
„ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს. ამ მიმართულებით ცვლილებები 8 სხვადასხვა კანონში შედის, იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადები და მკაცრდება ზომები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ამ ინიციატივის გამოჩენა ცინიზმია, რადგან მსხვილი ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს გარეშე ვერ ფუნქციონირებენ, ხოლო „ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ერთადერთი დანიშნულება „მუდმივი უკმაყოფილების გამოხატვაა".
„ქართული ოცნების" საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შემდეგ, რომელიც 14 მარტს განიხილება, ნარკოტიკებთან, მათ შორის კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობები იზრდება და ზომები მკაცრდება.
ცვლილებები ამ მიმართულებით 8 სხვადასხვა კანონს შეეხება, მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" და სხვა.
ამ კანონპროექტით სასჯელის ზომები იზრდება როგორც ძველი ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნისთვის, ასევე გასაღებისთვის.
ნარკოტიკული საშუალებების დამზადება ან მისი უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, 500-იდან 2 000 ლარამდე დაჯარიმებას ან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.
ასეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ასევე გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასა და დამნაშავისთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას 3 წლით.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები კი „ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" დეპუტატები არიან.
რას ამბობს ოპოზიცია
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დღეს კრიმინალი „ოცნების" მაფიოზურ-კლანურ მმართველობასთანაა შეზრდილი, შესაბამისად „ოცნების" ინიციატივა, მათი აზრით, ცინიკურია.
„საქართველოში ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ნამდვილად პრობლემაა, რომელიც უამრავ ადამიანსა და ოჯახს აწუხებს. თუმცა სრული სიყალბეა ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმის" მხრიდან ამ თემის წინ წამოწევა, რადგან კარგად გვესმის, რომ მსხვილი ნარკორელიზატორები სახელმწიფოს მფარველობის გარეშე ვერ ფუნქციონირებენ და რა თქმა უნდა, ეს და სხვა სახის კრიმინალი შეზრდილია ბიძინა ივანიშვილის კლანურ-მაფიოზურ მმართველობასთან. ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის წამოწევა ისეთივე ცინიზმია, როგორც, მაგალითად, ამ ხელისუფლებამ დეოკუპაციაზე დაიწყოს საუბარი, მაშინ როდესაც ისინი ოკუპანტ სახელმწიფოსთან სრულ კოლაბორაციაში არიან", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ენმ-ს კიდევ ერთი წევრი პეტრე ცისკარიშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თვითონ მმართველმა პარტიამ შეუწყო ხელი ნარკოტიკების გავრცელებასა და მოხმარებას.
„ეს „ქოცების" გადაწყვეტილებაა, რომელიც 12 წლის წინ მიიღეს და ახლა შემოუბრუნდათ, ახლა ეტკინათ, რომ ნარკოტიკი და მასთან დაკავშირებული დანაშაული დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის? უკვე გადაბრუნებული ურმის პრინციპით ახლა იწყებენ მოქმედებას და კანონების მიღებას. ქოცების დამსახურებაა ყველაფერი ის, რაც ნარკოტიკების მოხმარებას, რეალიზაციას და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენას უკავშირდება", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ანტინარკოტიკულ რეფორმას გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს" წევრი თაზო დათუნაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოცნება" ამ კანონპროექტს პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს.
„ამ კანონმდებლობის გამოყენება პროპაგანდის მიზნებისთვის, რათა მოახდინონ იმ ადამიანების რეპრესიები, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური აზრით არიან და ამ ფორმით გააშავონ, ამაზრზენია და მიმართულია ადამიანების და საქართველოს წინააღმდეგ", - დასძინა თაზო დათუნაშვილმა.
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა „ოცნების" ინიციატივას „პოლიტიკური ფარისევლობა" უწოდა .
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ფარისევლობა. ალბათ, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ გვაქვს „სილქნეტის" მეხსიერება და არ გვახსოვს, როგორი იყო მათი ნაბიჯები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით," - განაცხადა სატელევიზიო ეთერში ნუგზარ წიკლაურმა.
„ოცნების" პასუხი
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკა გარედან იყო თავსმოხვეული, ხოლო ახალი კანონპროექტი დაუნდობელი იქნება ნარკორეალიზატოrების მიმართ. ამ ინიციატივის ოპონენტები კი „უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან".
„ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხელოვნურად გარედან იყო თავსმოხვეული და პრობლემა უფრო მეტ ოჯახს შეეხო. გარედან მოხვევის მიზანიც ეს იყო, რომ ნარკოპრობლემის სიმწვავე საქართველოში მეტ ადამიანსა და ოჯახს შეხებოდა!" - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ „ამ მავნე სენთან ბრძოლა ძალიან რთულია", ხოლო სახელმწიფო დამნაშავეების მიმართ ძალიან მკაცრი იქნება.
„სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება! - ის ადამიანები, რომლებიც ამ გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან!"-განაცხადა მათიკაშილმა.