სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სექტემბრის ბოლოსთვის საშინელებას მივიღებთ"
    ეკა გულუა
    19.09.2009

    სტუდენტების მშობლები დახმარებას ითხოვენ. ისინი ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს აღნიშნული საკითხის დარეგულირება შეუძლია. ის, ვინც გადასახადის გადახდას ვერ ახერხებს, წერილებით სხვადასხვა უწყებებსაც მიმართავს. იგივე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელსაც სთხოვენ სწავლის საფასური დაუფარონ. მსგავსი წერილები შედის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც, პარლამენტშიც და სხვადასხვა უწყებებშიც. რიგ შემთხვევაში, სტუდენტთა თხოვნის დაკმაყოფილება ხერხდება, თუმცა წერილების რაოდენობა იმდენად ბევრია, ყველას გათვალისწინება შეუძლებელია.
    რაც შეეხება წლეულს ჩარიცხულებს, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით, 2009-2010 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისათვის მილიონ 73 000 ლარი გამოიყოფა. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად სასწავლო გრანტის მეშვეობით.
    სწავლის შეწყვეტის ზღვარზე
    ერთ-ერთი სტუდენტი ანა ახალაია საფასურის გადაუხდელობის გამო იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. პრობლემის შესახებ უფრო კონკრეტულად რესპონდენტი თავად საუბრობს: "უმაღლეს სასწავლებელში ეროვნული გამოცდები 3 წლის წინ ჩავაბარე და 30%-იანი გრანტი ავიღე. ერთი წელი ტექნიკურ უნივერსიტეტში ვისწავლე, მეორე წელს კი სწავლის საფასურის გადახდა ვერ მოვახერხე. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა. დედა ინვალიდია, მამა უმუშევარი იყო.
    უსწავლელი რომ არ დავრჩენილიყავი, ზუგდიდში ერთ-ერთ კოლეჯში გავაგრძელე სწავლა. 1 წელი გადასახადის გადახდა მოვახერხე. შედარებით დაბალი ფასი იყო, 500 ლარი ღირდა. ჩემი იჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, მამაც გარდამეცვალა. ახლა უკვე ამ 500 ლარსაც ვერ ვიხდი და იძულებული ვარ, კოლეჯსაც თავი დავანებო.
    დახმარების თხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართე, თუმცა იმ მიზეზით, რომ კოლეჯი, რომელშიც ვსწავლობ, არააკრედიტებული აღმოჩნდა, დაფინანსებაზე უარი მითხრეს. არადა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა ნასწავლი ვყოფილიყავი, რომ ჩემი ოჯახისა და ახლობლებისთვის ხელი გამემერთა. თუ 15 სექტემბრამდე თანხის ნაწილს მაინც არ გადავიხდი, სწავლას ვერ გავაგრძელებ", - ამბობს ანა ახალაია.
    მსგავსი მაგალითი არაერთია. სწორედ ამიტომ, სტუდენტები და მათი მშობლები საკანონმდებლო ორგანოს სთხოვენ, იქნებ მათი ჩარევით უმაღლეს სასწავლებლებში ფასების მატება შეჩერდეს.
    ოპოზიციის შეთავაზება
    აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით თხოვნის წერილებს საპარლამენტო ოპოზიციაც იღებს. როგორც ვიცე სპიკერი, ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, სტუდენტები მათგან სწავლის საფასურს ითხოვენ, რომლის დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ.
    აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების საშუალებას სთავაზობს.
    "ჯერ კიდევ ივლისში ჩვენ ვთქვით, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადი გაიზარდა. არადა, სახელმწიფომ სტუდენტებს სულ მცირე, მინიმალური პაკეტი უნდა შესთავაზოს. იცით, რომ ჩვენი განათლების რეფორმის შედეგად სტუდენტი ფინანსდება და არა სასწავლებელი. გადასახადი დღემდე 1500 ლარამდე იყო, ახალი სასწავლო წლიდან კი 2250 ლარი გახდა. იმისათვის, რომ სტუდენტმა სახელმწიფოსგან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს, ამისთვის მან უნარ-ჩვევებში მაქსიმალური ქულები უნდა მიიღოს, ასეთები ძალიან ცოტანი არიან. სტუდენტთა 90%-ს თანაგადახდა უწევს.
    როცა ვთქვით, რომ ფასები გაიზარდა, დაგვცინეს, ფასები როგორ გაიზარდა, პირიქით უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება გავზარდეთო. მართალია გაზარდეს, მაგრამ ნახეთ რა მოხდა - თანაგადახდის შემთხვევაში 1500-ლარის 50% 750 ლარს შეადგენდა, 2250-ის 50% კი 1125 ლარია. სხვაობა არ არის? ვის ვატყუებთ? სტუდენტები ძველ ფასებს ვერ იხდიდნენ და წარმოიდგინეთ, წელს რა პირობებში აღმოჩნდნენ.
    უფრო მეტიც, უმაღლესმა სასწავლებლებმა მათ ძალიან მკაცრად გამოუცხადეს, რომ თუ 19 სექტემბრამდე გადასახადს არ გადაიხდიან, სწავლას ვეღარ გააგრძელებინებენ. ასეთი კატეგორიული ტონი მიუღებელი და არაადეკვატურია", - ამბობს ვეფხვაძე "რეზონანსთან" საუბრისას. ამიტომ, მან პარლამენტს საკითხში ჩარევა სთხოვა, კერძოდ, ის მაინც გააკეთოს, რომ გადასახადის გადახდა გადავადდეს.
    ოპოზიციის წინადადება ხელისუფლების მიმართ შემდეგია - სახელმწიფოს შეუძლია, მატება 1500-დან 2250-მდე თავად დაფაროს. "ეს მატება არა სტუდენტის, არამედ სახელმწიფოს ხარჯზე უნდა მომხდარიყო", - ასეთია ქრისტიან-დემოკრატების შეთავაზება.
    რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, მართალია, მათ ტარიფებში ხელისუფლება ვერ ჩაერევა, თუმცა ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლებას გარკვეული რეგულაცია აღნიშნული მიმართულებითაც შეუძლია:
    "კერძო უმაღლესი სასწავლებლების ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, თუმცა შეუძლია ის გააკეთოს, რომ სტუდენტისთვის ფასი არ გაიზარდოს. თუ სტუდენტი პირველ კურსზე გარკვეულ თანხას იხდის, სწავლის დამთავრებამდე ეს თანხა უნდა გადაიხადოს და გადასახადი შუა გზაზე არ გაუძვირონ. თუ ხელისუფლება ამაზე არ დაფიქრდება, სექტემბრის ბოლოსთვის საშინელებას მივიღებთ. ხელისუფლება ტრაბახობს, რომ სოციალური მდგომარეობის განურჩევლად ყველას შეუძლია ჩააბაროს, მართლა ასეა, თუმცა განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, სწავლას ყველა ვერ გააგრძელებს", - ამბობს ვეფხვაძე.
    ხელისუფლების პასუხი
    საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო გადასახადს კი არა, პირიქით, სტუდენტის დაფინანსებას ზრდის. რაც შეეხება კერძო სასწავლებლებს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო ვერ იაქტიურებს.
    ხათუნა ოჩიაური: საკითხისადმი მიდგომა სწორი არ არის. ოპოზიცია საკითხს სწორად არ სვამს, როცა ამბობს, რომ ფასებმა მოიმატა. არადა, პირიქითაა - სახელმწიფომ სტუდენტთა დაფინანსება გაზარდა. თუ ადრე 1500-ლარიანი გრანტით აფინანსებდა, ახლა 2250 ლარს უხდის. ეს მოთხოვნა თავად უმაღლესებიდან სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად წამოვიდა. წელიწადში 1500 საკმარისი არ არის, რომ ერთი სტუდენტი შეინახო. სტუდენტთა დაფინანსების გაზრდა ძალიან კარგი მოვლენაა და საწინააღმდეგო არავის უნდა ჰქონდეს. მოგეხსენებათ, კერძო სასწავლებლებში როგორი ფასებია, 12 000 ლარამდეც კი ადის.
    "რეზონანსი": გასაგებია, რომ სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდა, თუმცა, პრობლემას ის ქმნის, რომ 100%-იან დაფინანსებას სტუდენტთა ძალიან მცირე ნაწილი იღებს. თანადაფინანსების შემთხვევაში კი სტუდენტებს უფრო მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე ადრე...
    ხ.ო: რასაკვირველია, ელემენტარული არითმეტიკაა, რომ ვინც 100% დაფინანსებისთვის საჭირო ქულებს ვერ დააგროვებს, მას გადასახადის გადახდა თანადაფინანსებით მოუწევს. ეს იმ სტუდენტთა კატეგორიას ეხება, რომლებიც სათანადოდ მომზადებულები არ არიან. თუ კარგად იმეცადინებენ, 100%-იან გრანტსაც მოიპოვებენ.
    "რ": კერძო უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს გადასახადებს ყოველ წელს უძვირებენ. აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს ჩარევა თუ შეუძლია?
    ხ.ო: კერძო სასწავლებლებს რაც შეეხება, აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მათ კონტრაქტებში გაითავალისწინონ. სტუდენტებმა კაბალურ ხელშეკრულებებს ხელი არ უნდა მოაწერონ. ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. თუმცა, სახელმწიფოს 2250-ლარიანი გრანტი ამ უმაღლეს სასწავლებლებზეც ვრცელდება.
    ზყთყ პირველი კურსის სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში თანხის მინიმალური ნაწილი, 300 ლარამდე უკვე გადაახდევინეს. სწავლის მთლიანი საფასურის ნახევარი 19 სექტემბრამდე უნდა დაფარონ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter