რა საშიშროებას უქმნიდა მეფე ერეკლეს ძე რუსეთის იმპერიულ მიზნებს
მამუკა ნაცვალაძე
12.06.2017

 რუსული იმპერიული პოლიტიკის რეალური სახე საქართველომ განსაკუთრებულად მძაფრად მეთვრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან იწვნია. ჩრდილოელი ერთმორწმუნის არაადეკვატური სვლები ბევრად სცილდება კეთილმოსურნე სახელმწიფოს და ელემენტარული ადამიანური ურთიერთობის ჩარჩოებს. იწყება მასობრივი, ამასთანავე, მრავალმხრივი შეტევა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, რაც შეუქცევადი პოლიტიკური პროცესი ხდება.

ამ პოლიტიკურ ჭრილში მზადდება ერეკლე მეორის ძის, ლევანის, მკვლელობა 1781 წლის 27 თებერვალს. ლევანი სწორედ ის ფიგურაა, ნამეტნავად რომ უშლის ხელს რუსეთის იმპერიული მიზნების რეალურად აღსრულებას.

მეთვრამეტე საუკუნის კავკასიური პოლიტიკური ჭადრაკის დაფა

ირანის მმართველ ნადირ შაჰის სიკვდილის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა კავკასიაში მდგომარეობა. მეთვრამეტე საუკუნის 50-იანი წლებიდან ქართლ-კახეთის სამეფომ მოახერხა ირანისგან თავდახსნა და რეგიონული თვალსაზრისით ერთ-ერთ გავლენიან ძალად მოგვევლინა. ამ რეალობაში, ბუნებრივია, ქართველთა სამეფო კარზე ჯერ კიდევ შემონახულია იდეა კავკასიის ერთიანობისა, ის განცდა, რომ ერთიანობა არის ჯავშანი, რომელიც კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს დაიცავს უცხოტომელთა შემოსევებისა და მათი დიქტატისაგან. ამიტომ ერეკლეს თავდაცვის ერთადერთი გზა აქვს - აქტიური შეიარაღებული პოლიტიკა, რაც კავკასიის ერთიანობისაკენ სწრაფვაა.

სწორედ აქ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი რუსეთს, ირანსა და საქართველოს შორის. რუსეთს საქართველო უპირველესად თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სჭირდება, მისი სამარადჟამო ოცნება მსოფლიო ბატონობისა სრუტეებზე გადის, რომელსაც ოსმალეთის იმპერია ფლობს და განაგებს.

რუსეთი ელოდება - მისი მთავარი საფიქრალი თურქეთის ჩამოცილებაა. ის პოლიტიკურ პირველობას ესწრაფვის, რაც ყქ||| ს-ის მეორე ნახევრიდან თითქოს ილუზიად ექცა. საქმე ისაა, რომ ერეკლეს პერიოდის ქართლ-კახეთი იქით გადადის აქტიურ შეტევაზე და ირანის ხარჯზე საკმაოდ მყარ პოზიციას იჭერს კავკასიაში.

ამბავი უცნაური თურქული გამბიტისა

რუსეთს, ბუნებრივია, ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგე ხელს არ აძლევს, სწორედ აქ იკვეთება იმპერიის ორმაგი სტანდარტი. რუსეთი თავისად მოიაზრებს ერთიან კავკასიურ პოლიტიკურ სივრცეს, რაც ადრე მესამე რომის სახით, ახლა კი ბერძნული პროექტის ფორმატში არსებობს, თუმცა საცნაური სწორედ ისაა, რომ რუსეთი ვერ შელევია საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას და აუხსნელი ლოგიკით სწორედ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე მიაქვს იერიში, რაც მთავრდება იმით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამეფო-სამთავროების სახით ის იღებს არა მეგობარ, არამედ მტრულად განწყობილ პოლიტიკურ ძალას.

სწორედ ამ ფორმატში ხდება ერეკლეს წინააღმდეგ რუსეთის მთავრობის მიერ ინსპირირებული გამოსვლები. განსაკუთრებული კოზირი აქვს რუსეთს მთიელებთან ურთიერთობის სახით. კავკასიის მთიანეთის დიდი ნაწილი ოსმალეთის იმპერიის მარიონეტად ქცეულა და წერტილოვან, მომაკვდინებელ დარტყმებს აყენებენ ქართლ-კახეთის სამეფოს.

ამ წერტილოვანი დარტყმების მოსაგერიებლად სჭირდება საქართველოს რუსეთთან კავშირი. მთავარი აქცენტი სწორედ ამაზეა გადატანილი, არადა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, თავად რუსეთსაც გაცნობიერებული აქვს ეს რეალობა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მოხრჩობის იმპულსები შეინარჩუნოს, ოსმალეთთან ომს მისთვის სწორედ ეს დატვირთვა აქვს.

პოლიტიკური რეალობა ცხადყოფს, რომ რუსეთისთვის ამ ეტაპზე, მეთვრამეტე საუკუნის 70-იანი წლებისთვის, კავკასიაში ფეხის მოკიდება უფრო პრიორიტეტულია. ეს, ბუნებრივია, სწორი პოლიტიკური გათვლაა, რამდენადაც კავკასიაში გაბატონების გარეშე შეუძლებელია ოსმალეთის იმპერიის სრულ დამარცხებაზე ფიქრი.

ერეკლეს წინააღმდეგ მოწყობილი ინტრიგები, რასაც ეწირება უფრო დიდი იდეა, ამ სცნარის ნაწილია. ამრიგად, ჩვენ რუსული პოლიტიკის მეტად საინტერესო თურქული გამბიტის მოწმენი ვხდებით.

ამ ფონზე გამორჩეულად მწვავე და მნიშვნელოვანი იყო 1765 წლის პაატა ბატონიშვილის აჯანყება, რომელიც აშკარად რუსეთიდან იმართება და ვახტანგ მეექვსის შთამომავლის ტახტზე დაბრუნების ფასად ერეკლე მეორის ოჯახისა და სამეფო კარის სრულ ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

რატომ იყო საშიში რუსეთისათვის კავკასიის ერთიანობის იდეა

რუსეთის ასეთი უკომპრომისო დამოკიდებულების მიზეზი კი არის ერეკლეს სამეფო კარის პოლიტიკა, რაც კავკასიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტის დაბრუნებას გულისხმობს, იმ პოლიტიკური პრიორიტეტისა, რომლითაც თავის დროზე კავკასია მსოფლიოს აზანზარებდა.

ერეკლე მეორე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კავკასიის ერთიანობის იდეას, მის პოლიტიკურ მმართველობაში უკვე ჩანს ის ნიუანსები, ამ საქმეს შეუქცევად პროცესად რომ ხდის. სწორედ ამ კუთხით ცდილობს ერეკლე, გამოიყენოს საქართველოს სასარგებლოდ სომხური ბურჟუაზია, რომელსაც საკმაოდ თავისუფალი კონკურენცია აქვს ევროპულ ბურჟუაზიასთან. საგულისხმოა ისიც, რომ ერეკლე სარგებლობდა არა მარტო ქართველი, არამედ სომეხი (შაჰამირ შაჰამირიანისა) და აზერბაიჯანელი (ვაგიფი, ვადადი) საზოგადოების მხარდაჭერით.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი კავკასიის ერთიანობის იდეითაა გაჯერებული. რისი აუცილებელი პირობაც იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება. ერეკლე მეორისა და სოლომონ პირველის ურთიერთობა, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს პროგრესული საზოგადოების განწყობა, ფაქტობრივად, ხელს უწყობდა ერთიანი საქართველოს აღდგენის საკითხს, თუმცა საქართველოში ეს ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იდეა აბსოლუტურად მიუღებელი იყო საერთაშორისო პოლიტიკისთვის - ოსმალეთს პრეტენზია ჰქონდა დასავლეთ საქართველოზე, ირანს, ტრადიციულად - აღმოსავლეთ საქართველოზე, ორივეზე კი თვალი რუსეთს ეჭირა.

ამდენად, საქართველოს გაერთიანების მცდელობაც კი, ფაქტობრივად, ახალი ომის წინაპირობა იქნებოდა, რისთვისაც უნდა ითქვას, რომ არც ქართლ-კახეთისა და არც იმერეთის სამეფო მზად არ იყვნენ.

ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა რუსეთის იმპერია პროცესებს თვითდინებაზე არ უშვებს და ბოლომდე ცდილობს, აკონტროლოს სიტუაცია. სწორედ ასეთი კონტროლის ერთ-ერთი შტრიხია ყველა შინაგანი თუ გარეგანი რესურსის მობილიზება იმპერიული მიზნების აღსასრულებლად.

მოწამლა თუ არა ლევან ბატონიშვილი საკუთარმა ცოლმა

ამ პრიზმაშია განსახილველი ლევან ბატონიშვილის მკვლელობის საქმეც, რომელიც ვერ გაიხსნა. ბატონიშვილის მკვლელობის რამდენიმე ვერსია არსებობს, ყველა ვერსიას ყოფითი ნიადაგი უდევს საფუძვლად. ალექსანდრე ორბელიანი თავის მოგონებებში საკმაოდ ნათლად გადმოსცემს იმ დამოკიდებულებას, რაც ბაგრატიონებს ლევანის მეუღლის, საგარეჯოს მოურავ ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის ასულ ელენეს მიმართ ჰქონდათ. ბაგრატიონებს ეჭვი მასზე აქვთ. გადმოცემით, ელენე "მსუბუქი ჭკვის" ქალი ყოფილა, ვარაუდობენ, რომ სწორედ ის ასმევდა ქმარს რაღაც წამლებს, რასაც ემსხვერპლა ლევანი.

საცნაურია, რომ ლევანის სიკვდილის შემდეგ ელენე სამეფო სასახლიდან გაიყვანეს სრული ეტიკეტის დაცვით და ცალკე დაასახლეს. ისიც მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მთელი ცხოვრება გარიყულს უცხოვრია და მის დაკრძალვას ავლაბრის მთავარანგელოზის ეკლესიაში არ დასწრებია სამეფო ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი.

ამბავი ლევანის მკვლელობის სომხური ცრუ ვერსიისა

მკვლელობის ვერსიათა შორის ყველაზე გავრცელებულია ის ვარიანტი, თითქოსდა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა ბატონიშვილი ვეჯინელი ქალის ქმარმა, თუმცა ეს ამბავი სახალხოდ იქნა უარყოფილი.

სწორედ ამ ფონზეა საცნაური, რომ ლევანის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ვრცელდება სომხური ეკლესიის კათალიკოს გუკასის მონაყოლი.

აი, რასაც ამბობს გუკასი: "ერთ-ერთი სოფლიდან ლეკებმა მოიპარეს ცხენები და გლეხები დაარბიეს. როდესაც ეს ამბავი თბილისში შეიტყვეს, გულადი მეფის ძე ლეონი მცირერიცხოვანი რაზმით დაედევნა მათ, მოუსწრო და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. ლევან მირზა ისე შორს წავიდა წინ, რომ ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ იგი თოფით მოკლა."

კათალიკოს გუკასის ვერსიას რომ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ მეფე ერეკლეს მოთხოვნით სახალხოდ გააშიშვლეს ცხედარი, რომელზეც არც ხანჯლის და არც ტყვიის კვალი არ აღმოჩნდა. ბუნებრივია, ამიტომაც საჭვოდ ჩანს ამ საინფორმაციო კამპანიაში სომხური ეკლესიის მონაწილეობა.

რატომ თამაშობს სომხური ეკლესია რუსული საიმპერატორო კარის თამაშს

საკითხავია - რაში სჭირდება სომხეთის ეკლესიის კათოლიკოსს იმ ვერსიაზე საუბარი, რომელსაც, თავადაც კარგად უწყოდა, რომ არაფერი ჰქონდა საერთო რეალობასთან. ბუნებრივია, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სომხური ეკლესია ამ საინფორმაციო კამპანიაში შემთხვევით არაა ჩართული. აშკარაა ისიც, რომ ვიღაცას სურს ჭეშმარიტების დამალვა და სომხურ ეკლესიას თავისი მიზნებისათვის იყენებს.

არადა, ის წრე, ვისაც რეალობის გამჟღავნება არ სურს და ლევანის სიკვდილი გამოგონილი ზღაპრებით უნდა შეფუთოს, საკმაოდ მწირია, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ესწრაფვის, სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარია. მას ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის 70-იან წლებში გადაუწყვეტია საქართველოს სამეფო-სამთავროების ანექსია და არაფერს იშურებს იმისათვის, რომ სხვადასხვა ხილული თუ უხილავი ინტრიგის ქსელში გარიოს კავკასია. და ახლაც ამ ცრუ ვერსიების გავრცელებით ცდილობს, ლევანის მკვლელობის კვალი მიჩქმალოს.

რუსეთისთვის ლევან ბატონიშვილის მკვლელობა და მისი ჩამოცილება შესანიშნავი შანსია, თავის სასურველ მიზანს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს.

ლევან ბატონიშვილი სწორედ ის ფიგურა გახლდათ, რომელიც მათ ხელს უშლიდა. მისი მოცილება ნიშნავს მიზნისაკენ სავალი გზის გაადვილებას. ამიტომაც, ბუნებრივია, ეჭვი სწორედ რუსეთის საიმპერატორო კარის მიმართ ჩნდება, რომელსაც სომხური ელკესიის მეთაურიც ეხმარება.

რატომ ვერ გასცდა რუსეთის სომხური კოზირი პაიკის ფუნქციას

საცნაურია, რომ ასეთი ინტრიგებისას მთავარი მოქმედი პირი და დამკვეთი ინკოგნიტოდ რჩება, ის არ გამოდის სააშკარაოზე, მისთვის სასურველი საქმეც სწორედ სხვამ უნდა გააკეთოს. ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რასაც საქართველოს წინააღმდეგ იყენებს რუსეთი, საქართველოში მცხოვრები სომხური მოსახლეობაა, რომელსაც სახელმწიფოებრიობა არ გააჩნია და დიდი სომხეთის იდეაზე აბოდებს.

ეს ის დროა, როცა აქტიურად იწყება საუბარი სომხეთის სახელმწიფოებრიობის ადგენაზე. შაჰამირ შაჰამირიანია ამის სულისჩამდგმელი, რაფიელ დანიბეგაშვილიც ტყუილად არ ირჯება ინდოეთში მოგზაურობისას და ერეკლესა და შაჰამირ შაჰამირიანს შორის დიპლომატიურ კავშირს აბამს. იმ წინადადებას, რაც სომეხთა და ქართველთა ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა იყო, სომხეთი ნამეტნავად საკუთარ პრიზმაში ხედავს, სადაც მთავარი დომინანტი ის უნდა იყოს.

სწორედ ამ იდეით გაჯერებულ, დიდი სომხეთის აღდგენის ილუზიაშეყრილ სომხებს აკეთებინებს რუსეთი თავის საქმეს, სადაც მას სომხური კოზირი საქართველოს წინააღმდეგ სჭირდება.

საცნაური კი ისაა, რომ რუსეთის იმპერიული პოლიტიკისათვის უმნიშვნელოვანესი სომხური კოზირი თავად სომხებისათვის პაიკის ფუნქციას ვერასდროს სცდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )