სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას"
    გვანცა ღვედაშვილი
    19.06.2017

     მერიამ პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე გამოყო - როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება და ყველაფერი 10 სექტემბრამდე დასრულდება. თუმცა ექსპერტების ნაწილი ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს.

    როგორც "მთელ კვირასთან" საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, საეჭვოა, პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდეს, რადგან მერია ყველანაირად ეცდება, პროცესი არჩევნებამდე გაწელოს.

    მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის დასაწყისში დასრულდეს. პროექტის ოპერატიული მართვა 26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან მოხდება.

    "ჩატარდა სამუშაო შტაბის სხდომა, სადაც მივიღეთ ოპერატიული გადაწყვეტილებები. აღნიშნულზე დაყრდნობით, დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად, მოძრაობა გახდა ცალმხრივი. ამაღამვე დაიწყება გზის დაზიანებული საფარის მოხსნის სამუშაოები. ხვალ დილიდან კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დაიწყებს მუშაობას.

    "მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადაადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. გეგმა-გრაფიკის მიხედვით, პროექტი, მაქსიმუმ, 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მერის თქმით, პროექტი მაქსიმალურად ხარისხიანად და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს. "რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ", - აღნიშნა თბილისის მერმა.

    საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი პეკინის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას მიესალმება, თუმცა მერიას საზოგადოების არაინფორმირების გამო აკრიტიკებს და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მოსახლეობას პეკინის გადაკეტვის პერიოდში ელის.

    "რამდენიმე სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, საცობები, რაც პეკინის გადაკეტვას მოჰყვება, არის ეკონომიური ზარალი, რადგან საცობში ვხარჯავთ დროს და დამატებით საწვავს.

    "აქვე აღსანიშნავია, რომ საცობების გამო სამაშველო სამსახურებს გაუჭირდებათ დროული რეაგირება და, რაც მთავარია, იმ მოსახლეობისთვის დახმარების დროული აღმოჩენა, რომელთაც ეს სჭირდებათ.

    "პეკინის გამზირის გადაკეტვა არ არის მხოლოდ ერთ ქუჩასთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ამით, რეალურად, მთლიანად საბურთალოს მოსახლეობის ცხოვრება შეიცვალა. ადამიანებს, რომლებიც ათეულობით წელი ერთი და იმავე მიმართულებით დადიოდნენ, ერთ დღეს უთხრეს, რომ მათ სხვა გზით უნდა იარონ.

    "არ იყო საკმარისი საინფორმაციო კამპანია, ის, რაც მერიამ გამოაქვეყნა, არის თავსატეხი და რებუსი მოსახლეობისთვის. თუნდაც ერთი თვით ადრე უნდა გამოქვეყნებულიყო ვიდეო პრაქტიკული გამოსახულებით, რომ მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონოდა.

    "სამწუხაროდ, საინფორმაციო კამპანია არათუ საკმარისი არ იყო, არამედ, შეძლება ითქვას, საერთოდ არ იყო. სწორედ ამან გამოიწვია ის კოლაფსი, რომელიც ახლა გვაქვს: ზურაბ ჟვანიას მოედანზე, ვაკის მიმართულებით, თავად პეკინზე და ვაჟაზე, სადაც ჯერჯერობით გახსნილია მოძრაობა.

    "ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, რომ მერიამ,სასწრაფოდ გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც მოძრაობის მიმართულებები იქნება ნაჩვენები და ეს ყველა არხზე გავრცელდეს. და მეორე მხრივ, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იყოს ყველა მონაკვეთზე მობილიზებული.

    "რა თქმა უნდა, მეც და მთელი ჩემი ორგანიზაციაც მივესალმებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ამაზე ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი. იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ზედა ინფრასტრუქტურაც და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა მესხიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად კარგი ინიციატივისა, ეეჭვება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 10 სექტემბრამდე მოესწროს.

    "წინა გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არათუ მასშტაბური სამუშაოები, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც კი არ სრულდება თავის დროზე, ყველა მათგანი დროში იწელება, ან საერთოდ შუა გზაზე ჩერდება. ასე რომ, იმის ოპტიმიზმით არ ვარ განწყობილი, რომ სამუშაოები 10 სექტემბერს დასრულდება.

    "ყველანაირად ეცდებიან, რომ არჩევნებამდე დასრულდეს სამუშაოები. ეს შეიძლება იყოს 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი. საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ 10 ოქტომბრამდე დასრულდეს.

    "ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, წინასაარჩევნოდ საზოგადოებას დაანახონ, როგორ ინტენსიურად მუშაობენ. კი, ბატონო, აჩვენონ, მაგრამ ამ ყველაფერს ექნება უკუშედეგი იმის გამო, რომ არასწორად არის დაგეგმილი სამუშაო პროცესი", - განაცხადა მესხიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter