სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ენდობიან თუ არა საქართველოში ადვოკატებს?
    ნანა ლაღაძიშვილი
    (13.08.2010)

      ადვოკატები ფრიად საჭირო ხალხი რომაა, ამაზე არავინ კამათობს. სხვა საკითხია, როგორ მუშაობს ადვოკატთა ინსტიტუტი საქართველოში. საზოგადოების ერთი ნაწილი (მათ შორის თავად ადვოკატებიც) მიიჩნევს, რომ მიზანმიმართულად ხდება მათი საქმიანობის და იმიჯის დაკნინება. ამ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი ფაქტი გახმაურდა, როდესაც ამა თუ იმ ადვოკატმა მავან მოქალაქეს საკმაოდ სერიოზული თანხა თაღლითურად გამოსძალა, ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, ერთი წუნკლიანი თაგვი მთელ ორმოს წაბილწავსო და, ბუნებრივია, რიგითი მოქალაქეები უკვე სიფრთხილით და ხშირ შემთხვევაში ეჭვითაც უყურებენ ადვოკატებს.
      "საბედნიეროდ, პირადად არასდროს დამჭირვებია ადვოკატის მომსახურება, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა შემექმნა, აუცილებლად ისეთ ადვოკატს მივმართავ, ვისთანაც არა მარტო პროფესიული, არამედ სხვა, თუნდაც საერთო ნაცნობობა მაკავშირებს. ნებისმიერ ადვოკატს ნამდვილად ვერ ვენდობი. წესით, ადვოკატმა ტყუილი დაპირება არ უნდა მისცეს თავის კლიენტს, არ დაჰპირდეს იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში, იმის გამო, რომ რაც შეიძლება მეტი გასამრჯელო მიიღონ, საქმეს უფრო რთულად უსახავენ მას, ვისაც მათი დახმარება ესაჭიროება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კახა ბახტურიძემ.
      არადა, განვითარებულ ქვეყნებში არა მარტო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენისას, არამედ რიგითი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისასაც კი ადვოკატს მიმართავენ. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებზე მეტ ნდობას მათ უცხადებენ. საქართველოში კი ჯერ "ჩემი ოჯახის ადვოკატის" ინსტიტუტის ჩანასახიც არ არის, შესაძლოა ეს იმის გამო, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ მუდმივი დამცველით ისარგებლოს.
      არადა, მუდმივი საკანონდებლო ცვლილებების ფონზე, შესაძლოა რიგითი მოქალაქე საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. მოქალაქეებს მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად თბილისის მერიამ თბილისელების ადვოკატის პროგრამა შესთავაზა. როგორც ირკვევა, თბილისელები მათი მომსახურებით არცთუ ისე ხშირად სარგებლობენ.
      "სასამრთლო პროცესზე სახაზინო ადვოკატით სარგებლობა ადრეც იყო შესაძლებელი, მაგრამ მათ მიმართ საზოგადოების ნდობა იმდენად დაბალი იყო და არის, რომ თითქმის არავინ მიმართავს დახმარებისთვის. თბილისის მერიის მიერ დაქირავებული თუ დანიშნული ადვოკატების მიმართაც ასეთივეა ჩემი დამოკიდებულება. შესაძლოა არამართებული შეხედულება მაქვს, მაგრამ მათ არ მივმართავ დახმარებისთვის," - აღნიშნა მანანა ნატროშვილმა.
      ადვოკატს კონსულტაციისთვის ხშირად მომართავს ლაშა ბერაია. თუმცა არ უარყოფს იმას, რომ ადვიკატის მომსახურებაში ფულის გადახდა რომ უწევდეს, შესაძლოა მატი მომსახურებით სულაც არ ესარგებლა.
      ლაშა ბერაია: "მეგობარი მყავს სამოქალაქო საქმეების ადვოკატი. ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, მაგრამ კერძო საქმიანობასაც ეწევა. ყოველთვის, როცა რაღაც მჭირდება ან მაინტერესებს იურიდიულად, მას მივმართავ დახმარებისთვის. მაგალითად, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამაში მოხვდა ჩვენი სახლი, მაგრამ ვიდრე დავთანხმდებოდით სამშენებლო კომპანიის შემოთავაზებას, ხელშეკრულება მას გავაცანი. რაღაც დეტალები ბუნდოვნად მეჩვენა. მირჩია, როგორ მოვქცეულიყავი. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ფულადი ანაზღაურების გარეშე მიწევს ყვეალანაირ კონსულტაციას, ფულის გადახდა რომ მიწევდეს, ადვოკატის მომსახურების ფუფუნება არ მექნებოდა."
      ეკა მიქიაშვილმა კი მემკვიდრეობის მიღების დროს წარმოქმნილი დავის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ინერნეტი გამოიყენა, ერთ-ერთ ფორუმზე დარეგისტრირდა და დახმარებისთვის ფორუმის წევრ იურისტებს მიმართა და როგორც აღნიშნავს საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციაც მიიღო:
      "ჩემს მეუღლეს და მის დას შორის წარმოიშვა ქონებრივი დავა. საკმაოდ არასასურველ სიტუაციაში აღმოვჩნდით. მე თვითონ გადავიკითხე კანონი სამკვიდროს მიღების შესახებ, თუმცა ზედმიწევნით მაინც ვერ გავარკვიე, რა უფლება ქონდა ჩემს მეუღლეს. ამის შემდეგ გადავწყვიტე იურისტისთვის მიმემართა. ნაცნობი არავინ მყავდა, ამიტომ ფორუმზე შევედი და იქ მოვყევი ჩემი პრობლემა დაწვრილებით. შეიძლება ითქვას ფორუმის იურისტებმა კოლოქვიუმი მოაწყვეს. დეტალურად განიხილეს ყველაფერი და კონსულტაციაც გამიწიეს"
      საზოგადოების ნაწილისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ უფასო იურიდიულ კონსულტაციას არა მხოლოდ თბილისელების ადვოკატი, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციებშიც მიიღებენ. ასე რომ მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობების არ ქონა არ არის იმის მიზეზი, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ამა თუ იმ ხელშეკრულების გაფორმების დროს არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. 
      იურისტი ინგა დარჩია ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან სამოქალაქო სამართლის მიმართ ინერტულ დამოკიდებულებას უკავშირებს.
    "ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისა ის, რომ სამართლებრივად დაცული რომ იყოს, სასურველია, ნებისმიერი საქმის წამოწყების დროს იურისტის კონსულტაცია გაიაროს. თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციას აფუძვნებს ან ინდმეწარმედ რეგისტრირდება. ასეთ შემთხვევაში იურისტი მას სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, იმის თაობაზე, თუ რა პლუსი და მინუსი აქვს ერთს თუ მეორეს. რომელი უფრო მისაღები ფორმაა მისი საქმიანობისთვის," - აცხადებს ინგა დარჩია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter