"გველის პერანგით" აღფრთოვანებულმა ავსტრიელმა მწერალმა დაწერა, რომ მან "ახალი სამყარო" აღმოაჩინა
ია აბულაშვილი
01.09.2017

 პოეტის, მოაზროვნის, პუბლიცისტისა და ფილოსოფოსის, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გრიგოლ რობაქის შემოქმედებას მაღალი შფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომან როლანმა, ნიკოს კაზანსკიმ და სხვა ცნობილმა უცხოელმა მწერლებმა.

გრიგოლ რობაქიძემ, რომელიც 1927 წელს გერმანიაში გაემგზავრა ლიტერატურული საქმეების მოსაგვარებლად, ძალიან მალე გერმანულ ენაზე გამოსცა "გველის პერანგი" იმ დროისათვის უკვე აღიარებული ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით.

ცვაიგი აღფრთოვანებული იყო ამ რომანით და დაწერა, რომ მან "ახალი სამყარო" აღმოაჩინა.

გრიგოლ რობაქიძის რომანი "გველის პერანგი" შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით დაიბეჭდა 1928 წელს გერმანიაში, იენში, დიდერიხსის გამომცემლობაში.

რომანის თარგმანისა და გამოცემის შესახებ დაწყებულმა მიმოწერამ საფუძველი ჩაუყარა ამ ორი მწერლის მეგობრობას. გრიგოლ რობაქიძის შტეფან ცვაიგისადმი გაგზანილი წერილები დაცული აღმოჩნდა ამერიკაში, ნიუ-იორკში, ფრედონის უნივერსიტეტის დანიელ რიდის ბიბლიოთეკაში, შტეფან ცვაიგის არქივში.

დღევანდელ სტატიაში მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდს რამდენიმე წერილიდან, რომლებიც გრიგოლ რობქიძემ ცნობილ ავსტრიელ მწერალს 1927 წელს გაუგზავნა. წერილები გერმანულიდან თარგმნა ნათია ფურცელაძემ.

1927 წელი. 25 მარტი.

"ღრმად პატივცემულო ბატონო!

გიგზავნით ჩემი რომანის "გველის პერანგის" გერმანული თარგმანის წინასიტყვაობას, რათა მისი საშუალებით დაახლოებით შეძლოთ წარმოდგენა ნაწარმოების ხასიათისა. ბუნებრივია - ის არ შეიცავს იმ ძარღვს, რომელიც "ამოკისა" ... და "გრძნობათა შფოთვის" ავტორის მახასიათებელია.

მასთან სულ მცირე "წვრილმანიც" კი უჩინარი ძაფით იხვევა ისე, რომ ეს წვრილმანი თანდათანობით სამუმად იქცევა და ძაფი ლარად, რომელიც გადმოტყორცნილია სამუმის მიერ, არ შეიცავს იმ დინამიკას, რომელიც ზუსტად არ იცი, სამუმი გლეჯს ლასოს თუ ლასო აცლის სამუმს თავს ან ორივე ერმანეთს გადახლართული, მკვდარივით გაქვავდება...

მე მჯერა, ჩემს რომანში თქვენ შენიშნავთ სულიერ ლანდშაფტებს, რომლებშიც ასე ჩანს, თითქოს არიან მსგავსნი და მშვიდნი, თუმცა შორიდან "უჩინარნი", წარმოდგენას გვიქმნიან ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე.

ჩემი თხოვნაა, მაჩუქოთ ერთი დღე ან საღამო (სწორედ რომ "მაჩუქოთ"), რათა ჩემი ნაწარმოები წაიკითხოთ და ამასთან, შეფასებისას იყოთ განსაკუთრებით მკაცრი - (იმედი მაქვს ლიტერატურული ეროსის, რომელიც თქვენში ასე უხვადაა) შეწყნარება სჭირდება მხოლოდ "ადამიანს", მაგრამ არა - "შემოქმედს".

პოეტური სიტყვა - ესაა მაგიური ტონი, რომელიც პირდაპირ ღმერთს მიემართება (ეს ჩემთვის არაა მეტაფორა). ამიტომ საჭიროა, აიტანო ცეცხლის გამწმენდი ძალა... და ჩემი რომანი თქვენი შეფასებისას ცეცხლის ამ ძალას გაუძლებს.

მინდა გთხოვოთ რამდენიმე სიტყვის დაწერა, რომელიც ძალიან მჭირდება ევროპული მკითხველისათვის. საქმე ეხება არა პოეტის ლიტერატურულ სახელს, არამედ ერთი პატარა აღმოსავლური ერის სულიერი მდგომარეობის გაცნობას ევროპელი ხალხებისათვის.

ლიტერატურული საქართველო ევროპაში სამოგზაუროდ როცა მაცილებდა, ერთი პოეტის შეკითხვაზე, უპირველესად ყოვლისა, ვის მივმართავდი, სხვა პოეტმა, ჩემმა შემოქმედებითმა ძმამ, ინტუიციური გულით ნათელმხილველივით, დაუყოვნებლივ წარმოთქვა: ბენებრივია, სტეფან ცვაიგს! ეს იყო ჩემი პასუხიც.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დამეთანხმებით და ზალცბურგში ჩამოსვლის ნებართვას დამრთავთ, შევძლებ, თქვენი პირადი გაცნობის ბედნიერებით დავტკბე".

1927 წელი, 15 სექტემბერი.

"საყვარელო ბატონო ცვაიგ!

 გუშინ თქვენგან ორი წერილი მივიღე. ამ წერილებმა დიდი სიხარული მომანიჭა. როგორ შემიძლია, თქვენდამი ჩემი გულითადი და პოეტური მადლიერება გამოვხატო?! ახლა დიდ ნაწარმოებს ვწერ. მას თქვენ გიძღვნით - პოეტს- ესეისტს, ადამიანს, სხვაგვარად ჩემი მადლიერების გამოხატვა არ შემიძლია.

ძალიან მახარებს, რომ ამჟამად მუშაობთ ვრცელ ესეზე ტოლსტოის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ისეთივე გენიალური იქნება, როგორიც თქვენი ესე დოსტოევსკიზე. ტოლსტოი და დოსტოევსკი განიხილეთ არა მხოლოდ "წმინდა ლიტერატურულად" (თითქმის ყველა საუბრობს მარტოოდენ მათი ცხოვრების ფილოსოფიაზე), არამედ, უპირველესად, თქვენ დაიწყეთ, თქვენ შეხედეთ ამ ავტორებს ლიტერატურულად. მოუთმენლად ველი ამ ესეს ხილვას.

ასევე ძალიან მახარებს, რომ ზამთარში რუსეთში გამგზავრება გსურთ. იმედი მაქვს, მოახერხებთ ჩემი სამშობლოს მონახულებას. თუ ვერ შეძლებთ, ეს ძალიან დამტანჯავს.

მსურს კიდეც, აქვე თქვენი მოგზაურობის გეგმის მონახაზი წარმოგიდგინოთ. მოსკოვიდან ვლადიკავკაზამდე რკინიგზით იმგავრებთ (დაახლოებით 40 საათს), ვლადიკავკაზში მე დაგხვდებით. აქედან ცნობილი სამხედრო გზის გავლით თბილისამდე მანქანით ვიმგზავრებთ (8 საათს).

თქვენ ნახავთ ბუნების ნამდვილ საოცრებას - საქართველოს მთებს, რომლებიც თავიანთი მცხოვრებლებით "რომანტიზმზე" გაცილებით მეტს ამბობენ, ვიდრე - მთელი ფრანგული ლიტერატურა.

შემდეგ თბილისში თქვენი ყოფნის პროგრამა: 1 დღე - წარმოდგენა დრამატულ თეატრში (ჩემი დრამა) თქვენ სცენაზე ნახავთ არა მხოლოდ "ფსიქოლოგიას", არამედ "ბიოლოგიას" ქართველისას.

2 დღე - თეატრალური წარმოდგენა ოპერის თეატრში (ქართული ორიგინალური მუსიკა). 3 დღე - ქართველ მწერალთა კავშირის ღია სხდომა (მე ვარ კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი კომუნისტი უნდა (?) იყოს) მე აქ მოხსენებას წავიკითხავ "სტეფან ცვაიგი - პოეტი-ესეისტი", წავიკითხავ რამდენიმე ნაწყვეტს "იერემიადან" ზაფხულში ეს მონაკვეთები ქართულად ვთარგმნე.

აქვე შევნიშნავ, "ამოკი" უკვე თარგმნილია). 4 დღე - ცნობილი ქართული ლხინი. თქვენ ნახავთ ჩვენს ცეკვას, მოისმენთ სიმღერებსა და ლექსებს - ერთი სიტყვით, გპირდებით, ღმერთი დიონისი გაცოცხლდება.

შემდეგ ჩვენი კათედრალები, ჩვენი ფრესკული მხატვრობა, ჩვენი მუზეუმები, ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი არქიტექტურა და უპირველესად ყოვლისა... ჩემი ძმები და მეგობრები, პოეტები. ეს გახლავთ ჩემი პროგრამა თქვენთვის. მე ვფიქრობ, "მიზნის პეტერონომია" გამრავალფეროვნდება".

1927 წელი. 27 სექტემბერი

"საყვარელო ბატონო ცვაიგ!

იოგენ დიდერიხსის გამომცემლობასთან ხელშეკრულება გავაფორმე, ეს მოხდა უეცრად, მოულოდნელად და სწრაფად. ბატონმა ფონ ფეზენდონკმა, ყოფილმა კონსულმა საქართველოში, დიდერიხსის გამომცემლობასთან მოლაპარაკება გამართა. რომანი გამომცემლობამ დიდი აღფრთოვანებით მიიღო.

მე გიგონებთ თქვენ და თქვენს რჩევებს, რომელებმაც ჩემი რომანი გადაარჩინა. თავად ნახავთ, ტექსტი როგორ ძლიერი და მიმზიდველი გახდა. რომანი 1928 წელს გაზაფხულზე გამოვა. ჩემი სანუკვარი სურვილია, რომ წიგნი მანამდე წაიკითხოთ, ვიდრე გამოვა.

გაზაფხულამდე, ვფიქრობ, გამოძებნით თავისუფალ დროს მანუსკრიპტის კიდევ ერთხელ თვალის გადასავლებად. გულწრფელად ვაღიარებ, ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, თუ რომანი თქვენი წინასიტყვაობით დაიბეჭდება და ასე მოევლინება სამყაროს...

ლიტერატურული საქართველო თბილისში უსაზღვრო აღფრთოვანებითა და სიხარულით გელოდებათ."

თქვენი ერთგული

გრიგოლ რობაქიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×