სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ყველაზე სახალისო ნივთები "საიდუმლო სანტებმა" დააგზავნეს
    თამუნა მუკბანიანი
    (12.01.2017)

     "საიდუმლო სანტა" (თუსკუე თფტეფ) თამაში წინასაახალწლოდ უფრო და უფრო პუპულარული ხდება საქართველოში. წელს ამ თავშესაქცევით არა მხოლოდ მეგობრები და თანამშრომლები ირთობდნენ თავს, არამედ სრულიად უცნობი ადამიანებიც. სპეციალურად ამ მიზნით ინტერნეტ სივრცეში ვებ-გვერდები და აპლიკაციებიც შეიქმნა. საიტზე დარეგისტრირებული ადამიანი წერდა საკუთარ მონაცემებს და ინტერესს, რომლის მიხედვითაც მისი "საიდუმლო სანტა" ურჩევდა საჩუქარს და უგზავნიდა აღნიშნულ მისამართზე.

    აღმოჩნდა, რომ წელს ყველაზე პუპულარული საჩუქარი წიგნი იყო. გარდა წიგნებისა და სახალისო საჩუქრებისა, ადამიანები ერთმანეთს უგზავნიდნენ ძვირად ღირებულ ნივთებსაც. იყო ისეთი ფაქტებიც, როდესაც "საიდუმლო სანტა", ბოლომდე იდუმალი დარჩა და ადრესატმა დღემდე არ იცის, ვინ გაუგზავნა საჩუქარი.

    საკმაოდ უცნაურია ეკა ონაშვილის შემთხვევა, რომელიც არც ერთ საიტზე არ დარეგისტრირებულა, თუმცა საჩუქარი მაინც მიიღო. სიურპრიზმა ძალიან გაახარა, მაგრამ დღემდე ვერ ხსნის, ეს როგორ მოხდა.

    "სამსახურში მეც ვთამაშობდი "სეკრეტ სანტას", თუმცა დარწმუნებით შეიმძლია თქმა, რომ არც ერთ საიტზე არ დავრეგისტრირებულვარ. როცა სამსახურში საჩუქარი დამხვდა ბარათით, რომელზეც ვებ-გვერდის მისამართი იყო მითითებული, ჩემს ძმას დავურეკე და მან გამარკვია, რა ხდებოდა. სავარაუდოდ, სახელი, გვარი, მისამართი და ნომერი დაემთხვა და ეს საჩუქარი ჩემთან მოხვდა, მაგრამ მე ამდენი დამთხვევა შეუძლებლად მეჩვენება.

    მიუხედავად ამისა, საჩუქრით კმაყოფლი ვარ, ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის ვაუჩერი მხვდა წილად. ძალიან მაინტერესებს, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ახალ წელს, ალბათ, მართლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ამბობს "რეზონანსთან" ეკა ონაშვილი.

    კიდევ ერთი უცნაური საჩუქრის ადრესატი მაკო ლომაიაა, რომელმაც დღემდე არ იცის, ვინ იყო მისი "სანტა", რომელმაც ძვირად ღირებული საჩუქრით გაანებივრა. მას საცხოვრებელი ბინის კართან "ქოლდფლეის" ორი ბილეთი დახვდა, თუმცა დღესაც არ იცის, ვინ გამოუგზავნა ბილეთები საყვარელი ჯგუფის კონცერტზე.

    "კართან "ქოლდფლეის" ორი ბილეთი რომ დამხვდა, თავიდან ვიფიქრე, რომ მეგობრები მეხუმრენ და ის არ იყო ნამდვილი, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს პოლონეთში გაზაფხულზე გასამართი კონცერტის ბილეთებია. წარმოდგენაც კი არ მაქვს ვინ შეიძლება ყოფილიყო. სოციალურ ქსელებშიც დავპოსტე და ვითხოვე, გამოჩენილიყო ადამიანი, რომელიც ასე კარგად მიცნობს, იცის, რას ვუსმენ და თან ასეთი გულუხვია, თუმცა დღემდე არ ჩანს. საჩუქარმა, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა. ახლა სანტას ვინაობას როდის გავიგებ, ამას ველოდები", - ამბობს მაკო ლომაია.

    ძვირად ღირებული არა, თუმცა, ალბათ, ყველაზე სახალისო საჩუქარი ირაკლი გაფრინდაშვილს ერგო. საჩუქარმა ყველა სოცილაური ქსელი მოიარა და ძალიან ბევრი ადამიანი დააინტერესა, ვინ გაუგზავნა ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს სტაფილოთი სავსე ყუთი და სიმაღლეში და კარიერაში ზრდა უსურვა.

    "სახლში მისულს ყუთი დამხვდა წარწერით, რომ მადლობელია იმისათვის, რომ მიხაროდა მისი წარმატება წარსულში, რომ ბევრჯერ ვედექი გვერდით. სტაფილოთი სავსე ყუთს სურვილიც მოაყოლა - გავიზარდო სიმაღლეში და კარიერულადაც. თავიდან ვიფიქრე, რამდენიმე დღეში გამოჩნდებოდა, მაგრამ ამაოდ. მერე მეც სხვებივით, ნაცად ხერხს მივმართე და "ფეისბუქზე" დავდე პოსტი. ჩემს მეგობრებსა და გამომწერებში დიდად პოპულარული გახდა სტაფილოიანი ყუთი და სახუმარო თემდაც იქცა, მაგრამ საჩუქრის გამომგზავნი დღემდე არ ჩანს", - განუცხადა "რეზონანსს" ირაკლი გაფრინდაშვილმა.

    ვებ-გვერდზე დარეგისტრირებით, სასურველი საჩუქარი გაუგზავნეს ლაშა გვენეტაძეს, რომელმაც ინტერესში კინომოყვარულობა მიუთითა და ერთ-ერთი კინოთეატრის 6-თვიანი უფასო ვაუჩერი გაუგზავნა "საიდუმლო სანტამ".

    "როცა საიტზე ვრეგისტრირდებოდი, ვიფიქრე, რომ წიგნს, სუვენირს ან რამე მსგავსს მივიღებდი. მეც ასე მოვიქეცი, როცა ნივთს ვარჩევდი უცნობისთვის. ჩემმა საჩუქარმა საკმაოდ დააგვიანა. თითქმის ყველამ 30 დეკემბრამდე მიიღო ამანათი და ჩავთვალე, რომ სანტას დავავიწყდი.

    31 დეკემბრის დილას ფოსტიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემს მისამართს ვერ მოაგნეს და ოფისში უნდა მივსულიყავი. თავიდან დამეზარა, დარწმუნებული ვიყავი, წიგნი დამხვდებოდა კინოს შესახებ, რადგან მხოლოდ კინომოყვარულობა მქონდა მითითებული ინტერესებში. მაინც წავედი და მგონი, საუკეთესო "საიდუმლო სანტა" მხვდა წილად. ერთ-ერთი კინოთეატრის 6-თვიანი უფასო ვაუჩერი მერგო. რა თქმა უნდა, არ ვიცი, ვინ გამომიგზავნა, მაგრამ მას აქვს ჩემი მონაცემები და დიდი იმედი მაქვს, გამოჩნდება. შემდეგ კი მოვახერხებ მადლობის გადახდას", - ამბობს ლაშა გვენეტაძე.

    წინა წლებთან შედარებით, წელს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საჩუქრად წიგნი ითვლებოდა. "რეზონანსი" წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ერთ-ერთ კონსულტანტ ქეთი ხაბეიშვილს ესაუბრა.

    "არა მხოლოდ საახალწლოდ, სხვა დღესასწაულებზეც წიგნის ჩუქება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და ამბობდა, რომ "საიდუმლო სანტას" ვებ-გვერდებზე ინტერესის სფეროში სწორედ მხატვრული ლიტერატურა იყო მითითებული. უცხოურ "ბესტსელერებთან" ერთად, ქართველი ავტორების წიგნებს ბევრი ადამიანი ყიდულობდა საჩუქრად", - აღნიშნა ქეთი ხაბეიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter