ჯალათის სისუსტე და იქვე გამოუტანა ვერდიქტი - თვალები დათხარეს გულჩვილობისთვის.

შაჰ-სეფის ვერაგობა და სისასტიკე ირანელ პოეტთა თემადაც იქცა, ისპაჰანის ერთ-ერთ მოედანზე ერთმა პოეტმა საკუთარი ლექსი თარზე დაამღერა, საკუთარი გულისტკივილი გამოხატა... ხვდება შაჰი, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა მისთვის და უმოკლეს დროში იღებს არაადამიანურ გადაწყვეტილებას - შაჰის მარიონეტი ჯალათები პოეტს ჯერ ცხვირს აჭრიან, მერე - ხელებს, ბოლოს კი - ფეხებს...

როგორ მოერია შაჰ-სეფი ჰარამხანის რევოლუციას

შაჰ-სეფის დროს დამკვიდრდა განსაკუთრებულად აქტიურად ფორმულა - "ვინც ჩემთან არ არის, ყველა ჩემი მტერია" და სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა მთელი თავისი ცხოვრება. უტიფარი ცინიზმითაა გაჯერებული მისი ცხოვრების კიდევ ერთი ამაზრზენი ეპიზოდი. შაჰ-სეფი იმ დასჯილი დიდებულების შვილებს იბარებს სასახლეში, წამებით რომ ამოხადა სული. თავად ეკითხება მათ შთამომავალთ - მე დავხოცე თქვენი მამები... აბა რას იტყვით, ხომ არ გამკიცხავთ ამისთვისო...

ისპაჰანის სასახლის შიგნითაც და გარეთაც შიშს მოუცავს ყველაფერი... შიშს იშვიათად თუ ერევა ვინმე. არც ამ დიდებულების შვილები აღმოჩნდნენ გამბედავნი. ჰოდა, ერთხმად შესძახეს - შენ ხარ ჩვენი მამა... სხვა მამა არ გვყავსო... და ამ პასუხისათვის ჯილდოც მიიღეს - დიდძალი ქონება და მამულები. მხოლოდ ერთი დაიბნა, ვერ მოერია ემოციებს... განაჩენიც მყისვე გამოუტანეს - ჩამოართვეს ყველანაირი ქონება, წყალობად კი სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

ბუნებრივია, ასეთი სისასტიკე ადამიანთა რისხვასაც იწვევდა, მაგრამ ეს უფრო შინაგანი პროტესტი იყო და ვერავინ ბედავდა სახალხო პროტესტის გამოხატვას. ჰარამჰანაში ერთმა ქალმა გაბედა და საწამლავი ჩაუყარა შაჰს... თითქოს ყველაფერი მისი სიკვდილით უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვერც შხამი მოერია თავად შხამიანს და მხოლოდ ორი თვე იავადმყოფა.

ბოლოს საქმის გარკვევას შეეცადა - ვიღაცამ მიუტანა ენა - ეგ საქმე შენი ჰარამხანის ქალების ნახელავიაო. არც ახლა უცდია შაჰ-სეფის მტყუან-მართლის გარკვევა - ორმოცივე ქალი გამოაყვანინა ჰარამხანიდან, იქვე ბაღში მსახურებს ორმო ამოათხრევინა და ორმოცივე ცოცხლად დამარხა.

როგორ გამოიყენა ირანული იდეოლოგიური პოსტულატები რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ

ეს სახასიათო მაგალითები საკმაოდ ნათლად წარმოაჩენს, როგორ ემიჯნებოდა შაჰ-სეფის იდეოლოგიური პოლიტიკა რეალურ მშვიდობას. ის ხელოვნურად შექმნილი დაძაბული მუხტი, რომელიც მისი უნიათო პოლიტიკის მთავარი სავიზიტო ბარათი გახლდათ, ვერ მოირგებდა მშვიდობის დესპანის როლს, მით უმეტეს - საქართველოში.

შაჰ-სეფის საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთი მთელის ორი ნაწილია, რომელსაც საერთო იმპულსები ასაზრდოებს. სწორედ ამიტომაც აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად კარგად გათვლილი პოლიტიკური ბალანსისა, რაც, უპირველესად, მარიამ დადიანისა და როსტომ ხანის ქორწინებას გულისხმობდა, მხოლოდ ფრაგმენტულად მოხერხდა დედოფლის ფართომასშტაბიანი კულტურული საქმიანობით მისი მეუღლე როსტომ ხანის მზაკვრული ანტიქართული პოლიტიკის შეფუთვა... ეს სეფიანთა იმპერიული იდეოლოგიის საკმაოდ სახასიათო პოსტულატია...

გავა ორიოდე საუკუნე და ანალოგიურ იმპერიულ პოსტულატებს, ეროვნული ფასეულობების განდევნასა და სრულიად უცხო კულტუროლოგიური ფენომენის დამკვიდრებას რომ გულისხმობს, ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლაში ამჯერად უკვე ერთმორწმუნე რუსეთი გამოიყენებს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×