სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა პრობლემები შეუქმნა ერთმორწმუნე დამპყრობელს ქართულმა ეთნოფსიქოლოგიამ
    მამუკა ნაცვალაძე
    19.06.2017

     საქართველოსა და რუსეთის ერთმორწმუნეობა პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ მსუყე საფუძველს ქმნიდა ჩრდილოელი ქრისტიანული სახელმწიფოსთვის, ერთიან პოლიტიკურ სივრცეში მოეაზრებინა ჩვენი ქვეყანა, როგორც რუსეთის პროვინცია.

    ერთმორწმუნეობა ნიღაბი იყო რუსთა პოლიტიკური ამბიციების აღსრულებისთვის, მაგრამ ერთია ამბიცია და მეორე ამ ამბიციების რეალურ ცხოვრებაში გატარება. რუსეთი საქართველოს დაპყრობის პროცესში არაერთ წინააღმდეგობას წააწყდა.

    ეს არ იყო იოლი პროცესი არა მარტო იმიტომ, რომ ქართველი ვერასდროს შეეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას, არამედ სულ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ბარიერიც არსებობდა, რაც აშკარად ხელს უშლიდა ქართული კულტურული სივრცის რუსულ გარემოში ინტეგრაციის პროცესს.

    ეს მთავარი წინაღობა ეთნოფსიქოლოგიური განსხვავებაა. ერთმორწმუნეობა სრულიადაც არ ნიშნავს კულტურულ იდენტობას, ეროვნული ხასიათის მსგავსებას. ბუნებრივია, სარწმუნოებრივი ერთობა ქმნიდა მეტ-ნაკლებად ერთიან კულტურულ სივრცეს, მაგრამ ეს ერთიანი კულტურული სივრცე განსხვავებულ ეთნოფსიქოლოგიას ვერაფერს უხერხებდა.

    რუსული ეთნოფსიქოლოგიის თავისებურებანი

    რუსეთმა ქრისტიანობა მეცხრე საუკუნეში მიიღო. მისი, როგორც ქრისტიანული ქვეყნის, იდეალი ბიზანტიის იმპერიის პრინციპები იყო, სადაც დინასტიური დაპირისპირება, სოციალური ურთიერთობის სიმწვავე ჩვეულებრივი ამბავი იყო.

    მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან არ ჰქონია დალხინებული ურთიერთობა, რუსეთში მკვიდრდება ბიზანტიის ანალოგიური კულტურულ-ფსიქოლოგიური გარემო, რაც რუსული ეთნოფსიქოლოგიური მოდელის საფუძველი ხდება, რომლის მთავარი ნიშანია სხვა კულტურული სივრცის განადგურება.

    და აქ სრულიადაც არაა მნიშვნელოვანი, ეს კულტურული სივრცე მისი ერთმორწმუნეა თუ არა. რუსული ეთნოფსიქოლოგია ვერ აღიქვამს, სხვაგვარად როგორ შეიძლება დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში. მან სხვა გზა, გარდა დაპირისპირებისა და მოწინააღმდეგის განადგურებისა, არ იცის.

    რუსული ეთნოფსიქოლოგიის საბოლოო ფორმირებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მონღოლთა ბატონობამ.

    როგორ ყალიბდებოდა ქართული ეთნოფსიქოლოგიური გარემო

    ქართული ეთნოფსიქოლოგიური გარემოს ჩამოყალიბება კი ქრისტიანობის მიღებამდე დიდი ხნით ადრე - ძველი წელთაღრიცხვის მეთვრამეტე საუკუნიდან ხდება, როცა რკინის მოპოვება იწყება, როცა პირველი მეტალურგიული კერები ჩნდება ქართულ კულტურულ სივრცეში.

    რკინას ძველი მსოფლიოსათვის ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ატომს თანამედროვე მსოფლიოსათვის. რკინის მწარმოებელი ქართული კულტურული გარემო მსოფლიო ცივილიზაციის სათავეებთანაა, მას არ სჭირდება სხვა კულტურული სივრცის დაპყრობა, ის არაა აგრესორი.

    ქართული ენოფსიქოლოგიური გარემო საოცრად ახლობელია ძველ ეგვიპტურ მენტალიტეტთან, რომლის სრული სახე პედანტურად შეიძლება აღვადგინოთ უმნიშვნელოვანესი თხზულების - "მიცვალებულთა წიგნის" მეშვეობით.

    სწორედ აქ, ქართულ და ეგვიპტურ კულტურულ გარემოში, ჩნდება პირველად ის პრინციპები და მექანიზმები, შემდგომში ქრისტე რომ იქადაგებს და მსოფლიოს ახალ ზნეობრივ პოსტულატებად მოევლინება.

    ქართული ეთნოფსიქოლოგიის თვალსაჩინო მაგალითია ის მექანიზმი, რასაც ქართლის სამეფოს პირველი მეფე ფარნავაზი იყენებს რელიგიური რეფორმისას. სწორედ ფარნავაზის სახელს უკავშირდება ერთღმერთიანობის შემოღება.

    არმაზის ღვთაების დამკვიდრებას ქართულ გარემოში სრულიადაც არ უშლიან ხელს მანამდე არსებული კერპები. ფარნავაზის რეფორმის უნიკალური ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ ის წინარე ღმერთების მოსპობისა და განადგურების ხარჯზე კი არ ამკვიდრებს არმაზის კულტს, არამედ არმაზს ყველა იმ თვისებასა და ნიშანს სძენს, რაც წინარე ღვთაებებს ჰქონდათ.

    სწორედ ამ მიზეზის გამო ფარნავაზის რელიგიური რეფორმა დღემდე მსოფლიოში ერთადერთი და უნიკალურია, უმტკივნეულოდ რომ დამკვიდრდა და არანაირი წინააღმდეგობა რომ არ შეხვედრია.

    ასე იქმნება ერთიანი ქართული კულტურული სივრცე სისტემური წინააღმდეგობისა და დაპირისპირების გარეშე, სადაც მიუღებელია აგრესია. სწორედ ამგვარი ეთნოფსიქოლოგიაა ქართული საზოგადოების ერთიანობის მთავარი წინაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საზოგადოება, როგორც ყველგან, სოციალურად დაპირისპირებული ფენებისაგან შედგება.

    ქართული სახელმწიფოებრიობის მარადიულობის ფორმულა

    სწორედ საზოგადოების ერთიანობის განწყობით მკვიდრდება ქართულ კულტურულ სივრცეში დაბალი ფენებისადმი განსაკუთრებული მოპყრობის ტრადიცია.

    სამეფო კარისთვის გლეხი არასდროს არაა მტრულად განწყობილი ფენა, სამეფო კარი ყველანაირ პირობას ქმნის იმისათვის, რომ გლეხობამ გამორჩეულად დაცულად იგრძნოს თავი. საგულისხმოა ისიც, რომ გლეხობა, როგორც სოციალური ფენა, სრულიადაც არაა ჩაკეტილი, ის ღიაა და ნებისმიერ ღირსეულ ადამიანს შეუძლია, დაწინაურდეს აზნაურად.

    ესეც განსაკუთრებულ ფონს ქმნის საზოგადოების ერთიანობისათვის. ბუნებრივია, არსებობდა სოციალური ჩაგვრის ფაქტები, სხვადასხვა დროს ეს ტენდენციები სხვადასხვა ხარისხით მოქმედებს, თუმცა ამას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სისტემური ხასიათი არასდროს ჰქონია.

    საცნაურია, რომ გლეხთა სოციალური ჩაგვრა არასდროს მოიაზრებოდა კარგ ტონად და არასდროს ყოფილა წახალისებული ქართულ საზოგადოებაში.

    სწორედ ამ განწყობით უპირისპირდება საკუთარ ბაბუას და დედას იმერეთის მეფე სოლომონ პირველი, რომელიც კარგად აცნობიერებს, რომ ტყვეთა სყიდვა ის სისტემური მექანიზმია, რაც ახალ ტენდენციებს ამკვიდრებს ბატონისა და ყმის ურთიერთობაში, რაც ძირს უთხრის ქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიციულ საფუძვლებს.

    ამგვარი ცხოვრებისეული ფონიდან გამომდინარე, არ იყო გასაკვირი, რომ ბატონყმობის მაგივრად საქართველოში მკვიდრდება ტერმინი პატრონყმობა, რაც ადეკვატურად ასახავს ერთიანი ქართული კულტურული გარემოსათვის დამახასიათებელ რეალობას.

    ასე ყალიბდება ის განწყობა, რომ ღვთიური წარმოშობის სამეფო კარი ხელშეუხებელია, რომ ნებისმიერმა მეფემ თავი უნდა გასწიროს თავისი ქვეშევრდომებისათვის, რაც დაბალ სოციალურ ფენას განსაკუთრებულ მოტივაციას სძენს, არაფერი დაიშუროს მეფისა და მისი კეთილდღეობისათვის.

    ეს პრინციპები და პოსტულატებია სწორედ იმის მიზეზი, რომ საქართველოში მკვიდრდება საზოგადოების უნიკალური სოციალური მოდელი, რაც გამორიცხავს მეფისა და ხალხის დაპირისპირებას.

    სწორედ ასე, ამ უნიკალური, მსოფლიოში უპრეცედენტო მექანიზმების წყალობით აღმოჩნდა ბაგრატიონთა სამეფო გვარი მსოფლიოში ერთადერთი სამეფო დინასტია, რომელსაც საკუთარი ხალხი არ აჯანყებია. არადა, ბაგრატიონები ქვეყანას 12 საუკუნის განმავლობაში მართავდნენ.

    რატომ შერაცხეს უფლისწული ერეკლე რუსეთში გიჟად

    სანამ ქართლ-კახეთს დაიპყრობს რუსეთი, კარგად სწავლობენ მისი ემისრები ქართულ გარემოს, კულტურას, ყოფას. ბუნებრივია, აქ კარგად ჩანს ის ეთნოფსიქოლოგიური პოსტულატები, რაც, უდავოდ, რუსეთის იმპერიისათვის მთავარი წინააღმდეგობა იქნება საკუთარი იმპერიული ამბიციების აღსრულების პროცესში.

    საცნაური კი ისაა, რომ რუსეთმა საქართველოს დაპყრობამდე ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ თავად იხილა, რას ნიშნავს ქართული მენტალიტეტი, იხილა მოსკოვში ქართველი უფლისწულის, ერეკლე პირველის, იგივე ნაზარ ალი ხანის, იგივე ნიკოლაი დავიდიჩის სტუმრობისას. ეს ის ერეკლე პირველია, რუსეთის პირველი იმპერატორის - პეტრე პირველის მამად რომ მიიჩნევს ბევრი.

    ერეკლე, ქართლის მეფე თეიმურაზ პირველის შვილიშვილი, მეჩვიდმეტე საუკუნის 60-იან წლებში დედასთან ერთად რუსეთის სამეფო კარზე იმყოფება.

    რუსეთს ამ დროს მცირე ომი ჰქონდა პოლონეთთან. თავის დიდებულებთან ერთად ამ ომში რუსთა მეფე ალექსი მიხეილის ძემ თან იახლა ქართველი უფლისწული, რომელიც ამ დროისთვის 17 წლის გახლდათ მხოლოდ.

    ამ ომში მოხდა ის, რამაც მთელი რუსეთი აალაპარაკა - ჭაბუკ ერეკლეს, თეიმურაზ პირველის ღირსეულ შვილიშვილს, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ომში მეფის ქცევის ელემენტარული წესები. მეფე ლაშქრის ავანგარდში უნდა ყოფილიყო და საკუთარი ბრძოლით მაგალითი უნდა მიეცა თანამებრძოლთათვის.

    სწორედ ასე იქცევა ქართველი უფლისწული პოლონელებთან ომის დროს, ის რუს მდაბიოებთან ერთად ბრძოლის შუაგულში შეიჭრა. ერეკლეს ქცევა რუს ფეოდალთათვის ღიმილისმომგვრელი აღმოჩნდა, ზოგმა ქართველი უფლისწული გიჟად და არანორმალურად შერაცხა.

    ის, რაც ქართველთათვის იყო ჩვეულებრივი, მისაღები და აუცილებელი, მიუღებელი და საოცრად უცხო აღმოჩნდა რუსებისათვის. ეს სწორედ ერთმორწმუნე ერების განსხვავებული ეთნოფსიქოლოგიის გამოხატულებაა.

    რით განსხვავდება ქართული და რუსული ეთნოფსიქოლოგია

    ქართველ მეფეთა თავგანწირვა მებრძოლთ ბრძოლის ჟინს უღვივებდა. ბრძოლისას ქართველ მეფეთა ცხოვრების წესი არანაირად არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი მოლაშქრის ცხოვრების წესისაგან. მეფე წინ მიუძღოდა ლაშქარს.

    მოლაშქრეები ხედავდნენ მეფის თავდადებას, მამულისადმი ერთგულებას და მათაც ანალოგიური განცდა ეუფლებოდათ. ასე ყალიბდებოდა ის მოტივაცია, რის წყალობითაც ქართველი მოლაშქრე მზად იყო, სამშობლოსათვის თავი გაეწირა.

    განსხვავებული დამოკიდებულება იყო ამ საკითხისადმი რუსეთში. სულ სხვა ცხოვრების წესი, მეფისა და დაბალი სოციალური ფენების მტრული დამოკიდებულება, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა.

    ჩაგვრის უმძიმესი ფორმები უკვალოდ არ ქრებოდა და აისახებოდა საზოგადოების რეალურ ყოფასა და განწყობაზე. რუსეთში ომის დროს იბრძვიან მოლაშქრეები, რომელთაც უკან ეფარება მეფე. ის საზოგადოებრივი დაპირისპირება აქაც სიმბოლური სახით, ადეკვატურად, ვლინდება.

    ასეთ ვითარებაში მესიანური იდეა, მეფის ღვთიური წარმოშობა, ვერ ახდენს ვითარების განმუხტვას. რუს მებრძოლთათვის ძნელი იყო იმის გააზრება, თუ რისთვის იბრძოდნენ. მათ არ ჰქონდათ თავგანწირვის არანაირი მაგალითი, არანაირი მოტივაცია. გამარჯვებულ მებრძოლთა ხვედრი ისევ მძიმე სოციალური ჩაგვრა იყო.

    რუსული ეთნოფსიქოლოგია მხოლოდ ძალადობას, მოწინააღმდეგის ჩაგვრას და მის ბოლომდე განადგურებას აღიარებს, სწორედ ამ ეთნოფსიქოლოგიას უნდა დაუქვემდებაროს რუსეთის იმპერიამ ის ერთიანი პოლიტიკური გარემო, რომელიც, რეალურად, სხვადასხვა ერისათვის აშკარად საპყრობილეა და მეტი არაფერი.

    როგორ დაიწყო ქართული ხიდჩატეხილობა

    ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის შემდგომ მთავარი პოსტულატი, რომელზეც მძაფრი შეტევა უნდა განხორციელდეს, საზოგადოების ერთიანობაა, ქართული ეთნოფსიქოლოგიით რომაა განპირობებული.

    მეტად სახასიათოდ გადმოგვცემს ამ პროცესს მიხეილ ჯავახიშვილი თავის რომანში "არსენა მარაბდელი", სადაც აღწერილია ის უცხო გარემო, რაც რუს კაპიტანს ქართული სუფრის სახით ხვდება. ეს ეპიზოდი სიმბოლურად აღწერს იმ რეალობას, რომელიც უმთავრესი ბარიერია რუსეთის იმპერიისათვის, კავკასიაში ფეხის მოკიდებას რომ ცდილობს.

    როდესაც კაპიტანმა ორლოვმა პირველად ნახა ქართული სუფრა, სადაც, არსებული წესისა და რიგის მიხედვით, ერთად არიან თავადიცა და გლეხიც, კატეგორიულად მოითხოვა მაგიდების განცალკევება. მისთვის უცხოა გლეხთან ერთად სუფრასთან თავადის ყოფნა.

    ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული პოლიტიკის უმთავრესი მიზანი - თავადი და გლეხი ერთმანეთისგან მკვეთრად, სისტემურად გაიმიჯნოს. ეს პირველი ნაბიჯია საზოგადოების ერთიანობის რღვევისა.

    მხატვრული ხერხით გადმოცემული ეს ეპიზოდი საოცრად დამახასიათებელია მთელი მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის.

    შედეგიც მალე გამოიღო ამგვარმა პოლიტიკამ - მკვიდრდება ქართული რეალობისათვის სრულიად უცხო, უპრეცედენტო მოდელი, სადაც ერთმანეთის გაგება უჭირს სხვადასხვა სოციალურ ფენას.

    ასე მკვიდრდება ქართული საზოგადოებისათვის მანამდე არნახული სენი, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ ხიდჩატეხილობა უწოდა. ის ხიდჩატეხილობა, ქართველ ერს, რუსულ პოლიტიკურ მარწუხებში მყოფს, უკუნეთისკენ რომ მიაქანებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter