სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    17.07.2017

     ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქსოვილებისა და ნაქარგების განყოფილებაში სამი კრეტსაბმელია დაცული, სამივეზე ამოქარგულია "იესეველთა საგვარეულო ხე", რომელიც თემატურად წინასწარმეტყველთა იკონოგრაფიასა და ღვთისმშობლის პირველსახესთანაა დაკავშირებული. დღევანდელ სტატიაში ამ სამი ისტორიული ძეგლიდან მხოლოდ ერთზე, ქეთევანისეულ კრეტსაბმელზე, გვინდა, მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ, რომელიც სიონის ტაძრის აღსავლის კარის ფარდა იყო. ეს უძველესი რელიკვია, ოქროსა და ვერცხლის მჭიდით ნაქარგი საკურთხევლის გადასაფარებელი, მე-19 საუკუნეში აღდგომის წინა დღეს სიონის ტაძრიდან მოიპარეს.

    "მუზეუმში დაცულ ქეთევანისეულ კრეტსბმელს, რომელიც ადრე სიონის ტაძრის აღსავლის კარის ფარდა იყო, საინტერესო ისტორია აქვს. ეს ფარდა შუა აზიაში ერთმა სომეხმა ვაჭარმა იყიდა და თბილისში ჩამოიტანა, მელიქ-აზარიანცის მაღაზიაში დადო გასაყიდად. როგორ მოხვდა ეს ნაქარგი გერმანიაში, გაურკვეველია. 1937 წელს ეს ფარდა აკაკი პაპავამ გერმანელი დოქტორ ჰოპპის დახმარებით და ექვთიმე თაყაიშვილის რეკომენდაციით შეიძინა. დღიდან შეძენისა, თამარ და აკაკი პაპავები დიდი სიყვარულითა და ზრუნვით უვლიდნენ ამ ნაქარგობას. მათი გარდაცვალების შემდეგ მათმა შთამომავლებმა, ანდერძის თანახმად, 1987 წელს რეზო თაბუკაშვილის მეშვეობით სიონის ტაძარს დაუბრუნეს; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იგი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს მიაბარა შესანახად," - ასე იხსენებს ამ ამბავს ხელოვნებათმცოდნე მზისთვალა კეცხოველი ერთ-ერთ წერილში.

    როგორც ხელოვნებათმცოდნე ამბობს. ფარდის არშიის ზედა და ქვედა მხარეზე ერთი და იგივე წარწერაა, რომელიც სხვადასხვა ხელითაა ამოქარგული. წარწერა გვამცნობს: "შენ ძითურთ იესესით აღყვავებულსა მაგას ქალწულსა დედასა მხსნელისასა ტფილისს სიონსა ღვთისმშობელს გიძღვნი მეცა ქვრივი ვითარცა მწლულილსა დედა ქსნის ერისთავის დავითისა ქეთევან ფარდასა ამას საოხად სულისა მისისა და ძეთა მისთა აღსაზრდელად. აგვისტოს 14 წელსა 1773."

    ქეთევანისეულ კრეტსაბმელზე მოცემულია "იესეველთა საგვარეულო ხის" იკონოგრაფიული ტიპი. ყველა წმინდანს თავზე განსხვავებული გვირგვინი ადგას. არც ერთ წმინდანს წარწერა არ აქვს. როგორც ხელოვნებათმცოდნე ვარაუდობს, ესენი არიან მეფეები - სოლომონი, დავითი... ფარდის გვერდებზე სამი წმინდანია გამოსახული. წმინდანებს ცალ ხელში სახარება უჭირავთ. მთლიან კომპოზიციას გარს უვლის განიერი, ცისფერ ატლასზე დაქარგული ყვავილოვანი ორნამენტი, რომელსაც ორივე მხარეს ვიწრო ორნამენტული ზოლი გასდევს მაყვლის ყვავილებით.

    "ღვთისმშობლის გამოსახვა ყრმით მის სიწმინდეს, უბიწო მუცლადღების საიდუმლოს განასახიერებს, რაც დაკავშირებულია ღვთის განკაცება- განსხეულების საიდუმლოებასთანაც. ამ კრეტსაბმელზე ძველი აღთქმის მამებისა და სამსხვერპლოს გამოსახვით ნაჩვენებია აგრეთვე ის მსხვერპლი, რომელიც მაცხოვარმა გაიღო ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად"- ამბობს მზეთვალა კეცხოველი ერთ-ერთ ინტერვიუში.

    როგორ მოხვდა უნიკალური ძველი ფარდა პაპავების ოჯახში

    მეოცე საუკუნის ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან თამარ და აკაკი პაპავები, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით უცხოეთში სხვადასხვა დროს მოხვედრილი ეროვნული სიწმინდეების შენახვა - დაცვის საქმეში. მათი გადმოცემით, ამ ფარდის ისტორია ასე ყოფილა.

    "1936 წელს ჩვენ ჰამბურგიდან ბერლინში - ლიტერ ფელდში, ჩვენს სახლში გადავბარგდით. ჩვენი სახლის კარები ყველა მეგობრისთვის ღია იყო და ხშირი სტუმრები არ დაგვკლებია, როგორც ქართველები, ისე უცხოელები. ამ უკანასკნელთა შორის იყო ერთი დოქტორ ხოპპ, რომელსაც საქართველოზე ბევრი წაუკითხია. ეს უცხოელი კულტურული კაცი იყო ჩვენის წარსულით დიდად დაინტერესებული. ერთ მშვენიერ დღეს ამ დოკტორმა ხოპპმა აღელვებით გვაუწყა, რომ მისი პაციენტის ერთი მეზობელი კავკასიელი (სომეხი) გარდაიცვალა და მისი მეუღლე, გერმანელი ქალი, ზოგ დარჩენილ კავკასიურ ნივთებს ჰყიდისო" - წერს ერთ-ერთ წერილში თამარ პაპავა.

    დოქტორმა ხოპპმა ერთ-ერთი გასაყიდი ფარდაგი თურმე ქართულად მიიჩნია და სულ მალე პაპავები, გრიგოლ რობაქიძე, მიხაკო წერეთელი და ვიქტორ ნოზაძე სომეხი კოლექციონერის ქვრივს ესტუმრნენ. ფარდაგი მართლაც ქართული აღმოჩნდა. სასწრაფოდ ფოტო გადაუღიათ და საფრანგეთში ექვთიმე თაყაიშვილს გაუგზავნეს, რათა გაერკვიათ მისი წარმომავლობა. ექვთიმეს პასუხმა დააგვიანა, მაგრამ პაპავებმა მაინც გადაწყვიტეს, ეს ფარდა შეეძინათ. ექსპერტ-კოლექციონერებს 25 ათას დოლარად შეუფასებიათ, რაც იმ დროს საოცრად დიდი თანხა იყო.

    ამასობაში ექვთიმე თაყაიშვილის პასუხიც მოსულა: "თქვენ მიერ ნაპოვნი სიონის ტრაპეზის ნაქარგი გადასაფარებელი ფრიად საყურადღებოა და მისი ხელიდან გაშვება შეუძლებელია... ეს განძი დიდი ხელოვნებით არის შესრულებული, ქსნის ერისთავის - იესე ყოლარაღასის მეუღლის, ქეთევანის, მიერ, რომელიც იყო ასული მეფე თეიმურაზ მეორის დის - მაკრინესი და მამიდაშვილი ჩვენის სახელოვანი მეფის, ერეკლე მეორისა."

    პაპავებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ ეს უნიკალური ფარდა როგორმე შეეძინათ. "დოქტორ ხოპპმა მოლაპარაკება გააცხოველა და დიდი მოხერხებითაც ჩაატარა, რის შედეგადაც შედარებით დაკლებულ ფასში ფარდა ვითომ თავისთვის შეიძინა და შემდეგ ჩვენ გადმოგვცა. ჩვენი და ყველა ჩვენი მეგობრის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა..." - წერდა თამარ პაპავა.

    მეორე მსოფლიო ომის წინ, 1939 წელს, ფარდაგი პაპავებმა ჰამბურგის ერთ-ერთ ბანკში მიაბარეს. 1943 წელს ჰამბურგზე საჰაერო თავდასხმის შედეგად ბანკი დაიწვა, თუმცა ის სეიფი, სადაც ქართული ფარდაგი ინახებოდა, სასწაულად გადარჩა. პაპავებმა ფარდაგი სასწრაფოდ გამოიტანეს ბანკიდან, ამის შემდეგ კი სადაც უნდა წასულიყვნენ, ამ უნიკალურ ნივთს თან დაატარებდნენ. 1949 წელს, როდესაც არგენტინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ეს ეროვნული განძიც თან წაიღეს.

    "ჩვენი იდუმალი ოცნება იყო, თუ ოდესმე ბედი გაგვიღიმებდა და განგება სამშობლოს ხილვას კვლავ გვაღირსებდა, ეს განძი თბილისში თან ჩაგვეტანა და უკან დაგვებრუნებინა სიონისთვის, რომელსაც იგი ეკუთვნოდა. ამის გამო ჩვენ გვსურს ამ განძის შესახებ ყველას ვამცნოთ ეს ჩვენი წადილი იმ იმედით, რომ თუ ჩვენ ვერა, სხვებმა მაინც ეს განძი ჩვენის სახელით საქართველოში ჩაიტანონ და სამშობლოს არ დაუკარგონ" - წერია თამარ და აკაკი პაპავების ანდერძში.

    პაპავების ეს ოცნება ასრულდა და 1987 წელს რეზო თაბუკაშვილმა ეს უნიკალური ნივთი არგენტინიდან საქართველოში ჩამოიტანა და სიონის ეკლესიას გადასცა. თუმცა ამას წინ ერთი არასასიამოვნო ამბავი უძღოდა, რომელიც რეზო თაბუკაშვილს არგენტინაში საბჭოთა საელჩოში გადახდა.

    ნივთი რომ გამოეტანებინათ, იგი წესების თანხმად უნდა გაფორმებულიყო. არგენტინაში საბჭოთა საელჩოში მისულ რეზო თაბუკაშვილს ელჩის მოადგილემ ფარდა დაატოვებინა და უთხრა, რომ მეორე დღეს მიეკითხა, რადგან გაფორმებას დრო სჭირდებოდა. მეორე დღეს რეზო თაბუკაშვილი მისულა საელჩოში და მის გაოცებას საღვარი არ ჰქონია. ლამის გაგიჟდა, როცა ელჩის მოადგილემ უთხრა, რომ ფარდაგი რაისა გორბაჩოვასთვის უნდა გადაეცათ. ისე აღელვებულა, რომ ეცა თურმე ელჩის მოადგილეს და უთხრა: "მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს, ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, ისეთ ამბავს ავტეხ, მთელი მსოფლიოს პრესას გავაგებინებ, როგორ იწყებთ პერესტროიკას..."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter