მამუკა ნაცვალაძე
10.06.2017

 მეთვრამეტე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი განსაკუთრებულად ტრაგიკული აღმოჩნდა ქართლ-კახეთის სამეფო კარისათვის. 26 წლის ბატონიშვილი ლევანი, კაცი, რომელსაც გაერთიანებული საქართველოს მომავალ მეფედ ამზადებდნენ, მოულოდნელად გარდაიცვალა.

ეს 1781-ში ხდება, 27 თებერვალს, გეორგიევსკის ტრაქტატამდე სულ ორიოდე წელია დარჩენილი, ტრაქტატის შემდეგ გავა ისევ ორი წელი და საეჭვოდ დამძიმდება კიდევ ერთი უფლისწული, ქართლ-კახეთის მომავალი მეფე გიორგი მეთორმეტე.

როგორ შემობრუნდა 180 გრადუსით რუსული პოლიტიკის საგარეო ვექტორი

მანამდე კი ათიოდე წლით ადრე რუსეთ-თურქეთის ომი ქუჩუკ-კაინარჯის 1774 წლის ზავით დასრულდა, აქ განვითარებულმა მოვლენებმა, რუსულმა ინტრიგებმა, რაც ერეკლე მეორის ტახტიდან გადაყენებასაც ითვალისწინებდა, საქართველოს სამეფო-სამთავროებს აშკარად მიახვედრა სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარის მზაკვრული ფიქრები.

სწორედ იმ პოლიტიკური პროცესებისას გამოიკვეთა აშკარად, რომ სანკტ-პეტერბურგს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ანექსია. რუსული იმპერიული პოლიტიკის ვექტორი ეკატერინეს ზეობისას კარდინალურად იცვლება და ჩრდილოეთის მიმართულებიდან სამხრეთის მიმართულებით 180 გრადუსით ტრიალდება.

ის, რასაც რუსული იდეოლოგია მეთხუთმეტე საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული ქადაგებს - მოსკოვი - მესამე რომის თეორია, იდეიდან რეალობად უნდა იქცეს. ამას კი კონკრეტული მოკლე მიზნებისაგან შემდგარი დიდი სტრატეგიული კონცეფცია უდევს საფუძვლად.

ამ კონტექსტშია გასააზრებელი იმ ინტრიგათა კასკადი, რომელიც უშრეტად მოედინება ჩრდილოეთიდან და რომლის მოქმედების არეც საქართველოში ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფო კარია.

როდის გადაწყვიტა რუსეთმა საქართველოს დაპყრობა

ცნობილი ავანტიურისტის - ტოტლებენის მიერ ინტრიგებითა და ხლართებით მოქარგულ ვითარებაში ცხადად ჩანს, რომ ჩრდილოელ ერთმორწმუნესთან პოლიტიკური ურთიერთობა არანაირ ლოგიკას არ ემორჩილება და ამ მხრივ მთლად დალაგებულად არ არის საქმე - კეთილი ჩრდილოელი ერთმორწმუნის ხატი რომ ილუზია იყო, ამას აბა სხვა ვინ უნდა მიმხვდარიყო ყველაზე უკეთ, თუ არა მეფე ერეკლე, მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია რუსთა ჩაგვირისტებული დიპლომატიის შედეგი. სხვას ვის უნდა ეგრძნო ყველაზე უკეთ ის, რომ რუსეთის საიმპერატორო კარს გეორგიევსკის ტრაქტატამდე თხუთმეტიოდე წლით ადრე უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია და მას შემდეგ მხოლოდ იმის გარკვევა სურდა, რამდენად დამდგარიყო ამის დრო, რამდენად იყო მომწიფებული ეს იდეა დროსა და სივრცეში.

და სწორედ აქედან იწყება რუსული იმპერიული იდეოლოგიის ის ტოტალური შეტევა, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს, რაც კი უშლის ხელს მისი უზომო მადის დაკმაყოფილებას. სწორედ ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ მეფე ერეკლეს უდიდესი ტრაგედია - მისი გამორჩეული ძის, ლევან ბატონიშვილის, სიკვდილი.

რატომ უშლიდა ხელს რუსეთს უფლისწული ლევანი

შემთხვევით არ ამოუღიათ სამიზნედ ლევანი - სწორედ მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით იქმნება უმთავრესი გარანტი სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა - მორიგე ჯარი, მაგრამ ეს ქართული სახელმწიფოებრივი სიმტკიცე ნამეტანი ეზედმეტება რუსეთს. ამის სახასიათო მაგალითი იყო ის ფაქტი, რომ ტოტლებენმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თურქეთზე გამარჯვებულ ერეკლეს სამხედრო სვლა შეეჩერებინა და რუსთათვის უზენაესი მიზნის აღსრულება - კონსტანტინოპოლის აღება მომავლისათვის გადაედო. ამ ხელშეშლას საკმაოდ მზაკვრული, შორსმიმავალი გათვლა ედო.

ლევან ბატონიშვილის სიკვდილის რამდენიმე ვერსია არსებობს, ეს ვერსიები, მათი სრულიად განსხვავებული ხასიათი და შინაარსი მიანიშნებს, რომ ვიღაცას ძალიან სურდა ქართლ-კახეთის სამეფოში წყლის ამღვრევა, ფაქტია, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი აგენტურა საკმაოდ წარმატებით მუშაობს.

დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა - ვინ და რატომ მოკლა ლევანი. საგულისხმო და საცნაური სწორედ ისაა, რომ ყველა ვერსია, ფაქტობრივად, ყოფით, ცხოვრებისეულ ნიადაგს არ სცდება და არქიტექტონიკის თვალსაზრისით აგებულია იმ ვარაუდებზე, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება მართლაც მომხდარიყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველა ვერსიას მოსდევს ის კონტრარგუმენტი, რომლითაც მარტივად შეიძლება მათი უარყოფა.

ლევან ბატონიშვილის მკვლელობის ვერსიები

დადგენილი ფაქტია, რომ ლევანი ვეჯინში მოუკლავთ. ივანე აბაშიძის ოჯახში ყოფილა უფლისწული ქორწილში. ეს ვერსია იმაზეა აგებული, რომ სწორედ ვეჯინში ცხოვრობდა ქალი, ასათ ვაჩნაძის ცოლი, რომელსაც ბატონიშვილი შორიდან ეტრფოდა თურმე. იმ ქორწილში დაუნახავს ლევანს ქალი. მასპინძლებს, უსიამოვნება რომ თავიდან აეცილებინათ, ვაჩნაძის ცოლი გაუპარებიათ, ლევანი დადევნებია მას და თითქოს სწორედ აქ დაუჭრია დანით ბატონიშვილი შეურაცხყოფილი ქალის მეუღლეს.

მიბრუნებულა ბატონიშვილი აბაშიძეების კოშკში, უხასიათოდ მყოფს არ უვახშმია, ისე დაუძინია და იმავე საღამოს გარდაცვლილა.

მეფისწულის სიკვდილის ამბავი და სავარაუდო ვერსია უსწრაფესად გავრცელებულა ხალხში. დიდი რისხვით შეხვდა მეფე ერეკლე ამ ტრაგედიას. ეს არც იყო გასაკვირი - ერეკლე ხომ ის ხელისუფალია, რომლის მმართველობაც, ტრადიციულად, სოციალურად დაბალი ფენების პატივისცემას ეფუძნება. ბუნებრივია, ლევანის გარდაცვალების ის მიზეზი, რომელიც მაშინ გავრცელდა, მეფის თვალსაწიერიდან ვერანაირად ვერ შეამკობდა ღირსებით უფლისწულს, როგორც ადამიანს და მომავალ მეფეს.

სწორედ ამ პრინციპებითა და ზნეობრივი პოსტულატით მოქმედებს განრისხებული მეფე ერეკლე, მომავალი მეფის საქციელს არ ჰგავს ლევანის ქმედება, რომელიც თურმე ქალზე ძალადობს.

მეფე ერეკლე შეუვალია - ღირსება უნდა დადგეს ყველაზე მაღლა, ღირსება ერეკლესთვის, როგორც მეფისთვის, უმთავრესი სიმაღლეა, ამიტომ გამოუტანა უსაყვარლეს შვილს - ლევანს უსასტიკესი ვერდიქტი.

ამბავი ერეკლე მეორის უმძიმესი პოლიტიკური პერფორმანსისა

რაც მაშინ ისნის სამეფო კარზე ხდებოდა, ალექსანდრე ორბელიანს, ერეკლეს შვილიშვილს, აქვს აღწერილი. გაგულისებულა ერეკლე, არავის აგლოვა ლევანი, მოისურვა, მისი ცხედარი თავადვე ენახა და დარწმუნებულიყო, მართალი იყო თუ არა მკვლელობის ვერსია.

წინასწარვე უთქვამს - თუკი დადასტურდება, რომ ლევანი მოკლულია ხანჯლით დედაკაცის ქმრისაგან, უარს ვაცხადებ მის დამარხვაზე და სახალხოდ ვათრევ ცხედარსო.

თავად განსაჯეთ, ამის გაფიქრებასაც რა დიდი სიმტკიცე უნდოდა. ერეკლემ არათუ გაიფიქრა, საქვეყნოდ დადო პირობა. უმძიმესი მოლოდინი გაჩნდა თურმე თბილისში, გლოვას თავი დაანებეს და იმაზე დაიწყეს ფიქრი, ამ პერფორმანსს რა სირცხვილი მოჰყვებოდა.

ერეკლემ ლევანის ცხედარი ეკლესიიდან გარეთ გამოატანინა, მისი საქვეყნოდ გაშიშვლება ბრძანა და მის გვერდით მყოფთ მიანიშნა, ენახათ ხანჯლის კვალი სხეულზე. თავადაც დაადგა თავზე. დიდხანს ათვალიერეს ცხედარი, ხანჯლის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

როგორ დაიტირა ერეკლემ ლევან ბატონიშვილი

და აქ იწყება ის სანახაობა, რომელიც მტერსაც კი შეძრავს - ზნეობრივად ამაღლებულ ერეკლე მუხლებზეა დაჩოქილი საკუთარი შვილის წინაშე, ვერ ერევა ემოციას, ხმამაღლა პატიებას ითხოვს და ხალხსაც მიანიშნებს, რომ უბინძურესი ჭორი საქართველოს მტრის მიერაა აგორებული.

აშკარა იყო, რომ ლევან ბატონიშვილი მოწამლეს. სწორედ ამის შემდეგ უსწრაფესად ვრცელდება ბატონიშვილის გარდაცვალების კიდევ ერთი ვერსია - ამჯერად ყველაფერი ორაგულს ბრალდება - ამ ვერსიასაც ალექსანდრე ორბელიანი გვამცნობს - "თითქოს ლევან ბატონიშვილს ბევრი ორაგული ეჭამოს და უეცრათ ჯდომით მომკვდარიყოს."

აქ კარგად ჩანს, რომ მძიმე დღეშია უკეთური საქმის დამგეგმავი, მისი ფორიაქი კიდევ ერთი დასტური უნდა იყოს იმისა, რომ ბატონიშვილის სიკვდილი სრულიადაც არ არის შემთხვევითი ამბავი, რომ ის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობაა მოწამვლის გზით. ერეკლეს უმძიმესმა პერფორმანსმა კედელთან მიაყენა ბინძური პროვოკაციის დამგეგმავი.

ამბავი ლევანის მკვლელობას ზვარაკად შეწირული შერმაზანისა

ძალიან წვალობს ამ ამბის დირიჟორი - ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მკვლელობის მოტივი ყოფით რეალობას არ გასცდეს და პოლიტიკური ელფერი არ შეიძინოს. საკმაოდ ფილიგრანულად მოქმედებს დამკვეთი. და აქ ჩნდება კიდევ ერთი ჩახლართული ვერსია, რომელიც უკვე კონკრეტულ გვარებსა და სახელებს ასახელებს.

ფაქტია, რომ ლევანი ვეჯინში აბაშიძის სახლში გარდაიცვალა, ბუნებრივია, სწორედ სახლის პატრონი ივანე აბაშიძეა პირველი, ვინც რაღაც უნდა იცოდეს, ამ რეალობაში საკმაოდ საინტერესოდ და დრამატულად ვითარდება მოვლენები.

ლევან ბატონიშვილის მკვლელობის პარალელურად ხდება კიდევ ერთი - შერმაზან აფხაზიშვილის მკვლელობა. და აქ აგორდა სიცრუის მორიგი კამპანია - ამ ვერსიით, შერმაზანი საკუთარმა ყმებმა მოკლეს იმ მიზეზით, რომ თითქოს მათ შური იძიეს ბატონზე, რომელმაც მოწამლა ლევანი.

გამოძიებამ არ დაადასტურა შერმაზანის ყმების ჩვენება - გაირკვა, რომ შერმაზანი ლევანის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 40-ოდე დღეა ცოცხალი, ბუნებრივია, სწორედ ეს იწვევს ეჭვს. შურისძიება, როგორც წესი, ცხელ კვალზე აფექტის მდგომარეობაში ხდება, 40 დღე კი ის დროა, როცა ეს განწყობა მინელებულია, თანაც შერმაზანის ყმებს შეეძლოთ, თავიდანვე ეცნობებინათ ამ ამბის შესახებ ერეკლესათვის და მნიშვნელოვანი ცნობების მიწოდებისათვის გვარიანადაც დასაჩუქრებულიყვნენ.

გამოძიება, რომლის დასკვნასაც ხელს აწერენ სამეფო ოჯახის წევრები, კათალოკოსი, სამღვდელოების წარმომადგენლები, 9 დიამბეგი ადასტურებს, რომ ყმებისგან მოკლულ შერმაზანს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა ლევანის მოწამვლაში.

ეს სპექტაკლი სწორედ ივანე აბაშიძემ გაითამაშა, რომლის სახლშიც მოკვდა ლევანი. მასპინძელმა მოისურვა, ეს ტრაგიკული ფაქტი საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინა. სწორედ ის მტრობდა შერმაზან აფხაზიშვილს. საქმე ის იყო, რომ ერთი საუკუნის წინ, მას შემდეგ, რაც ოსმალებს თავიანთი ბატონობა აფხაზეთზე გაუვრცელებიათ, შარვაშიძეების სახლის ერთ-ერთ წარმომადგენელს თავი კახეთისთვის შეუფარებია. კახეთში მეფეს მიუღია და კარდენახში იმ ვაჩნაძიანთ მამული უბოძებია, რომელთა შტოც აღარ არსებობდა, თუმცა, ბუნებრივია, სხვა ვაჩნაძეებს ჰქონიათ ამ მამულზე თვალი დადგმული.

სწორედ ეს საუკუნოვანი მტრობა იყო ამ სპექტაკლის დადგმის მოტივაცია, რასაც რეალურად არანაირი კავშირი არ გააჩნდა ლევან ბატონიშვილის მკვლელობასთან.

რატომ ჩნდება ლევან ბატონიშვილის მკვლელობისას რუსეთის კვალი

და მაინც, ვისი დაკვეთა იყო ლევანის მკვლელობა? ამგვარ გაურკვეველ შემთხვევაში პასუხი იმ სქემის მიხედვით უნდა გაიცეს, რომელიც კონკრეტულად მიანიშნებს მხარეს, რომელმაც ყველაზე დიდი სარგებელი ნახა ამ მკვლელობით.

ეს უდავოდ რუსეთია, რომელიც მარტო საკუთარი ეთნიკური რესურსებით ვერაფერს აკეთებს და იმპერიული პარადიგმების სახით უამრავ მექანიზმს რთავს მოვლენათა სასურველი სცენარით განვითარებისათვის.

და კიდევ ერთი საკმაოდ საგულისხმო დეტალი. ლევანის გარდაცვალების ვერსიათა შორის ყველაზე სახასიათოა სომხეთის ეკლესიის კათალიკოსის ცრუ ვერსია, რომელიც სულ უფრო მძაფრად გვაფიქრებინებს, რომ ამ ტრაგედიის სცენარი და ვერსიებიც პეტერბურგის საიმპერატორო კარზე დაიწერა.

საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთისათვის სომხურ კოზირს ნამეტანი გასავალი აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )