სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    19.06.2017

     მე-19 საუკუნის ცნობილი მოჭიდავე ნესტორ ესებუა დაიბადა 1864 წელს სენაკის ერთ-ერთ სოფელში. 18 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო ბათუმში, როტშილდის ქარხანაში. ერთი მედუქნის ვალი ჰქონია ნესტორს, მას უთქვამს - ქარხნიდან კალა მომიტანე და ვალს იმაში გაგიქვითავო.

    ესებუას იმავე ღამეს ნაბდის ქვეშ ამოუჩრია ორი ყუთი კალა და დუქანში მალულად მიუტანია. მედუქნე და მისი ხელის ბიჭები დაეჭიდნენ ტვირთს, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს. მერე თავად ნესტორ ესებუას დაუწყვია ეს ყუთები სასწორზე, რომელიც 16 ფუთს და 2 გირვანქას იწონიდა.

    ამ დროს ბათუმში ჩასულა კულა გლდანელი საასპარეზოდ და ერთმანეთის მიყოლებით 12 მოჭიდავე წაუქცევია. ბათუმელებს ნესტორისთვის უთხოვიათ გლდანელთან შეხვედრა, რომელიც ნესტორ ესებუას გამარჯვებით დასრულდა. ნესტორ ესებუას და კულა გლდანელის პირველი შერკინება 1885 წლის 14 აპრილს გაიმართა, რომელიც შემდეგ ტრადიციად იქცა.

    ასე დაიწყო დიდი ფალავნის სპორტული კარიერა, რომელსაც მოჰყვა სხვა ორთაბრძოლები. ნესტორ ესებუა პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-მდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა.

    ამ შეჯიბრებაში ესებუამ 10 მეტოქე დაამარცხა, რისთვისაც ჯილდოდ 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი გადასცეს. თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში მან მრავალი ორთაბრძოლა მოიგო ისეთ ცნობილ ფალავნებთან, როგორებიც იყვნენ - გიორგი ლურიხი, კლიმენტი ბული, კაზბეკ გარა, სარი სულეიმანი, ჰაჯიბაზ გულიკოვი და სხვები.

    სოხუმში ასპარეზობის დროს დაამარცხა გამოჩენილი ფალავანი ნორკინი, თბილისში ცნობილი რუსი ფალავანი ილია მურომეცი, კონსტან-დემარე.

    სტამბულში გამართულ შეჯიბრებაზე გაიმარჯვა მხოლოდ ნესტორ ესებუამ. "საჭიდაოდ გამოდიოდნენ პოლონელი პეტლიზინსკი, ბულგარელი ნიკოლა ჰეტრე, თურქი ჰაებაშთი, ემილ ფორი და სხვები.

    საჭიდაოდ უხმეს ბერძენ გოლიათს, ოცი ფუთის ამწევ, 132 კილოგრამიან პანიას, კოტალიანის და ნესტორ ესებუას. დარბაზში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. დაიწყო თუ არა ორთაბრძოლა ბერძენსა და ესებუას შორის, ნესტორი იერიშზე გადავიდა და ვეფხვივით უტევდა მეტოქეს. მეოცე წუთზე ესებუამ ბერძნის მარჯვენა მკლავი იგდო ხელთ. უცებ შემოტრიალდა, კისერზე წამოიღო და ორივე ბეჭით გააკრა ხალიჩაზე. ტაშის გრიალმა შეაზანზარა დარბაზი.

    სულთანის ვაჟმა ნესტორს 50 ლირა აჩუქა, მსაჯებმა კი ქართველ ფალავანს მკერდზე საპატიო ლენტი გაუკეთეს" - ასე იხსენებს სტამბულში ნესტორ ესებუას გამარჯვებას წიგნში "საქართველოს რომ ფალავნები ჰყოლია" გაბრიელ ბარჯაძე.

    თბილისში, "იტალიელების ბაღში," კულა გლდანელისა და ნესტორ ესებუას შორის ორთაბრძოლა 1886 წლის 1 აგვისტოს გაიმართა.

    "ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებმა. შეტაკებაში პირველმა გლდანელმა წააქცია ესებუა. მან ისე რიხიანად დაატრიალა ის, რომ ყველას ეგონა, მიწიდან მოწყვეტს და ჰაერში აისვრისო, მაგრამ ახალგაზრდა მოჭიდავე გამაგრდა და საპასუხოდ დასცა მოწინააღმდეგე პირქვე.

    კულა მალე წამოხტა ფეხზე. მივარდა ესებუას გამხეცებული და კისრით დასცა მიწაზე, მხოლოდ ერთი მხრით. ესებუას დამარცხება ვერც ამჯერად შეძლო გლდანელმა. ისინი ორივენი წამოდგნენ ფეხზე და განაგრძეს ჭიდაობა. კოლამ მეორედ გადმოიტანა კისერზე ნესტორი, უკეთესად ვიდრე პირველად, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მისი საბოლოოდ დამარცხება.

    ისინი ხელმეორედ წამოდგნენ ფეხზე და მესამედ შეეჯახნენ ერთმანეთს. ახლა კი გაცეცხლებული მეგრელი ვეფხვივით მივარდა კულას და დასცა ბეჭებზე, რითაც მოიპოვა საბოლოო გამარჯვება"- წერდა გაზეთი "დროება".

    ამ ორთაბრძოლას ესწრებოდა აკაკი წერეთელი და ლექსიც მიუძღვნა "გლდანელი და ესებუა", რომელიც წლების შემდეგ პაოლო იაშვილმა აღმოაჩინა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter