სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ბრალი ედება იმაში, რომ გაუგზავნა გენუის კონფერენციას მემორანდუმი რუსის ჯარის მიერ საქართველოს დაპყრობის შესახებ"
    ია აბულაშვილი
    23.05.2016

     დიდი რისკის ფასად, მაგრამ ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ გაზეთებში მაინც ქვეყნდებოდა საკუთარი კორესპონდენტების მიერ ოკუპირებულ საქართველოდან მიღებული ინფორმაციები, რომლებიც ამხელდნენ ბოლშევიკების მიერ საქართველოში ყოველგვარი ეროვნულის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს.

    ერთ-ერთი ასეთი წერილი გამოქვეყნდა 1927 წელს გაზეთ "ბრძოლაში" - "კათალიკოს ამბროსის გასამართლება".

    გაზეთი "ბრძოლა" (1927 წელი)

    წერილს თან ახლავს სარედაქციო შენიშვნა: "აქ მოყვანილი წერილი, რომელიც აგვიწერს კათალიკოს ამბროსის გასამართლებას, საქართველოდან ერთი ჩვენი ამხანაგის მიერ არის მოწერილი 1924 წლის 12 მარტის თარიღით.

    იმ ხანებში ჩვენ უცხოეთში ჩვენი პერიოდული გამოცემა არ გვქონდა და წერილიც დაუბეჭდავი დარჩა. ვათავსებთ მას ეხლა კათალიკოს ამბროსის გარდაცვალების გამო".

    გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან: "10 მარტს 1924 წელს გაიხსნა "უზენაეს სასამართლოს" სესია. როგორც იცით, ამბროსის ბრალი ედება იმაში, რომ მან შეადგინა და გაუგზავნა გენუის კონფერენციას მემორანდუმი რუსის ჯარის მიერ საქართველოს დაპყრობის შესახებ; აგრეთვე, - მას და სხვა ბრალდებულთ - სიონის ტაძრის და სხვა განძეულობის გადამალვასა და დაფარვაში.

    ამ პროცესით საქართველოს დღევანდელ მმართველთ უნდოდათ უკანასკნელი დაფნის გვირგვინი ჩაეწნათ იმ თავიანთ "დიდ მოღვაწეობაში", რომელიც რუსოფილ-ცენტრალისტებმა დაიწყეს ამ ერთი წლის წინათ და რომელიც გამოიხატა ქართველი ხალხის სინდისის შელახვაში, ქართული ეკლესია-მონასტრების დანგრევაში და აოხრებაში, სამღვდელოების დევნაში, ბევრი მათგანის ქურდულათ მოკვლაში და სხვა.

    ამბობენ, ორჯონიკიძე წინააღმდეგი იყო ამ პროცესის გამოწყებისა, მაგრამ ცეკაში მოპირდაპირე აზრმა გაიმარჯვაო. ორჯონიკიძე მართალი გამოდგა, რადგან ამ პროცესით კომუნისტებმა მიაღწიეს სრულიად წინააღმდეგს იმისა, რაც მათ მიზნად ქონდათ დასახული.

    პროცესმა აშკარა ჰყო ყველასათვის და უპირველესათ კომუნისტებისათვის, რომ მთელი ქართველი ხალხი შეურყევლად ადგია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზას. ამ "გასამართლებამ" მთელი საზოგადოება ააფორიაქა. რამდენი დღე გადიოდა, იმდენი ატმოსფერა იკუმშებოდა.

    ბრალდებულები, დამცველები, მოწმეები ხალხის საერთო თანაგრძნობით იყვნენ გარემოცული. ხოლო მთავარ ბრალდებულს, კათალიკოს ამბროსის წამებულის გვირგვინი დაადგეს ოკუპანტებმა...

    სასამართლოს თავმჯდომარეთ, თითქოს განგებ, გიორგი ჩხეიძე წამოასკუპეს, რათა უფრო აშკარა გამხდარიყო ბრალდებულთა ინტელექტუალური და ზნეობრივი სიმაღლე ბრალმდებელთა სიბნელის და ზნეობრივი სიმახინჯის გვერდით.

    გიორგი ჩხეიძე ცნობილია, როგორც ქურდი და გათახსირებული ადამიანი. ის ერთ დროს მოიჯარადეთაც იყო და მუშებს ტყავს აძრობდა. ეხლაც კარგათ ითბობს ხელს, როგორც სხვა დიდი კომუნისტები, უვიცი, ხეპრე; მეორე მხრივ, ჩვენი სამღვდელოების ყველაზე მეტათ განათლებული და ზნეობრივათ საუკეთესო ნაწილი თითქმის ყველა - ცარიზმის დროს საქართველოს ეკლესიის თავისუფლებისავის მებრძოლნი.

    პროცესს აუარებელი ხალხი მოაწყდა

    საქმის გარჩევა ღია კარებში იქნებაო - გამოაცხადეს. სინამდვილეში კი - ჩვეულებრივი ჩეკისტური ძალმომრეობა; პროცესს აუარებელი ხალხი მოაწყდა; დარბაზში კი სცდილობდენ არავინ შეეშვათ, გარდა თავისიანებისა. მიუხედავად ამისა, ხალხის ნაწილი მაინც ახერხებდა შესვლას.

    ნაძალადევის თეატრის ეზოში და ახლო-მახლო ქუჩებში მოზღვავებული ხალხი ღამის 12 საათამდე არ იშლებოდა. წესრიგის და აუდიტორიის გაწმენდის საქმე ებარა პირველი რაიკომის თავმჯდომარეს, ვინმე გოლდბაუმს. ეს ვაჟი ოფლში იწურებოდა, რომ დავალება კარგად შეესრულებია, დარბაზს კომსომოლებით და ხულიგნებით ავსებდა. ქართველ საზოგადოებას კი ახლოს არ აკარებდა.

    ამ ნიადაგზე ერთ საღამოს შეტაკებამდისაც კი მივიდა საქმე. კურსანტებმა რამდენიმეჯერ თოფები გაისროლეს და აღელვებული ხალხი გაჰფანტეს. არ ყოფილა ისეთი დღე, რომ აუდიტორიაში რამდენიმე კაცი არ დაეჭიროთ. იჭერდენ ყველას, ვისაც კარანდაშს და ქაღალდს დაუნახავდენ. დაიჭირეს ერთი გიმნაზიის მოწაფე, რომელსაც აბრალებდნენ სტენოგრამის წერას.

    ერთ დღეს მოწყალება მიიღეს და დეპო - სახელოსნოების მუშები თავისუფლად შემოუშვეს (ეს მას შემდეგ, როცა იმათ კოლექტიური პროტესტი განაცხადეს, რომ არ უშვებდენ). მოაწყვეს რუსული შაბლონით "დელეგაციები", რომლებიც ითხოვდენ ბრალდებულების და დამცველების დახვრეტას.

    ასეთი "დელეგაციები" და "პროცესიები" შემდგარი რუსების და ქუჩის ბიჭებისაგან, რამოდენიმეჯერ მოათრიეს "სასამართლოში" პლაკატებით და სხვა შიგ სასამართლოს დარბაზში ხომ ნამდვილი ვაკხანალია იყო - გოლდბაუმმა მოახდინა კომსომოლისტების მობილიზაცია, კომსომოლის უმრავლესობა ხომ უცხოელებია, ხულიგნები, ბიჭ-ბუჭები მთელი ქანდარა ამათ ეკავათ, ყოველ გამოსვლას ბრალდებულთა თუ დამცველთა სტვენით, კიჟინით, ლანძღვა-გინებით ხვდებოდნენ.

    განუწყვეტლივ გაისმოდა ყვირილი: "ზირს ნინიძე, ზირს ამვროსი, ზირს ბარათოვი". სახელდახელოთ ასწავლეს ამ უცხოელებს ორი-სამი ქართული სალანძღავი სიტყვა და აყვირებდნენ ქუჩურათ.

    დამცველებს ყოველგვარ დაცინვით და შეურაცხყოფით უმასპინძლდებოდენ, აბამდენ პალტოზე კარიკატურებს, ან ადიოდენ სასამართლოს მაგიდასთან და კარიკატურებს ცხვირში სჩრიდენ ვექილებს და ბრალდებულებს.

    საჭირო იყო იობისებური მოთმინება, რომ კაცს ეს დამცირება და ძალმომრეობა აეტანა. ვექილებს და ბრალდებულებს შესანიშნავად ეჭირათ თავი. მათ სიმშვიდეს მოთმინებიდან გამოჰყავდა ხულიგანთა ბრბო.

    ამ უკანასკნელთა 90 პროცენტი ხომ უცხოელები იყვენ, ქართული არ იცოდენ, ამისთვის ლოჟაში გოლდბაუმმა დასვა ქართულის მცოდნე კომუნისტი, რომელიც იქიდან ქანდარას ცხვირსახოცით ნიშანს აძლევდა, როდის ეყვირათ და როდის არა.

     ყველაფერი ეს, ყოველი სიტყვა, მოქმედება ელვის სისწრაფით ედებოდა მთელ ქალაქს და ხალხს აღელვებდა. მიუხედავათ ათასგვარი ზომებისა, უკანასკნელი სამი სხდომის გარდა (როცა გოლდბაუმს მხოლოდ სიებით შეყავდა კომუნისტები), დარბაზში საკმაო ხალხი ახერხებდა შეძრომას.

    როცა ამბროსი შემოიყვანეს, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა

    ამისთვის გაღიზიანებული საზოგადოება ყოველივე ხრიკებს და ეშმაკობას მიმართავდა. პირველ დღეს როცა ამბროსი შემოიყვანეს, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა. მოსამართლეების შემოსვლაზე კი არ ამდგარან. მეორეჯერაც ასეთი სურათი განმეორდა.

    ამის შემდგეგ ჩხეიძემ "უხრიკა" და ყოველთვის სასამართლოს წევრები შემოდიოდნენ ამბროსისთან ერთად, რათა გაენელებინათ ეს აშკარა დემონსტრაცია.

    ბრალდებულებმა არაჩვეულებრივი სიმხნევე და გაბედულება გამოიჩინეს. მთელი პროცესის განმავლობაში შეურყეველი ფრონტით იდგენ ეროვნული ინტერესების ნიადაგზე.

    ამბროსის ჰკითხეს, იყავით თუ არა როდისმე მიცემული პასუხისგებაშიო, - ცარიზმის დროს მდევნიდენ და დამსაჯეს სწორეთ იმისათვის, რისთვისაც თქვენ მასამართლებთო, - უპასუხა კათალიკოსმა.

    დამცველებმა მოითხოვეს საექსპერტო კომისიები გამოსარკვევათ მემორანდუმში აღნიშნულ ცნობებისა და საქართველოდან ქონების გაზიდვის, საქართველოს მიწა-წყლის უცხოელებისათვის გადაცემის და სხვა ფაქტების შესახებ. რასაკვირველია, ეს შუამდგომლობა სასამართლომ უარყო.

    მიუხედავათ ამისა, პროცესმა რამდენიმეთ მაინც ახადა ფარდა იმ საშინელებას, რაც საქართველოს დაატყდა და სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩეკა და გოლდბაუმი ასე ცხრილავდენ დამსწრეებს. ქონების გაზიდვა დამტკიცდა: როსტოვში რომ ტფილისის ტრამვაის საუკეთესო ვაგონები წაიღეს და სხვა.

    მიწა-წყლის გაცემა ხომ იოლი დასამტკიცებელი იყო. უცხოელების გაბატონება, ენის შერყვნა, ქართველების დამცირება და სხვა და სხვა ყველასათვის ნათელი შეიქმნა. ბრალდებულთა უმეტესობა ჩეკაში აწამეს სასურველი ჩვენების მისაღებად.

    საბჭოს ერთი წევრი პროკურორი ოკუჯავას შეკითხვაზე - რატომ ეხლა სხვას ლაპარაკობ და ჩეკაში კი სხვა გითქვამსო, უპასუხებს: იქ სხვა პირობებში ვიყავიო. ოკუჯავა დაჟინებით მოითხოვს - რა პირობები იყოო. ბრალდებული სთხოვს, გაანთავისუფლონ ამ კითხვაზე პასუხის მიცემიდან, რადგან ეს პასუხი მთავრობას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებსო. შემდეგ მაინც ამბობს ზოგ რამეს, თუმცა ძალიან ცოტას.

    დაკითხვის წინ გამომძიებელმა მიკმა (საგამომძიებლო მასალა რუსულ ენაზეა შედგენილი) ჩეკის სარდაფიდან შეიყვანა ის პატარა, სრულიად ბნელ კარცერში, სადაც, მიუხედავათ დაპირებისა - მალე შემოვალ, გაგიყვან ჩვენებისათვისო, ბრალდებულს 24 საათი უნდა გაეტარებია ფეხზე, ნახევრად მოხრილს (სივიწროვის გამო). იატაკზე საშინელი სიბინძურე იყო. მეორე დღეს მიკი მოვიდა და დაემუქრა - უარესი მოგელის, თუ ისეთი ჩვენება არ მოგვეცი, რაც ჩვენ გვესაჭიროებაო.

    სასამართლოში ყველას ღირსეულად ეჭირა თავი. ყველამ ერთნაირათ და გაბედულათ აღნიშნეს, რომ ამბროსის მიერ გაგზავნილი მემორანდუმი მიზანშეწონილი იყო, რომ მისი გაგზავნის უფლება მას ქონდა, რომ მემორანდუმი გამოხატავდა ხალხის სულისკვეთებას და ამიტომაც იყო, რომ მას ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა.

    მოწმეებსაც გაბედულად ეჭირათ თავი. თანდათან, რაც დრო გადიოდა, პროცესზე როლები იცვლებდა. ბრალდებულები, ვექილები თავდაცვიდან შეტევაზე გადადიოდნენ. სასამართლო და ბრალმდებლები თავს იცავდნენ.

    ეს სრულიად აშკარა ჰყო "პროკურორის" სიტყვამ. საცოდავი ერქომაიშვილი არაფერს არ გავდა. ცდილობდა თავი დაეცვა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ამბროსიმ თავი დამნაშავეთ არ იცნო. რეზოლიუციაში ნათქვამია, ამბროსიმ და სხვებმა თავის დანაშაულობა აღიარესო. ეს ტყუილია თავიდან ბოლომდე...

    რაც შეეხება განძეულობის გადამალვას, ამის შესახებ ბრალდებულებმა, მოწმეებმა და ვექილებმა მრავალი ფაქტი მოიყვანეს, რომ ძველად საქართველოში, როცა მტერი შემოესეოდა - სამღვდელოება ქონებას საიმედო ალაგას მალავდა, რათა ის ერისთვის შეენახა. ეხლაც ამ მიზნით მოვიქეცით ასეო."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×