სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ობსერვატორიის ისტორიაში იყო 1942 წელს ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი "კომეტა"
    ია აბულაშვილი
    05.05.2017

     "... აბასთუმნის მდებარეობა უაღრესად ხელსაყრელია ასტრონომიული სამუშაოებისთვის. თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, არც ერთ ობსერვატორიას ევროპაში არა აქვს ასეთი ხელსაყრელი განლაგება და ძნელია, დაასახელო ადგილი, გარდა ობსერვატორიისა ჰამილტონის მთაზე, სადაც ატმოსფერული პირობები ასევე ხელსაყრელია" - წერდა მე-19 საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომი შერბურნ ბერნჰემი 1893 წელს.

    როგორ და რა ვითარებაში აიგო პირველი ობსერვატორია საქართველოში და ვინ იყვნენ მისი ფუძემდებლები, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო მასალას შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

    თბილისის ობსერვატორია

    ობსერვატორიის პირველი შენობა თბილისში მე-19 საუკუნის შუა ხანებში აიგო მიხეილის პროსპექტზე, რომელიც გერმანელი ასტრონომ-მეტეოროლოგის - არნოლდ მორიცის თაოსნობით გაიხსნა. შენობის არქიტექტორები იყვნენ ოტო სიმენსონი და ლეაპოლდ ბილფელდი.

    თბილისის ობსერვატორიის შენობა თავისი არქიტექტურით ანალოგი იყო ტარტუს და რუსეთის იმპერიაში არსებული პულკოვოს ობსერვატორიისა.

    თბილისის ობსერვატორია გაიხსნა 1861 წელს 1 მაისს და მას კავკასიის მთავარი ობსერვატორია ეწოდა, რომელიც ემსახურებოდა იმპერიის მთელ სამხრეთ ნაწილს, კავკასიას, კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აკვატორიას. ამ დროს ჩამოვიდა სწორედ კავკასიაში სამხარეო - ტოპოგრაფიული განყოფილების ასტრონომი ობოლომსკი ტფილისში და ჩამოიტანა ხელსაწყო, ე.წ. მერიდიანული წრე, რომლითაც ასტრონომები ცაზე ვარსკვლავების განლაგებას ადგენდნენ წამის მეასედების სიზუსტით.

    აბასთუმნის ობსერვატორია

    აბასთუმნის ობსერვატორიის დაარსების ისტორია რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის ვაჟის - გიორგი რომანოვის სახელს უკავშირდება. მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ტუბერკულოზით დაავადებული გიორგი რომანოვი აბასთუმანში გადმოვიდა საცხოვრებლად.

    ის და მისი მეგობარი ასტრონომი სერგეი გლაზენაპი აბასთუმანში პატარა, 9,5-გოჯიანი რეფრაქტორით ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ.

    მოგვიანებით, როცა გლაზენაპის ნაშრომები გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ სუსტი აღჭურვილობის მიუხედავად, იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც განაპირობა აბასთუმნის გამჭვირვალე და სპეციფიკურმა კლიმატმა. სწორედ გლაზენაპის ეს დაკვირვებები გახდა აბასთუმანში ობსერვატორიის მოწყობის საფუძველი.

    აბასთუმნის ობსერვატორიის ისტორია კი ასე დაიწყო: გიორგი რომანოვი ასტრონომიული საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე იყო. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აბასთუმანში მას და მის ამალას ორსართულიანი სახლი აუშენეს.

    იგი ყოველღამე აკვირდებოდა ვარსკვლავებს და გადაწყვიტა, პეტერბურგიდან მოეწვია მისი მეგობარი ასტრონომი გლაზენაპი, რომელიც ამ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა. იგი აბასთუმანში 1892 წლის მაისში ჩამოვიდა.

    გიორგი რომანოვმა პროფესორს დაკვირვებისთვის საუკეთესო ადგილი შესთავაზა და უთხრა, რომ დახმარებოდა მას აქ ობსერვატორიის აშენებაში. გიორგი რომანოვმა ეს საკითხი იმპერატორ ალექსანდრე მესამის წინაშეც დააყენა და თავისი სახსრებით დაიწყო ობსერვატორიის მშენებლობა.

    შეირჩა მესხეთის ქედის სამხრეთი ფერდობი, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე. გიორგი რომანოვი თავად მონაწილეობდა ობსერვატორიის მშენებლობაში, გუმბათის აწყობასა და ტელესკოპის დადგმაში.

    1892 წლის 11 აგვისტოს ობსერვატორია გაიხსნა და დაიდგა სატელესკოპო კოშკი, რომელიც დღესაც "გლაზენაპის კოშკის" სახელითაა ცნობილი.

    "გავემგზავრე კავკასიაში 1892 წელს, მაისში და წავიღე 9,5- გოჯიანი რეფრაქტორი უნივერსიტეტის ობსერვატორიიდან. აბასთუმანში ისეთი ხელსაყრელი პირობები იყო დაკვირვებისთვის, რომ ვაკვირდებოდი მთელი ღამეები და დღისით ვითვლიდი ორმაგი ვარსკვლავ- ორბიტის ელემენტებს. ამასთანავე, მქონდა მიმოწერა ბარნარდთან და ბენჰემთან" - წერდა აბასთუმნის შესახებ პროფესორი გლაზენაპი.

    გლაზენაპის პროექტმა, აბასთუმანში აშენებულიყო ობსერვატორია, მეცნიერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - ერთნი უჭერდნენ მხარს, მეორენი კი ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას.

    განსაკუთრებით წინააღმდეგი იყო გამოჩენილი ასტრონომი, აკადემიკოსი ბრედიხინი. პულკოვოს ობსერვატორიის დირექტორი სტრუევი კი მხარს უჭერდა. მოხდა ის, რომ აბასთუმნის ობსერვატორიამ მუშაობა შეწყვიტა გლაზენაპის საქართველოდან გამგზავრების შემდეგ.

    რუსეთის საიმპერატორო- გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების 1900 წლის "მოამბეში" გამოქვეყნდა ცნობა, რომ "რუსეთის ასტრონომიულ საზოგადოებაში ამჟამად აღძრულია საკითხი აბასთუმანში სამთო ობსერვატორიის განახლების შესახებ, რომელიც ჰაერის სისუფთავით პირველია ევროპაში".

    მაგრამ ეს იდეაც ვერ განხორციელდა და აბასთუმანში დიდი ასტრონომიული ობსერვატორიის აშენების საკითხი დიდი ხნით გადაიდო.

    საბჭოთა პერიოდში კვლავ გაჩნდა ინტერესი აბასთუმნის მიმართ. 1931 წლის 25-30 აპრილს ლენინგრადის ასტრონომიულ ინსტიტუტში ჩატარდა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ცნობილი ასტრონომები და გეოფიზიკოსები. მოისმინეს 50-მდე მოხსენება.

    თათბირზე აბასთუმნის კლიმატური პირობების შესახებ მოხსენებით გამოვიდა პროფესორი გლაზენაპი, სამთო ობსერვატორიისთვის ადგილის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით კი - ნიკო მუსხელიშვილი.

    1931 წლის სექტემბერში ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ აღიარა ობსერვატორიის მოსაწყობად საქართველოს მაღალმთიანი რაიონის უპირატესობა საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებთან შედარებით.

    საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს 1932 წლის თებერვლის დადგენილებით, აბასთუმანში დაარსდა ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომლის დირექტორად დაინიშნა ახალგაზრდა, 24 წლის ქართველი მეცნიერი ევგენი ხარაძე, რომელიც შემდგომ 60 წლის მანძილზე ხელმძღვნელობდა აბასთუმნის ობსერვატორიას.

    ასე დაარსდა 1932 წელს საბჭოთა კავშირში პირველი სამთო ობსერვატორია აბასთუმანში.

    1932 წელსვე ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის და სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიული ობსერვატორიის ექსპედიციის მიერ აბასთუმნის ობსერვატორიაში დროებით დასაკვირვებელ მოედანზე დაიდგა ორი რეფრაქტორი - 33 სანტიმეტრი დიამეტრის სარკიანი ტელესკოპი, ამის შემდეგ კი - გერმანული ფირმა "კარლ ცაისის" მიერ დამზადებული 40-სანტიმეტრიანი ლინზიანი ტელესკოპი. დაიწყო პირველი ვიზუალური დაკვირვება ცვალებად ვარსკვლავებზე. კვლევაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ასტრონომები ხარაძე, ცესევიჩი, ოკუნენკო და სხვები.

    როგორც მეცნიერები ამბობენ, აბასთუმანი იმიტომ შეირჩა, რომ აქ ასტროკლიმატი საუკეთესო იყო. მდგრადი ატმოსფერო, უღრუბლო ამინდები, რადგან ციურ სხეულებზე ოპტიკური ხელსაწყოებით დაკვირვება მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა.

    აბასთუმანი გამოირჩეოდა მოწმენდილი ღამეებით და სრულიად უქარო ამინდებით. ჰაერი კი იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ პლანეტა ვენერას შეუიარაღებელი თვალით ნახვა ზოგჯერ დღისითაც იყო შესაძლებელი, რაც სხვა ადგილებიდან წარმოუდგენელია. თავდაპირველად ასტრონომები ღია ცის ქვეშ ტელესკოპებით აკვირდებოდნენ ციურ სხეულებს.

    1934 წელს აბასთუმნის ობსერვატორია აირჩიეს წყნარი ოკეანის ასტროფიზიკური ასოციაციის წევრად. 1936 წელს აბასთუმანში პირველად ჩამოვიდა უცხოელ ასტრონომთა ჯგუფი პროფესორ მენზელის თაოსნობით.

    1954 წელს ობსერვატორიაში დაიდგა 70-სანტიმეტრიანი მენისკური ტელესკოპი. 1957 წელს ამოქმედდა დედამიწის პირველ ხელოვნურ თანამგზავრზე დაკვირვების სადგური. ორი წლის შემდეგ კი ექსპლუატაციაში შევიდა ყანობილის მთიდან აბასთუმნამდე გაჭიმული საბაგირო გზა.

    ობსერვატორიაში მიმდინარეობდა კვლევები ასტრონომიის თითქმის ყველა დარგში. აქ დღემდე შეისწავლიან მთვარეს, მზეს, პლანეტებს, სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავებს,კოსმოლოგიას, დედამიწის ატმოსფეროს და მზე- დედამიწის კავშირს.

    ობსერვატორიაში დაცულია კოლოსალური საარქივო მასალა. 50 ათასზე მეტი კოსმოსური ობიექტის გამოსახულებიანი მინის ფოტოფირფიტა.

    დღეისათვის ობსერვატორიაში არსებობს 15 ტელესკოპი: 8 სავარსკვლავო და 7 სამზეო, ყველაზე დიდი და ამავე დროს წამყვანი ინსტრუმენტები.

    ქართველ ასტრონომთა უნიკალური აღმოჩენები

    ობსერვატორიის არსებობის მანძილზე ქართველმა მეცნიერებმა უამრავი ობიექტი და მოვლენა აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვან აღმოჩენაზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას.

    ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ობსერვატორიის ისტორიაში იყო პროფესორ გიორგი თევზაძის მიერ 1942 წელს აღმოჩენილი ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი "კომეტა" (ეს აღმოჩენა პირველი ასტრონომიული აღმოჩენა იყო ქართველი ასტრონომის მიერ შესრულებული), რისთვისაც წყნარი ოკეანის რეგიონის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე ქართველი მეცნიერი გიორგი თევზაძე "ჟოზეფ დონოჰოუს" მედლით დააჯილდოვა.

    გასული საუკუნის 50-იან წლებში კი პროფესორმა მიხეილ ვაშაკიძემ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა. იგი აკვირდებოდა კიბორჩხალის ნისლეულს, ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად დარჩენილ გაზ-მტვროვან ღრუბელს, რომლის შუაშიც ვარსკვლავი იყო. იგი 1054 წელს აფეთქდა და ეს მოვლენა შენიშნეს ჩინელმა და არაბმა ასტრონომებმა, შემდეგ კი მიხეილ ვაშაკიძემ აღმოაჩინა.

    როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს სრულიად ახალი ამბავი იყო ასტროფიზიკაში. მოგვიანებით, 1967 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ესტონიმ კიბორჩხალის ნისლეულის ცენტრში აღმოაჩინა კიდევ ერთი მაგნიტური ველის მქონე ვარსკვლავი - პულსარი, რისთვისაც ნობელის პრემია მიიღო, რამაც საფუძველი დაუდო პლაზმურ ასტროფიზიკას.

    1961 წელს კი ასტრონომმა როლანდ კილაძემ პირველმა გაზომა სატურნის რგოლების სისქე. 1974 წელს მანვე პირველმა შეამჩნია პლანეტა მერკურის ატმოსფერო.

    ლუიზა ფიშკოვამ კი, რომელიც ამ დარგში ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი იყო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ მიწისძვრის წინამორბედი, წინმსწრები ნიშანი აღმოაჩინა, რასაც მიწისძვრის პროგნოზირებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

    მან შენიშნა, რომ მიწისძვრის წინ ატმოსფეროში ჟანგბადის მწვანე ხაზის ნათება იზრდებოდა. ასევე დიდია მეცნიერ მაიერის დამსახურება ამ დარგში. აბასთუმნის ობსერვატორიასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ უცხოელ ასტრონომებს. გერმანელმა ასტრონომმა რიჰარდ ვესტმა აღმოაჩინა ასტეროიდი და მას ევგენი ხარაძის სახელი დაარქვა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    კობა შველიძე(ფარცხნალი)   (08.06.2017)
    ბატონი ევგენი ხარაძე იყო ადამიანი რომელიც უანგაროდ გასცემდა თავის ცოდნას და გამოცდილებას ხალხზე, ხელს უწყობდა ახალგაზრდებს განათლების მიღებაში და ცდილობდა საინტერესოდ გადმოეცა სამყაროს შესახებ თავისივე გამოცემულ წიგნებში, ვისაც კი მასთან ქონდა როდესმე კავშირი, ყველა დამეთანხმება რომ, ასეთი ადამიანის მოღვაწეობა უნდა გახდეს, ჭეშმარიტი ქართველისათვის ცხოვრების წესი, მაშინ არ იქნება შური, არ იქნება მტრობა, არ იქნება გაუნათლებლობა, ყოველი დღე იქნება საინტერესო,გახდება გასაოცრად წყნარი და ლამაზი სიცოცხლე, აზრი მიეცემა სწავლას, შრომას, მეგობრობას და ჭეშმარიტ ქრთველობას, როგორიც იყო დიდი ადამიანი, ბატონი ევგენი ხარაძე.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved