სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩასაცმელის ყიდვისას ფასს უფრო აქცევს ყურადღებას, ვიდრე ხარისხს
    ნანა ლაღაძიშვილი
    (29.07.2010)

      ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ საკვების ხარისხზე, გენმოდიფიცირებული პროდუქციის მავნებლობაზე. დიასახლისების დიდი ნაწილი უკვე ცდილობს კონტროლი გაუწიოს, რითი კვებავს ოჯახის წევრებს. თუმცა არანაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ჩასაცმელის ხარისხს. თუ ჩასაცმელის ფერი, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, მოქმედებს პიროვნების გუნება-განწყობაზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქსოვილის ქიმიური შემადგენლობა გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე.
      დიდი ხანია შენიშნულია, რომ ზოგიერთი სამოსი ჯანმრთელობას ვნებს, სხვები პირიქით, დაავადებისგან განკურნებას ეხმარება. საქმე ეხება მასალას, რომლისგანაც ის არის დამზადებული. ნატურალურ ქსოვილს ზოგჯერ სამკურნალო პრეპარატების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, სელს, რომელიც 7000 წელია ცნობილია, უწინ დამცველ თვისებებს მიაწერდნენ და მას წმინდა ქსოვილსაც უწოდებდნენ. ძველ საბერძნეთში ამ ქსოვილის სამოსი ქურუმების პრივილეგიად ითვლებოდა, ხოლო ეგვიპტეში მხოლოდ არისტოკრატებისათვის იყო ხელმისაწვდომი.
      სელი ნატურალური ანტისეპტიკია (ანთების საწინააღმდეგო). მიკრობებს ანადგურებს და ამგვარად ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების აღმოცენებას აბრკოლებს. ამავდროულად არ იწვევს ალერგიას. მეომრებს ჭრილობები სწრაფად რომ მოშუშებოდათ, ნაიარევზე სელის ტილოს ახვევდნენ.
      თანამედროვე მეცნიერებმა მისი ახალი თვისება აღმოაჩინეს - სელის ქსოვილი რადიაციის დონეს ამცირებს. სელის ქსოვილი ჰაერგამტარია, სხეულს არ ეკვრის და კანს "სუნთქვის" საშუალებას აძლევს. ექიმები სელის თეთრეულზე ძილს ურჩევენ მათ, ვისაც მგრძნობიარე კანი, ალერგიისაკენ მიდრეკილება, დერმატოლოგიური დაავადებები და ასთმა აწუხებთ.
      მათ კი, ვისაც კანის დაავადებები (ატოპური დერმატიტი, ეგზემა, აკნე, ტროფიკული და კანის ინფექციური დაავადებები, ფსორიაზი და სხვა) აწუხებთ, შალის სამოსი უნდა ატარონ. ნატურალური შალი შემადგენლობით ადამიანის თმის მსგავსია, მაგრამ მასზე უფრო მაგარია. შალი ადამიანის სხეულის ნივთიერებათა ცვლაზე სასიკეთოდ მოქმედებს. ამავე დროს, შალის ბოჭკო იმდენად გლუვი და ნაზია, რომ მგრძნობიარე კანს არ აღიზიანებს..
      შალის ქსოვილი გამოიყენება სახსრების ტკივილის, რევმატიზმის, ართრიტის, ზურგში ტკივილის, რადიკულიტის დროს... ბატკნის მატყლისაგან დამზადებული შალი განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
      ბამბის ქსოვილი ერთ-ერთი პოპულარულია. მსუბუქია, რბილია, მასში თავს კომფორტულად ვგრძნობთ დღითაც და ღამითაც, ზამთარშიც და ზაფხულშიც. სიცივეში გვათბობს, სიცხეში - გვაგრილებს.
      ხელოვნური ქსოვილები კი გარემოსთან ენერგოცვლას არღვევენ. სინთეტიკას სამკურნალო თვისება არ გააჩნია. პირიქით, ზოგ შემთხვევაში იგი ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც ალერგიული დაავადებები აწუხებთ და ახასიათებთ ჭარბი ოფლიანობა. სინთეტიკური ქსოვილები კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, მისი შემადგენლობა სუნამოს სურნელზეც კი ახდენს გავლენას, როგორც ამბობენ 80%-ით ცვლის არომატს.
      ბუნებრივი ქსოვილის ნაწარმი ყოველთვის გაცილებით ძვირია, ვიდრე ხელოვნური ქსოვილისგან დამზადებული. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კი მსყიდველუნარიანობის დონის გათვალისწინებით ჩასაცმელის ყიდვისას ფასს უფრო აქცევს ყურადღებას, ვიდრე ხარისხს.
      ელენე მაღლაკელიძე: "ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამა თუ იმ დიზაინერის შეკერილი სამოსი მიუწვდომელია, მაგრამ კიდევ უფრო ცუდია, რომ იგივე უმრავლესობა ბაზრობაზე და ბუტიკებშიც ვერ ახერხებს ხარისხიანი ტანსაცმლის ყიდვას. თუნდაც იმიტომ, რომ ის გაცილებით ძვირია, ვიდრე ხელოვნური ქსოვილისგან შეკერილი სამოსი.
      სხვათა შორის, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში კლიენტების სიჭარბე სწორედ იმან განაპირობა, რომ აქ გაცილებით უკეთესი ხარისხის, სუფთა, ნატურალური ქსოვილის ჩასაცმელის ყიდვაა შესაძლებელი. მერწმუნეთ, არავის ეხალისება სხვისი გამონაცვალის ჩაცმა, მაგრამ როდესაც იქ ნაყიდ მაისურაში უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, არ გაწუხებს ოფლიანობა და "დენს" არ გაირტყამს, რაც სინთეტიკურ ქსოვილებს ახასიათებს, უკვე აღარ ფიქრობ, რომ ის მეორადია".
      თუმცა არის ნივთები, რომელზეც თანხა არ უნდა დაზოგოთ, ყოველთვის უნდა შეეცადოთ წინდები, თეთრეული და ფეხსაცმელი ნატურალური ფაქტურისგან ნაწარმოები ატაროთ. რადგან თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი, ბაქტერიული დაავადებები და სხეულის სიმძიმე.
      შესაძლოა ფეხსაცმელი ლამაზიც იყოს, მოდურიც და არც დიდ ზარალს აყენებდეს თქვენს ბიუჯეტს, მაგრამ ჰქონდეს ისეთი ნაკლი, რომელიც მის ყველა ღირსებას გააუფერულებს, ანუ იყოს უხარისხო და მოუხერხებელი.
      უხარისხო ფეხსაცმელმა შეიძლება ყველაზე დახვეწილი ჩაცმულობაც კი გააუფერულოს, რომ აღარაფერი ვთქვათ, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ფეხის ტერფსა და სისხლძარღვებს.
      ხელოვნური ტყავი, როგორი მაღალი ხარისხისაც უნდა იყოს, მაინც ხელოვნურია. გარდა ამისა, ნატურალურ ტყავს სხვა უპირატესობაც აქვს: არ ატარებს ტენს და იწოვს ოფლს, უზრუნველყოფს ფეხების ნორმალურ თბორეგულაციას, პლასტიკურია და ქუსლებს არ აზიანებს. ნატურალური ტყავის სინთეტიკურისგან გარჩევა არც ისე იოლი საქმეა, თუმცა განსაზღვრული თვისებებით მისი ამოცნობა მაინც შეიძლება.
      ურიგო არ იქნება, თუ შეძენამდე ფეხსაცმლის შიგნითა მხარესაც მიაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას. შიდა ლანჩა აუცილებლად ნატურალური ტყავის რომ უნდა იყოს, ამას არა მარტო დიზაინერები და საქონელმცოდნეები (ასეთი სპეციალობაც არსებობდა უწინ), არამედ თქვენი უბნის "საპოჟნიკიც" კი გირჩევთ.
      ნატო გულიაშვილი: "ამას წინათ ფეხსაცმელი მივიტანე შესაკეთებლად ხელოსანთან. შიგნით, "სტელკებს" რომ ეძახიან, იმის გამოცვლა მინდოდა. მაგრამ ხელოსანმა მირჩია, უმჯობესია იგივე დავტოვოთ, რადგან ნატურალური ტყავია და ასეთი შელახულიც კი ჯობია ხელოვნურსო. სუნს და ოფლიანობას გამოიწვევს ხელოვნური და რად გინდაო.
      ისე, ფეხსაცმელზე არასდროს ვაკეთებ ეკონომიას, ყოველთვის საგულდაგულოდ ვარჩევ. მირჩევნია, ერთი წყვილი მქონდეს და ხარისხიანი. ჩასაცმელზე უფრო ვაკეთებ ეკონომიას და ხშირად სინთეტიკაც მაცვია".
      ექიმების განცხადებით, დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს საწოლის აქსესუარები - ლეიბი, საბანი, ბალიში და თეთრეული, რასაც სხეულით ინტენსიურად ეხებით.
      მატყლი ეკოლოგიურ მასალად ითვლება. ამიტომ ხელოვნური შემადგენლობის საწოლის აქსესუარებთან შედარებით, რომელიც ასე ჭარბად გამოჩნდა თბილისის მაღაზიებში, ბევრი უპირატესობას სწორედ ბაზრობაზე გამოტანილ მატყლისა და ბამბის საბან-ლეიბებს ანიჭებს. თუმცა, როგორც "რეზონანსისთვის" სანდო წყაროსგან გახდა ცნობილი, თბილისის ბაზრობასა და მაღაზიებში ნაყიდი მატყლის ლეიბები თუ საბნები ხშირ შემთხვევაში ნაგავზე მოკრეფილი მატყლისგან იკერება.
      ეს ინფორმაცია ისნის ბაზრობაზე საბან-ლეიბებით მოვაჭრეებმა არც დაადასტურეს და არც უარყვეს. ის კი აღნიშნეს, რომ კარგი, ახალი მატყლით თუ ბამბით შეკერილი ლეიბები და საბნები გაცილებით ძვირია. იაფფასიან საბნებში კი შედარებით დაბალი ხარისხის მასალას იყენებენ. რას ნიშნავს მასალის დაბალი ხარისხი, ამაზე პასუხის გაცემა კი გაუჭირდათ, უფრო სწორად არ ისურვეს.
      "რეზონანსის" წყაროს განმარტებით კი, სწორედ ამ იაფფასიან საბნებში და ლეიბებში იყენებენ მატყლს და ბამბას, რომელსაც ნაგავსაყრელზე აგროვებენ გარკვეული პიროვნებები და აბარებენ როგორც გამყიდველებს, ასევე სამკერვალო საამქროებს. ამის მოსმენის შემდეგ, უკვე ეჭვით შეხედავ იმ მოსაზრებას, რომ ხელოვნური მასალით - სინტიფონით, ფილიზელინით, პოროლონით დამზადებული საბან-ლეიბები და ბალიშები მეტ ზიანს აყენებს ორგანიზმს და მშვიდ ძილს, ვიდრე მატყლისა და ბამბის შიგთავსიანი. გარდა ამისა, თუ საბანს ან ლეიბს დაყნოსავთ, საკმაოდ არასასიამოვნო სუნს შეიგრძნობთ. რაც იმ ქსოვილისთვის არის მახასიათებელი, რაშიც საბანი და ლეიბი იკერება.
    დოდო ნავროზაშვილი, მოვაჭრე: "ამ საბნებსა და ლეიბებს ჩვენ ვკერავთ. მასალას ლილოში ვყიდულობთ. ქსოვილებს იმდენად სპეციფიკური სუნი აქვს, რომ ხშირ შემთხვევაში კერვის დროს პირბადეს ვხმარობ. მყიდველს ყოველთვის უჩნდება კითხვა, რატომ აქვს ასეთი სუნი, ბევრი ამის გამო აღარც ყიდულობს. ვინც ყიდულობს, იმას ვურჩევთ, რომ რამდენიმე დღე მზეზე გაფინოს, ვიდრე მოიხმარს".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter