სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ბასილაია
    19.09.2009

    თურმე საქმე არც აქ ყოფილა მარტივად... ბაზრობაზე "ნავაროტკიანი" იმდენი ზარი მაჩვენეს და მომასმენინეს, რომ თავგზა ამებნა... ვუსმენდი სათითაოდ ყველა შემოთავაზებულ ვარიანტს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ვერც ერთი, გამყიდველების თქმით, "მმმაგარი" ზარის ხმას ჩემს სახლში ვერ ავიტანდი. რაღაც აკლდა, უფრო სწორად, არც ჰქონია. ერთსაათიანი "ბოდიალის" შემდეგ გავიგე, რა არ ქონდა ამ ზარებს - სულიერება...
    ბოლოს, ერთ ნასვამ რუსს მივადექი, რომელმაც ირანულ ყუთში ჩასმული ზარი მომასმენინა. გავჩერდი: ამ ზარს არ ჰქონდა სუპერმექანიზმები, სინთეზატორული "ნავაროტკები", ჩიტების ჭიკჭიკი, "რობოტოიდური" ხმები - ამ ზარს ჰქონდა მხოლოდ ორი ნოტის ჟღერადობა და ვიგრძენი, რომ რაღაც ძველი და ძალიან თბილი მოგონებები აღმიძრა...
    გამახსენდა ბავშვობა, "ზასტოი", შემდეგ საბჭოეთის მსხვრევის პერიოდი... როგორ მოდიოდნენ ამ ზარის ხმაზე ჩემს ძველ სახლში აწ გარდაცვლილი ჩემი მეგობრები - ზოგი ომს ვერ გადაურჩა, ზოგი - პირად პრობლემებს, ზოგი - კიბოს...
    ერთი სიტყვით, მოვიტანე სახლში ზარი და შევხედე ჩემი მეზობლების კარებს: აღმოვაჩინე, რომ ყველას კედელში ჩასმული ზარი ჰქონია: თურმე უნდა გაბურღო კედელი იმისთვის, რომ შიგ ზარი ჩასვა.
    "დღეს ყველა ასეთ ზარს აყენებს, კედელში ჩასმულს, უფრო კაია, რა", - მითხრა ჩემმა ხელოსანმა. მე კი ჩემთვის ვიფიქრე, შესაძლოა, ზარი კარებზე - მაცხოვრებლის ერთგვარი სავიზიტო ბარათიც კი არის, ისევე, როგორც ფეხის გასაწმენდი ტილო, ან ჭუჭრუტანა, რომელიც 2 ლარად ვიყიდე! ახლა მათაც შევხედე - შევადარე მეზობლებისას და საკუთარ თავს "საშუალო" მაცხოვრებლის სტატუსი მივანიჭე...
    მოკლედ ბევრი ვიფიქრე ამ ზარის თემაზე და ცოტა არ იყოს ვინანე, რომ "პრესტიჟულ" ზარზე ფული დამენანა, (თან ამ ჩემს ახალ სახლსაც "პრესტიჟულს" ეძახიან, რადგან "სამეზობლოც" "პრესტიჟულია" და ადგილიც, როგორც ამბობენ...), თუმცა ყველა ეჭვისა და ფიქრის მიუხედავად, საღამოს მსიამოვნებდა, როდესაც ჩემი შვილის დაბადების დღეზე მოსული სტუმრები იმ ზარს რეკავდნენ, რომლის ხმა ძალიან მომწონდა.
    ჩემს შვილს ჩემმა მეგობრებმა საკმაოდ ძვირი (170-ლარიანი) სათამაშო ჩასაჯდომი ჯიპი უყიდეს... რა გვექნა, 300-ლარიანი ვერ "გავქაჩეთ"! მიხაროდა, როგორც იქნა, ბავშვს ოცნება აუსრულდა-მეთქი. მაგრამ გათენდა დაბადების დღის მეორე დილა და ჩემმა 3 წლის ბიჭმა დამიჭირა სახე ორივე ხელით, თვალებში ჩამხედა და მითხრა: "დედიკო ტოიოტას ჯიპი მიყიდე, ტოი-ო-ტა!" - დამიმარცვლა კიდეც.
    უცბად მივხვდი, რომ ჩემი შვილი, ისევე, როგორც მთელი ჩვენი ქართული ყოფა, მეშჩანობის, სნობისზმის, ვეშიზმისა და ათასი სხვა ყალბი ღირებულებების სამყარომ ჩაითრია. ანდა, რა არის გასაკვირი, როდესაც ბავშვი ქალაქში ძვირიან "ტოიოტებზე" და "მერსედესებზე" "წამხტარ" ამდენ ხალხს ხედავს?
    ბევრი მიფიქრია სიმდიდრის ფენომენზე დღევანდელ ან თუნდაც 10-15 წლის წინანდელ საქართველოში, მაშინ, როდესაც ტერიტორიების კარგვა დავიწყეთ. ხშირად შევკამათებივარ ნაცნობებს, ვამბობდი, რომ მოქალაქეების სიმდიდრე ქვეყნისთვის ზოგადად ძალიან კარგია-მეთქი. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ერთხელ ასეთი ფრაზაც კი ისროლა: ამ შეუმდგარ ქრთველებს ეს ტანკივით მანქანები თვითდამკვიდრებისთვის სჭირდებათო, აბა, რისთვის უნდა გინდოდეს ამ უშველებელი, ძვირიანი მანქანებით სიარული ქალაქში, მესმის, საჰარაში დადიოდნენ, ან სანადიროდ, გაუვალ გზებზეო...
    ასეთ რადიკალურ მოსაზრებას შეიძლება ბოლომდე არ დაეთანხმო, მაგრამ მუდამ არსებობს შეკითხვები: რატომ არ ვართ არასოდეს სოლიდარული ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული მოქალაქეების მიმართ? რატომ ითვლება ნორმალურად "პრესტიჟული" სახლების მაღალი სართულებიდან ნაგვის გადმოყრა? ან რატომ ითვლება "კარგ ტონად" უშრომლად, დაუმსახურებლად მიღებული ფუფუნებით ტრაბახი? რატომ არ შეგვიძლია ვიყოთ თავმდაბალი მანამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა წელში გაიმართება? ასე მგონია, რომ სწორედ ფუჭი ღირებულებების და სიხარბის გამო ვართ დღეს იქ, სადაც ვართ....
    საღამოს გადავედი მეგობართან, იქვე, გვერდით სახლში. დედამისი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, "პრესტიჟული" სკოლის მფლობელი და დირექტორია - მთელი ცხოვრება ამ საქმეს შეალია და დღესაც ბევრს შრომობს. ერთი დღით ადრე მისმა შვილმა მიამბო, რომ სკოლაში დამლაგებელი ჰყოლიათ, რომელიც ბოლო დროს ზერელედ ალაგებდა. უფროსი დამუქრებია, სამსახურიდან გაგაგდებო, იმას შეშინებია, მონდომებული ყოფილა, ამძვრალა რაღაც ტუმბოზე, ლაგების დროს ჩამოვარდნილა და თავი გაუტეხია. ის ქალი ლოტკინზე ცხოვრობს, ბოლო დროს თურმე ცდილობდა, როგორმე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახვედრად ქულები შეეგროვებინა... რამდენიმე თვეა გამორთული აქვს შუქიც, გაზიც და ტელფონიც... დამლაგებელი სკოლიდან არ გაუგდიათ, საავადმყოფოში წაიყვანეს და თანხითაც დაეხმარნენ.
    ეს ჩემი ახლობელი სკოლის მფლობელი და მისი შვილი საკმაოდ შეძლებულები არიან, ახლახან ახალ ბინაში კარგი რემონტი გააკეთეს. მათთან მისულმა ავწიე თითი შესასვლელ კართან ზარის ძებნაში და ზუსტად ჩემნაირ ზარს დავაჭირე... მას შემდეგ, როდესაც ჩემს ზარს ვუახლოვდები, ერთგვარი სიამაყის განცდაც კი მეუფლება, რაგინდ სასაცილოდაც უნდა მოგეჩვენოთ ეს ამბავი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter