სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "შარშანდელთან შედარებით, გაყიდვებმა ზაფხულის პერიოდში 15-20%-ით იკლო"
    მარი ჩიტაია
    (27.07.2010)

    ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის სფეროს რეალიზაციის თვალსაზრისით, პრობლემები არ ჰქონია არც ეკონომიკური კრიზისის პერიოდში და არც შემდეგ. ლარის კურსის რყევა კი გახდა მიზეზი, რის გამოც ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდა.
      მართალია, გაყიდვების მაჩვენებელმა ბოლო თვეების განმავლობაში ამ სფეროშიც იკლო, მაგრამ ამის მიზეზად ჯერჯერობით მხოლოდ საზაფხულო სეზონი სახელდება. მთლიანობაში ბავშვთა კვების სეგმენტში მდგომარეობა დღეს სტაბილურად ფასდება. მიზეზი მარტივია, რაც არ უნდა უჭირდეს ოჯახს, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვის კვება პირველ ადგილზე დგას და მის მიმართ ხარჯების შემცირებას, საეჭვოა, ვინმე გეგმავდეს.
      მთლიანობაში, ამ ბიზნესში არსებულ ვითარებას სააფთიაქო ქსელები და ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციით მოვაჭრეები არაერთგვაროვნად აფასებენ.
      სავაჭრო დახლებზე ბავშვთა კვების საშუალებების ძალიან დიდი არჩევანია. სხვადასხვა წარმოებისა და დასახელების პროდუქციის ხარისხიც და ფასებიც განსხვავებულია. ყველაზე გაყიდვადი გერმანული ნაწარმია, რომელსაც არც რუსული ჩამორჩება. სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროდუქციის აქტიური მომხმარებელი რჩება.
      როგორც წესი, სიიაფე ამ ბიზნესისთვის უცხოა. ყველაზე მოთხოვნადი "ჰიპისა" და "ჰუმანას" საკვები პროდუქტია (8-10 ლარია და ზემოთ). თითქმის ამდენივე ღირს ამავე დასახელების საბავშვო ჩაი. საკმაოდ მაღალ ფასს ინარჩუნებს რუსული ნაწარმი, ერთ-ერთი მათგანის, "ნუტრილაკის" პროდუქციის ფასი 12-დან 25 ლარამდე მერყეობს.
      ეს სააფთიაქო ქსელების ფასებია. სხვადასხვა დასახელების აფთიაქების მიერ გამოცხადებული ფასდაკლებები არც ბავშვთა კვების პროდუქტებს შეეხო, არც ჰიგიენის საშუიალებებზე ასახულა.
      შედარებით იაფად არის ეს პროდუქცია წარმოდგენილი საბითუმო ქსელებსა და ბავშვთა კვების სხვადასხვა ობიექტებში. თბილისის მოსახლეობის უმეტესობა არჩევანს მაინც ბაზრობებზე აკეთებს, სადაც ანალოგიური დასახელების პროდუქცია გაცილებით იაფად იყიდება.
      "ნანის" პროდუქცია (დედის რძის შემცვლელი ფხვნილი) საბითუმო მაღაზია "აჩის" ქსელში 13-21 ლარის ფარგლებშია წარმოდგენილი. "ფრისო" - 11,50 ლარია, ამავე დასახელების ფაფა 4,40 ლარად იყიდება. ამდენივე ღირს "ნესტლეს" ფაფაც.
      რაც შეეხება პამპერსებს, ყველაზე გაყიდვადი თურქული წარმოების "ქან ბეიბია", თითო საფენის ფასი 25 თეთრიდან 45 თეთრამდე მერყეობს (მთლიანი შეკვრა 16-18 ლარი). "ლიბეროს" საცალო ფასი 35-56 თეთრია. თითო შეკვრა "სლიფ ენდ ფლეი" 18-19 ლარია, ხოლო ცალობით 29-45 თეთრის ფარგლებშია.
      ბოლო 2 თვის განმავლობაში ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური საშუალებების ფასმა 10 პროცენტით მოიმატა. ამ ბიზნესის წარმომადგენლები გაძვირების მიზეზად დოლართან მიმართებაში ლარის კურსის შესუსტებას ასახელებენ.
      "შარშანდელთან შედარებით, გაყიდვებმა ზაფხულის პერიოდში 15-20%-ით იკლო, რაც ამ სეგმენტისთვის ძალიან ცუდი მაჩვენებელია. მდგომარეობა, ალბათ, შემოდგომის პერიოდში გამოსწორდება. სეზონის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდანაა გასული, რაც გაყიდვებზე ადეკვატურ გავლენას ახდენს.  
      კვების თუ ჰიგიენის მიმართულებით, ცვლილება ყველა პროდუქციაზე აისახა. გასაგებია, რომ ბავშვი კვების გარეშე არ იზრდება, შესაძლოა, ჰიგიენის საშუალებები მოაკლო, მაგრამ ბავშვთა კვების მიმართ თავის შეკავება, წარმოუდგენელია. რამდენადმე შემცირდა მოთხოვნა პამპერსებსა და ჰიგიენის სხვა საშუალებებზე. ამ დროისთვის უფრო უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მომხმარებელიც უფრო გააქტიურდა. 
      რამდენიმე თვის წინ სულ სხვა სიტუაცია გვქონდა. აშკარაა, რომ ამ პროდუქციის შესაძენად ხალხს სხვა ყოფითი ხარჯების დაზოგვა უწევს. ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო, პირიქით, კიდევ უფრო გაუარესდა", - ამბობს თათული კალანდაძე, მაღაზიის გამყიდველი.
      "სხვადასხვა დასახელების პროდუქცია შემოგვაქვს, მათ შორისაა როგორც თურქული, ასევე ევროპული ნაწარმი. ბავშვთა კვება და ჰიგიენა მომსახურების ისეთი სფეროა, რომელიც აქტიურობას ნებისმიერ დროს ინარჩუნებს. შეიძლება, ცვლილებები გვქონდეს, მაგრამ არა დიდი მასშტაბებით", - ამბობს "ბავშვთა კვების" კონსულტანტი.
      სააფთიაქო ქსელები გაყიდვების აქტიურობას, მეტ-ნაკლებად, ინარჩუნებენ. თუმცა, მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარაგებმა იკლო და ხალხი თადარიგის წინასწარ დაჭერას, რასაც ადრე მასიური სახე ჰქონდა, ახლა თავს არიდებს.
      "პროცენტული მაჩვენებლებით თქმა, თუ რამდენად იკლო ან იმატა გაყიდვებმა, სპეციალური კვლევის გარეშე ძნელია. როგორც წესი, ეკონომიკური კრიზისის დროს ძვირადღირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა იკლებს, სამაგიეროდ, იზრდება მოთხოვნა დაბალფასიანი პროდუქციის მიმართ. ცხადია, ეს გამოწვეულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობით, სხვა არგუმენტი ნაკლებსავარაუდო იქნებოდა.
      ხალხს ელემენტარული საშუალება არ აქვს. ვისაც ასე თუ ისე, შერჩა შემოსავალი, ხარჯები შეამცირა. მაგალითად, თუ ადრე ბავშვის პამპერსები ცალობით იშვიათად იყიდებოდა, დღეს მთლიან შეკვრებზე მოთხოვნა თითქმის შეჩერდა. მომხმარებელი ბავშვთა კვების თუ ჰიგიენის პირველადი მოხმარების საგნების ცალობით შეძენას სჯერდება", - ამბობს ერთ-ერთი აფთიაქის კონსულტანტი.
    "ყველა სახის საბავშვო პროდუქცია 15-20 თეთრით გაძვირდა. ამის მიზეზი ლარის კურსის მერყეობაა. მოსახლეობას ისედაც უჭირს, ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა. გაყიდვებზე თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს ზაფხულის სეზონიც. რეალიზაციამ ცოტა იკლო, მაგრამ იმედია, მალე გამოსწორდება", - განმარტა ჩვენთან საუბრისას ქეთევან ჯაფარიძემ, ბავშვთა კვებისა და ჰიგიენის მაღაზია "ვაკას" მენეჯერმა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნინო   (17.07.2013)
    რა მნიშვნელობა აქვს რა ქალაქგარეთ ბავშვს არ უნდა კვება ან საფენი?


    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter