ია აბულაშვილი
10.06.2017

 "ნიუ-იორკში გიორგი მაჩაბელი იწყებს პარფიუმის საქმეს. თითქმის ხელცარიელი. არაფერი გააჩნია, გარდა პირადი არსებობის საშუალებისა. ამ საქმეში მთელი მისი თანხა მარტო მისი საკუთარი პიროვნებაა. გიორგი იჩენს ამერიკელ მომხმარებელთა პსიხოლოგიის დამკვიდრებულ ცოდნას. იგი ბაზარზე უშვებს თავის პარფიუმის კლასიკურ სერიას. მათ შორის ერთ-ერთი არის "საქართველოს დედოფალი". მისი ჭურჭელი - საპარფიუმო გვირგვინები - ჰხიბლავს საერთო ყურადღებას. მისი ფირმა მაღალი ხარისხის შარავანდედით იმოსება" - ასე შეაფასა ქართული ემიგრაციის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა სპირიდონ კედიამ ულამაზეს ქალთა გულთამპყრობელის, საქართველოსთვის თავდადებული კაცის, გიორგი მაჩაბლის წამოწყებული საქმე ამერიკაში.

ჰობიდან დაყწებული მილიონიანი ბიზენსი კი ასე შეიქმნა: 1924 წელს უკვე ამერიკაში დამკვიდრებულმა გიორგი მაჩაბელმა პირველი ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" გახსნა. მალევე გაითქვა სახელი, მაგრამ ძველი გატაცება - ქიმია მოსვენებას არ აძლევდა და აი, ამ თვითნასწავლმა ქიმიკოსმა 1926 წელს საკუთარი პარფიუმერიული ფირმა "პრინცი მაჩაბელი" დააარსა, რომელიც 30-იან წლებში აშშ-ის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა.

სწორედ მისი წარმატების ფორმულის უცნობ დეტალებსა და პირველი სუნამოს შექმნის ისტორიაზე, გვინდა, მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ დღევანდელ სტატიაში.

პირველი სუნამო - "საქართველოს დედოფალი" - საქართველოს არშემდგარი დედოფლის - მარინა მაჩაბლისადმი იყო მიძღვნილი ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონით.

გიორგი მაჩაბელი საქართველოში მონარქიის აღდგენის მომხრე იყო. იდეაში მას გერმანელი პრინცის - კაიზერ ვილჰელმ მეორის უმცროსი ვაჟი იორახიმისა და ქართველი პრინცესას დაქორწინება ჰქონდა. კანდიდატურაც შერჩეული ჰყავდა - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, "ეროვნულ დემოკრატის -" მიხეილ მაჩაბლის ულამაზესი ქალიშვილი მარინა.

მაგრამ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა. 11 ნოემბერს გერმანული მონარქია დაემხო, მარინა კი იტალიელ პრინცს გაჰყვა ცოლად.

მაჩაბლის პირველი სუნამოს ამბის შეტყობის შემდეგ გრიგოლ რობაქიძეს უთქვამს: "გიორგი ათას საბანში რომ ჩაახვიო და სადმე დამალო, ვინც იქ მივა, მაშინვე შეიტყობს - აქ საქართველოს სუნიაო".

პირველ სუნამოს მოჰყვა "პრინცესა ნორინა", რომელიც თავის იტალიელ მეუღლეს მიუძღვნა. შემდეგ შეიქმნა "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა", რომლებსაც მის ფირმაში მასავით ლტოლვილი ქართველი არისტოკრატები ამზადებდნენ.

 სუნამოს ფლაკონები ჯერ გერმანული ფაიფურისგან იქმნებოდა, შემდეგ - ჯორჯ კობის მინისგან, რომელიც, როგორც ენციკლოპედიის ცნობარშია ნათქვამი, "მიჩნეულია მინის ფლაკონის უმშვენიერეს ხელნაკეთ ნიმუშად".

შუშის ფლაკონები მზადდებოდა ნახევრად ავტომატური მეთოდით. ოქროთი მოვარაყება, ოქროსფერი ზარნიშისა და ზონარის დამზადება ძველებურად ხელით ხდებოდა. ასე მოედო მთელ ამერიკას "მაჩაბლის გვირგვინები", ქვეყანას, რომელსაც იმ დროს საკუთარი პარფიუმერიული მრეწველობა არ გააჩნდა. თუ რამ მზდდებოდა, ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლი იყო, თანაც ძვირი ჯდებოდა. ეს სიცარიელე "პრინცმა მაჩაბელმა" შეავსო.

პირველი სტატიებიც გაჩნდა ამერიკულ პრესაში: "იყო და არა იყო რა! იყო ერთი პრინცი. მან თავის სატრფო პრინცესასთვის შესანიშნავი სუნამო შეაზავა და ამის შემდეგ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ. ეს სიტყვები ზღაპარივით ჟღერს, მაგრამ ზღაპარი სულაც არ არის, ესაა ნამდვილი ამბავი პრინც მაჩაბლისა და დიდი პარფიუმერიული საზოგადოებისა, რომელიც მან დააარსა აქ, შეერთებულ შტატებში, 1920-იანი წლების დასაწყისში" - წერდა ერთ-ერთი ამერიკული ქალთა ჟურნალი.

სარეკლამო განცხადებებს კი თავად გიორგი მაჩაბელი ადგენდა:

"აბანო -" პრინცი მაჩაბლის ზეთი, მცირე რაოდენობის ჩასხმული თბილ წყალში, არჩვეულებრივ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ორგანიზმის მიერ თანდათანობით შეწოვის შემდეგ თქვენ რამდენიმე საათი ჩაიძირებით ამ აღმოსავლურ არომატში. გამოძებნეთ დრო - ისიამოვნეთ ამ ფუფუნებით. ის აგიმაღლებთ განწყობას, მოგიხსნით დაღლილობას, გაგანებივრებთ და მოგესიყვარულებათ. როცა საღამოს ხანგრძლივი დროით სადმე წაბრძანდებით, მისი წყალობით გარშემორტყმული იქნებით ჯადოსნური აურით (1,5 დოლარი)".

"ოქროს შემოდგომა," პრინც მაჩაბლის სუნამო - ეს არის ძალიან თანამედროვე იმბირის სურნელის მქონე გამორჩეული და აღმაფრთოვანებელი სუნამო. თუ გსურთ, იყოთ მისი სახელის მსგავსად საუკეთესო, იპკურეთ ამყად და სიამოვნებით. ის იქნება საწინდარი ყოველგვარი არაჩვეულებრივის. დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი მაჯაზე, ყელთან, ყურების უკან. ეს არის სუნამოს ხმარების ყველაზე სწორი წესი, რათა სურნელი უკეთ იგრძნობოდეს (4.00 დოლარი)."

ასე იქცა "პრინცი მაჩაბელი" აშშ-ში ერთ-ერთ წარმატებულ ბრენდად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )