სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    17.07.2017

     მეჩვიდმეტე საუკუნე საქართველოს არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდია. კონსტანტინოპოლის დაცემიდან ორი საუკუნეა გასული, წარსულს ჩაბარდა ქვეყნის დიდება, მსოფლიო ბატონობაზე ფიქრი. უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ ადგილს, რომელზეც გავლენის მოპოვებას მსოფლიო იმპერიები ოცნებობდნენ, მხოლოდ რეგიონული ინტერესი თუ შემორჩა.

    მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო, საქარავნო გზის გაუქმებამ რადიკალურად შეცვალა საქართველოს ცხოვრებაცა და ყოფაც. ჩაკეტილმა სივრცემ თავისი კვალი დააჩნია ყოველდღიურობას, დანაწილებული საქართველოს კუთხეები ერთმანეთთან შუღლითა და ომით ერთობიან.

    და ამ რეალობაში გამორჩეულად იკვეთება ლევან მეორე დადიანის პერსონა. ადამიანი, რომლის დრამატული, მრავალფეროვანი ისტორიების აღწერასაც შექსპირის დონის შემოქმედი თუ მოერევა მხოლოდ.

    უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, რომ ამ ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ყველა სამთავრო თუ სამეფო ერთმანეთს ემტერება, ლევან მეორის ამბიცია სრულიად საქართველოს გაერთიანებასაც სწვდება, ამას აშკარად მიანიშნებს კასტელი.

    ბუნებრივია, ამ რეალობისას დადიანის საერთო ქართული და ეროვნული შეგნება არაფერ შუაშია, ის ჩვეულებრივი ფეოდალია, ჩვეულებრივი, კლასიკური ფეოდალური მენტალიტეტით, თუმცა მისი ფიქრი მთელ საქართველოს სწვდება იმიტომ, რომ მასში ბაგრატიონთა სისხლი ჩქეფს და ერთიანი საქართველოც მისთვის განსაკუთრებული სამიზნეა, როგორც დაპყრობის ობიექტი და არა როგორც ერთიან საქართველოზე დამაშვრალი კაცის დარდი.

    ლევანი, როგორც სამეგრელოს მთავარი, ყველაფერს იყენებს მიზნის მისაღწევად - ინტრიგებსაც და ლოკალურ სამხედრო დაპირისპირებებსაც, ბუნებრივია, ამას ქართველთა სისხლისღვა ახლავს თან, ამიტომაცაა საკმაოდ მკაცრი და პირუთვნელი ვახუშტი ბატონიშვილი დადიანის შეფასებისას: "რამეთუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის-მომხსენე და იმარჯვებდა ჟამთა..."

    როგორ ყალიბდებოდა ლევან დადიანის მენტალიტეტი

    სამეგრელოს მთავარი პაპამისის, კახეთის მეფის, გამჭრიახი და გონიერი ხელისუფლის - ალექსანდრე მეორის კარზე იზრდება. ლევანს დედა ადრე გარდაეცვალა და ალექსანდრემაც სიძის თანხმობით თავისთან წაიყვანა პატარა ლევანი. გრემში, კახეთის სამეფო კარზე ყალიბდება მისი პიროვნული თვისებები, იმ საზარელი მოვლენების ფონზე, რაც ამ დროს კახეთში ვითარდება. 1605 წელს ძეგამში დატრიალებული ტრაგედია შავ ლაქად შერჩა საქართველოს ისტორიას.

    სწორედ ამ უმძიმესი სურათის, პაპამის ალექსანდრესა და ბიძამისის მკვლელობის თვითმხილველია ლევანი, იმ დრამატული სპექტაკლის თვითმხილველი, რომელიც სეფიანთა მბრძანებელმა შაჰ-აბასმა დაგეგმა.

    აქ ყველაფერია მის თვალწინ - ღალატიც, ორპირობაც, თვალთმაქცობაც, გაუტანლობაც... ასეთი ზნეობრივი პოსტულატების შემყურე ალბათ რთულია, სხვაგვარი მენტალობის ადამიანად ჩამოყალიბებულიყო სამეგრელოს მომავალი მთავარი.

    იტალიელი მისიონერის თვალით დანახული ლევან დადიანი

    და მაინც, სწორედ ამ რეალობაში იქმნება ლევან დადიანის სახება, რასაც აღფრთოვანებაში მოჰყავს არაერთი უცხოელი. მაგალითისთვის იტალიელი მისიონერის - არქანჯელო ლამბერტის დახასიათებაც საკმარისი იქნება:

    "ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და ჩვენის საუკეთესო მასწავლებლებისაგან რომ სწავლა-განათლება მიეღო, ვერც ერთი მთავარი ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით შეუთვისებია მას მარად საქებარი ზნე- ჩვეულება. უსაქმურად მისი ნახვა შეუძლებელია. პირიქით, მუდამ დაუღალავად შრომობს და ყოველთვის მზად არის ყოველგვარის ვარჯიშობისთვის. ლაშქრობაში ჩქარია, ჩუმი და მხნე. ამიტომ ყოველ ომში იმარჯვებს. მეხსიერება ისეთი ძლიერი აქვს, რომ დავიწყება რა არის, არც იცის. ხომ მრავალი მოლაპარაკება აქვს სხვადასხვა საქმის გამო, მაგრამ ყოველის მოლაპარაკების და ხელშეკრულების უმცირესი სიტყვაც კი გაახსენდება ექვსის და შვიდის წლის შემდეგაც."

    რატომ ვერ შებღალა დადიანის დასავლურმა ვექტორმა მართლმადიდებლობა

    ლევან დადიანს საოცარი დიპლომატიური ნიჭი ჰქონდა, ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება საქართველოს ისტორიაში ხელისუფალი, ვისაც მსგავსი ფილიგრანული დიპლომატიური ხერხები გამოეყენებინოს. არადა, ეს ის დროა, როცა, ობიექტურად, ამ რეალობამ შედეგი ნაკლები უნდა მოიტანოს. ფაქტია, რომ ლევან დადიანი ასცდა ეპოქას, მას სხვა ეპოქაში რომ ეცხოვრა, მისი მიზნის მიღწევის რეალობა უფრო დიდი იქნებოდა.

    პოლიტიკური ურთიერთობის დათბობისათვის დადიანი არაფერს იშურებს, ყველაფერზე წამსვლელია - როგორც მიხეილ თამარაშვილი უთითებს, მან კათოლიკობაც მიიღო რომის პაპის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და მიაღწია კიდეც შედეგს. თუმცა საგულისხმოა, რომ კათოლიკობა მას სჭირდება როგორც პოლიტიკური იარაღი დასავლეთთან დასაახლოებლად, ეს აშკარად ჩანს მის ქმედებაშიც - კათოლიკობა ხელს ვერ უშლის ლევანს, ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ტაძრებს მიხედოს სამეგრელოში და ასევე იერუსალიმის ქართულ სავანეზეც იზრუნოს.

    როგორ მოაწყო დადიანმა საკუთარი სამთავრო

    მართალია, რომი ზუგდიდიდან შორია, მაგრამ იმ პოლიტიკურ თამაშში, რომლის ნაწილადაც სრულიად მართებულად გრნობს თავს ლევან დადიანი, დასავლეთის ვექტორი შეუცვლელია. სწორედ დასავლეთის გამოცდილებას იყენებს შესაფერისი შეიარაღების შექმნისთვის.

    დადიანი ხედავს, რომ მის პოლიტიკურ ამბიციას შესაფერისი ძალაც სჭირდება, ამიტომაც სამეგრელოს მთავარი დიდ ყურადღებას აქცევს სამხედრო საქმეს. დასავლეთევროპელებთან აქვს მუდმივი კონტაქტი და სწორედ ამას იყენებს სათავისოდ. მას აქვს არტილერია, სწორედ ფრანგებს ჩამოასხმევინა 30 ზარბაზანი. გარდა ამისა, მისი მოლაშქრეები აღჭურვილნი არიან თოფებით, მუდმივად გადიან წვრთნას.

    დასასრული

    და იწყება კიდეც ის პროცესები, რაც მიანიშნებს, რომ დადიანის ამბიცია რეალურია. ლევანი ცდილობს, საკუთარ სამთავროს სახელმწიფოს ნიშნები ჰქონდეს, უმთავრესი ნიშანი კი ფულის ერთეულია. ზუგდიდში მან ზარაფხანა დააარსა, სადაც სპარსულ ფულს ჭრის. დადიანს აქვს იშვიათი უნარი, დაინახოს სახელმწიფოებრივი განვითარების რეალური გზები, ის, რისი დანახვა და აღიარებაც სხვა ხელისუფალთ ნამეტნავად უჭირთ. ეს ვაჭრობის განვითარებაა. ვაჭრობა ქართულ სამყაროში მაინცდამაინც პოპულარობით არ გამოირჩევა, ქართული შუასაუკუნეების რაინდული ყოფა ალმაცერად უყურებს ამ ხელობას, არადა, ვაჭრობის განვითარების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა.

    განსაკუთრებულ პერსპექტივას სახავდა დადიანის იდეა, ირანული აბრეშუმი ევროპაში სამეგრელოს გზით გასულიყო. სავაჭრო-სატრანზიტო მნიშვნელობა ამ რეგიონს სულ სხვა მასშტაბებსა და პერსპექტივებს შესძენდა.

    ლევანმა დასძლია ქართული სტერეოტიპი და ეკონომიკური განვითარებისათვის, გადაწყვიტა, რუხში სომეხი და ებრაელი ვაჭრები ჩამოესახლებინა. ვაჭრობის განვითარება ვერ ჰგუობს არეულობას და ქაოსს, ამაზეც ფიქრობს დადიანი და საგანგებო ზომებს იღებს ქურდობის აღსაკვეთად და მართლმსაჯულების განსამტკიცებლად.

    დადიანს არ ავიწყდება კულტურაც. ის აარსებს საოქრომჭედლო სახელოსნოს, სადაც ქართული ჭედურობის არაერთი საინტერესო ნიმუში იქმნება. ლევანი გამორჩეულად პატრონობს ოდიშის თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერს.

    არის ცნობა, რომ ლევანმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს ჯერ ვალები გადაუხადა, შემდეგ კი მისი რესტავრაციისათვისაც იზრუნა. სწორედ დადიანის წყალობით იქმნება რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი საინტერესო, მამუკა თავაქარაშვილისეული ხელნაწერი.

    როგორ ყალიბდებოდა დადიანის ფილიგრანული დიპლომატია

    ეს ის დროა, კავკასიაზე სამ უდიდეს ძალას რომ დაუდგამს თვალი - ირან-ოსმალეთის ჭიდილი რამდენიმე საუკუნეს ითვლის, ორი ათეული წელია, მათ ერთმორწმუნე ჩრდილოელიც ეცილება. რომი და საფრანგეთი განზე დგანან და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან რამდენიმე საუკუნეა, ელჩობა ელჩობაზე იგზავნება, დასავლეთს არაფერი ეყურება, უფრო სწორად, ეყურება ის, რაც ხელს აძლევს - რომ საქართველოს თურმე ეზედმეტება მართლმადიდებლობა და კათოლიკობის ქადაგებას გვთხოვენო.

    ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად აქვს გააზრებული დადიანს და ურთულეს საერთაშორისო ვითარებასაც ხელსაყრელად იყენებს - ურთიერთობა აქვს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის სამივე ქვეყანასთან, რომლებიც კავკასიით არიან დაინტერესებული. საცნაურია ისიც, რომ სამივე ქვეყანა პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობა დადიანს, რამდენადაც ყველას თავისი მიზნები აქვს და ამ მიზნებში სამეგრელოსა და მის მთავარს ერთ-ერთი მნიშვნლოვანი ადგილი უკავიათ.

    თურქებთან გამორჩეული ურთიერთობა აქვს, ყველაფერს აკეთებს, რომ იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო არ გააღიზიანოს და დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელოსადმი ინტერესი დაუკარგოს.

    პირველი, რასაც აკეთებს, შლის იმ მექანიზმს, ოსმალებთან ტყვეებით ვაჭრობისას რომ ააწყვეს მისმა წინაპრებმა. საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს თურქეთის სულთანთან. საინტერესოდ მოგვითხრობს იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი იმ პრინციპის შესახებ, ლევანს რომ შეუმუშავებია მეზობელ თურქეთთან ურთიერთობისათვის.

    თურქეთი ესაზღვრება იმ ტერიტორიებს, დადიანი რომ განაგებს, ამიტომაც იცის ლევანმა, რომ ხონთქარი კავკასიაში ფეხის მოკიდებისათვის შეეცდება ოდიშის დაკავებას. ამიტომაც ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ინტერესი გაუნელოს.

    საკმაოდ ხშირად მოდიან მის კარზე თურქეთის ელჩები და ლევანიც ერთნაირად იქცევა - საზღვართან კაცს ახვედრებს, იცავს დიპლომატიურ ეტიკეტს და მთავრის სასახლემდე ჭაობიანი, რთულად მისასვლელი გზით ატარებს. რაც მთავარია, ვითომ სასახლეც წინასწარაა შემზადებული. საკმაოდ ღარიბული ოდა, სადაც წვიმა ჩამოდის და მასპინძლობაც დიდად შესაფერისი რომ არაა.

    წორედ ასეთი გზით უქმნის დადიანი თურქ ელჩებს განწყობას, რომ სამეგრელოს სამთავროს მათთვის არანაირი ინტერესი არ ჰქონდეს. საგულისხმოა, რომ იმდროინდელი მწირი, მიზერული კომუნიკაციებისას ეს ხრიკი შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

    დადიანს საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა აქვს რუსეთთან. რუსეთს კონკრეტული გეგმები აქვს თურქეთთან მიმართებით და სწორედ ამიტომაც იღებენ კრემლში დიდი პატივით დადიანის წარმომადგენელს. ეს 1626 წელია, რუსეთის მეფე მიხეილ თეოდორეს ძესთან გაბრიელი ჩადის დადიანის დანაბარების გადასაცემად.

    ბუნებრივია, გაბრიელმა ის საკითხები უნდა დასვას, რაც მოსკოვს აინტერესებს. ოსმალეთთან დაპირისპირება ჯერ კიდევ ვერაა ისე მძლავრად დღის წესრიგში, თუმცა სამხრეთით ზღვაზე გასასვლელის მოპოვებაზე ფრაგმენტულად ფიქრობენ კრემლში. ამიტომაც ლევანის შეთავაზება, რუსეთის მფარველობაში შევიდეს სამეგრელო, მიმზიდველია ჩრდილოელი მეზობლისათვის.

    გაბრიელი მიხეილ თევდორეს ძეს არწმუნებს, რომ დადიანი საქართველოში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, ხარკს არავის უხდის და რომ მის სამთავროში ხუთი ქვიტკირის ქალაქია.

    თუმცა ეს ყველაფერი შორეული პერსპექტივაა და ლევანი ამაზე ნაკლებად მოცდება. რეალურად, ეს ელჩობა იმ მიზანს ისახავს, რომ რუსეთმა აღკვეთოს კაზაკების თარეში სამეგრელოს ზღვის სანაპიროებთან, რამდენადაც ოსმალეთთან ვაჭრობას უშლის ხელს.

    და ბოლოს რჩება ირანი - შაჰ-აბასი ლევანს ერევანში უხმობს. აშკარაა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შესთავაზოს სეფიანმა დადიანს. წინასწარ ხვდება ლევანი, რა უნდა იყოს აბასის სათხოვარი, თავადაც ალაგებს დიდ გეგმებს სამომავლოდ.

    არც გაემტყუნება, რადგანაც, როგორც კასტელი ამბობს, დადიანის ფიქრი "საქართველოს იმპერატორობას" დასტრიალებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ჯონჯი   (19.07.2017)
    გაგრძელება?


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter