ია აბულაშვილი
31.08.2017

 როგორც ილია ჭავჭავაძის თანამედროვენი წერდნენ, როდესაც ილიამ "ოთარაანთ ქვრივის" დაწერა გადაწყვიტა, თავისი აზრი რამდენიმე ადამიანს გაუზიარა, მათ შორის პირველი იყო არტურ ლაისტი. დღევანდელ სტატიაში სწორედ არტურ ლაისტისა და იაკობ მანსვეტიშვილის მოგონებები გვინდა შევთავაზოთ მკითხველს იმაზე, როგორ დაიწერა "ოთარაანთ ქვრივი".

არტურ ლაისტი: ვგონებ, ეს იყო 1886 წლის შემოდგომაზე, როდესაც პოეტი ჯერ ისევ ახალ-ბებუთოვის ქუჩაზე ცხოვრობდა, ზუბალაშვილების სახლებში. ჟინჟლიანი დღე იყო, როცა ილიასთან შევედი. იგი თავის კაბინეტში იჯდა და როცა ჩემთან საუბარს მორჩა ახალ გერმანულ წიგნების შესახებ, უცებ მითხრა, "საინტერესო იდეა მაქვს მოთხრობისთვის. მან უნდა გადაგვიშალოს ქართველი გლეხებისა და უკანასკნელი დროის მამულიშვილთა ფისქოლოგია!" შემდეგ ილია თითქმის დაწვრილებით მომიყვა ახალი მოთხრობის ფაბულას, თანაც დასძინა, უკეთესი უნდა მოვიფიქროო.

მისი აზრი ძალიან მომეწონა. იგი თითქოს გაგრძელება იყო მისი აზრისა, "კაცია ადამიანში" და "გლახის ნაამბობში" რომ გამოსთქვა.

- ამ მოთხრობით თქვენ დაამტკიცებდით, რომ თქვენი იდეები ქართველი ერის ზნეობრივ სიმაღლისა მეტად მწყობრად მიმდინარეობს-მეთქი.

- ჰო, პირველ მოთხრობაში მე ვიბრძოდი გლეხების ნივთიერი გათავისუფლებისათვის, ამ მოთხრობაში კი მე მინდა გავლენა მოვახდინო მის ზნეობრივ თავისუფლებაზე - დასძინა ილიამ და ვრცლად შეეხო მაშინდელ ქართველი გლეხის ყოფა-ცხოვრებას, მის ზნეობის სისპეტაკესა და პატიოსნებასაც.

რაც უფრო ბევრს ლაპარაკობდა ილია, მით უფრო ტკბილი ხდებოდა მისი ნათქვამი და ჩემთან ლაპარაკში მრავალგზის დაუყენებია ქართველი გლეხის ზნეობა, ეგრეთ წოდებული განათლებული ერების ზნეობაზე მაღლა.

ამ საუბრის მერე ილია რამდენიმე დღეს აღარ ლაპარაკობდა თავის მოთხრობაზე, მაგრამ ერთხელაც, შაბათ დღეს, როცა მე შეველ ილიასას, მისმა მეუღლე ოლღამ გადმომცა, ილიამ დაიწყო რაღაცის წერა და მთხოვა - ჩემთან ნურავის შემოუშვებთო. უკვე წასვლა დავაპირე, რომ ილიას ჩემი ხმა გაეგონა. კაბინეტის კარი გააღო და დამიძახა: - გუშინ საღამოს ჩემი მოთხრობის წერა დავიწყეო - მითხრა და მაჩვენა რამდენიმე ფურცელი წვრილად ნაწერი: - თავი სულ მთლად მზადა მაქვს და ახლა შეუწყვეტლად შევუდგები წერას.

ასეც მოხდა, ხუთი დღისა და ღამის განმავლობაში ილიამ დაასრულა "ოთარაანთ ქვრივი", რის შემდეგაც მხოლოდ მეთაურებსაღა წერდა "ივერიისათვის".

ასეთივე საინტერესო მასალას გვაწვდის "ოთარაანთ ქვრივის" დაწერის ისტორიაზე იაკობ მანსვეტიშვილი.

"ილია დიდხანს ინახავდა კალთის ქვეშ ამოფარეუბლს თავის პირმშო შვილებს და მანამ ასაკის ხანაში არ შევიდოდნენ, არ იმეტებდა მათ საქვეყნოდ გამოშვებას, როგორც ჩიტი ბუდიდან არ გაუშვებს და არ დააფრენს თავის ბარტყებს, ვიდრე მაგარ ფრთებს შეასხამენ. რაკი ეს ერთი ნავსი გავტეხეთ, ახლა უფრო მეტი გაბედულება მოგვეცა, ილიას მოსვენებას არ ვაძლევდით, გვინდოდა, რომ ივერიისთვის მოთხრობა მიეცა. იმისთვის ეს ძნელი იყო, რადგან ვიცოდით, რომ ჩანასახად უკვე აქვს დაწყებული მოთხრობა, რომლისთვისაც წინათ განზრახვა ჰქონია, მგონი "გიორგი" ეწოდებინა სახელად, მერე კი "ოთარაანთ ქვრივი" დაარქვა.

ერთს მშვენიერ და საქართველოსთვის დიდად სასიამოვნო დღეს, ილია ჩვეულებრივ ხალათში გამოეწყო, თავზე ფეხი მოიგდო, ჩაიკეტა კაბინეტში და პირიდან განუგდებელი პაპიროსით მიუჯდა მაგიდას. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის რედაქციის ყველა თანამშრომელი მოწმენი იყვნენ ამ შემოქმედების პრცესისა. ილია ხანგამოშვებით წაგვიკითხავდა დაწერილს, რაც უკვე გათავებული ჰქონდა. თითქოს უნდოდა სხვებისთვისაც გაეზიარებინა ის შთაგონება და აღფრთოვანება, რომელსაც მუშაობის დროს ჰგრძნობდა, სხვებსაც გამოეწვია ეს აღფრთოვანება და ამ გზით მეტი ღონე მოეკრიბა, ფრთები შეესხა თავისი აღფრთოვანებისთვის. შემოქმედებითი ძალა გააელვარებინა.

ამასობაში გაიარა ერთმა თვემ და იშვა ის მოთხრობა, რომელსაც "ოთარაანთ ქვრივი" ეწოდება სახელად. შობილს მონათვლა უნდოდა, განუყრელი, უცვლელი ნათლია ილიას ნაწარმოებისა დავით სარაჯიშვილი იყო. იმდენად გულუხვი, პატივისმცემელი ნათლია, რომ ნათლობასაც თვითონ იხდიდა თავის სტუმართმოყვარე სახლში. ასე იყო მონათლული "განდეგილი" და ამ წეს-რიგს არც ახალა გადაუდგა სარაჯიშვილი.

საღამოს რვა საათი იქნებოდა. სარაჯიშვილის ფართო, მდიდრულად მოწყობილ სახლში, სოლოლაკში, დიდძალ ქართველობას მოეყარა თავი. იქ იყვნენ "ივერიის" ყველა თანამშრომელნი. ქართველი მწერალნი და საზოგადო მოღვაწენი. მათ შორის იყვნენ მოხუცებული პოეტი რაფიელ ერისთავი, ნიკო ნიკოლაძე, ივანე მაჩაბელი, პეტრე უმიკაშვილი, გრიგოლ ვოლსკი, საუცხოო მცოდნე ქართული ენისა, პოეტი და საზოგადო მოღვაწე და კიდევ ბევრნი სხვანი.

ილიამ წაიკითხა თავისი მოთხრობა. უნდა ითქვას, სხვათა შორის, რომ ილია კაი მკითხველი იყო, თუმცა ხმა ცოტა მოყრუო ჰქონდა. კითხვა გათავდა, ჩამოვარდა სიჩუმეი- ილია აღგზნებული სახით აქეთ-იქით იყურებოდა.

თუ ხსოვნა არ მღალატობს, პირველად ხმა ამოიღო გრიგოლ ვოლსკიმ და სთქვა: მაგ მოთხრობას მე "ოთარაანთ ქვრივს" კი არა "ობოლ მარგალიტს" დავარქმევდიო. ქვრივი როგორც ტიპი ჩამოსხმულია, გამოქანდაკებული. ენა ხომ ისეთია, რომ აქ ილიამ თითონ ილიას გადაამეტა, ერთი სიტყვით, მოთხრობა მხატვრობით, ფერადების სიუხვით, ნამდვილი ქართული მოსწრებული სიტყვა-პასუხით, მშვენიერი, შეუდარებელი. მხოლოდ გიორგის დიდბუნებოვნება, მისი სულიერი დიადობა არ სჩანს. ახლა წამოდგა ნიკო ნიკოლაძე და ესეც კესოს გამოესარჩლა. ზოგმა დაუწუნა ილიას "გიორგის სიკვდილი".

ასე გაშმაგებით იცოდა მუშაობა, გაათავებდა მუშაობას, გამოვიდოდა თავის დროებით საპყრობილედან და ვინ იცოდა, რომ რამდენიმე დღე უსმელ-უჭმელი ყოფილა, უძილოდ გაუტარებია - ისეთი მხიარული, ჯანსაღი სახით გამოიყურებოდა. ვინ არ შენატრებდა, ვის არ შეშურდებოდა. გაათავებდა წერას, მიატოვებდა კალამს და მთელი კვირაობით აღარ დაუბრუნდებოდა საქმეს. გადაიცვამდა თავის ჭრელ ხალათს, დაიხურავდა თავის ფესს და ჩაიკეტებოდა ისევ თავის კაბინეტში, მხოლოდ არა მუშაობისთვის, ისე წამოწვებოდა მხართეძოზე, აიღებდა ხელში გაზეთს და მიეცემოდა აზიურ ფარ ნიენტეს, ჩვენებურად რომ ვთქვათ - განცხრომას, ზარმაცობას. მაგრამ ესეც არ გაგრძელდებოდა დიდხანს, ისევ ეწვეოდა ის ნეტარი წუთები და ილიაც დანებდებოდა იმ წუთებს. კვლავ შეიკეტებოდა თავის კაბინეტში..." - იხსენებდა იაკობ მანსვეტიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×