რა პრინციპით ამოიღო განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებები
თამთა ჩაჩანიძე
26.11.2024

განათლების მინისტრ ლექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან ამოღებულია მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის შემოქმედების ნაწილი, სრულიად ამოღებულია ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება.

„ენას ვკარგავთ",- აცხადებს ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი.

მისი შეფასებით, საგამოცდო პროგრამიდან ისეთი ნაწარმოებების ამოღება, სადაც მაღალი ზნეობრივი იდეალებია გატარებული და პატრიოტულ მოტივზეა დაწერილი, მისთვის მიუღებელია და ეს არც სპეციალისტების მოთხოვნა იყო.

სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ ნაწარმოებების საგამოცდი პროგრამიდან ამოღებით „გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო". ამ ცვლილების წინააღმდეგია საზოგადოების დიდი ნაწილიც და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებამ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია.

კრიტიკის საპასუხოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას და თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ ის სკოლებში აღარ ისწავლება.

ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ ექსპერტთა ჯგუფის მხრიდან მიდის „საგნობრივი სტანდარტების რევიზია".

ცვლილებები ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში

2024 წელს საგამოცდო პროგრამაში შეტანილი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა",

ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა", პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი",

პაოლო იაშვილის ლექსი „პოეზია". 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში კი, ეს ნაწარმოებები აღარ იქნება შეტანილი და შესაბამისად, მთლიანად ამოღებულია ავტორებიც.

გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებიდან ამოღებულია „საღამო გამოსალმებისა" და „პასუხი შვილთა".

სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებიდან აბიტურიენტებს მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისა" და „ლეონის თავგადასავლის" სწავლა მოუწევთ. შემდეგი იგავ-არაკები საერთოდ ამოღებულია: „მემკვიდრის აღზრდის ამბავი", „მეფე ხორასნისა" „ძუნწი და ვაჭარი", „უგუნური მცურავი", „სამნი ბრმანი", „მეფუნდუკე და დიდვაჭარი".

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებიდან ამოღებულია: „არ უკიჟინო, სატრფოო", „ცისა ფერს", „ხმა იდუმალი", „სულო ბოროტო", „ვპოვე ტაძარი".

დავით გურამიშვილის „დავითიანი" თავებად აღარ არის გამოყოფილი და პროგრამაში რჩება სრულად, ამას დამატებულია „ქართლის ჭირი".

ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიდან ამოღებულია ლექსები: „ბედნიერი ერი", „პასუხის პასუხი", „ჩემო კალამო", ასევე პოემები „განდეგილი" და „აჩრდილი".

აკაკი წერეთლის ლექსებიდან ამოღებულია „აღმართ-აღმართ", „სულიკო", „ქებათა ქება".

ვაჟა-ფშაველას ლექსებიდან ამოღებულია „რამ შემქმნა ადამიანად", „იას უთხარით ტურფასა", პოემებიდან კი „ბახტრიონი" და „ამოდის, ნათდება", ასევე პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი".

პროგრამაში ანა კალანდაძის ნაწარმოებიდან ლექსის „მკვდართა მზე ვარ" ნაცვლად შეტანილია „ვაჟაო დილის მზის სხივო".

ამოღებულია გიორგი ლეონიძის „ნინოწმინდის ღამე" და გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერა".

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება შეტანილია ისტორიის საგამოცდო პროგრამშიც.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება პროგრამების ცვლილებების შესახებ 11 ნოემბერს გამოსცა, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალი და მასში შესული მასალის სია 26 ნოემბერს გამოაქვეყნა.

პრეზიდენტის კრიტიკა და სამინისტროს პასუხი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ამ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო.

„2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს", „პასუხის პასუხს", „განდეგილს", „აჩრდილს" და „ოთარაანთ ქვრივს", როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად, ან კიდევ ვაჟას „პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმს"... ხომ გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!"- განაცხადა პრეზიდენტმა.

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ის, რომ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. ამასთან, აცხადებს, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რაზედაც ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

„აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ომის ტოლფასი" ამბავი

განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ცვლილება მისთვის მოულოდნელი და მიუღებელია.

„ამ ყველაფერს სახელი არ აქვს. „ქართულმა ოცნებამ" თავისი მმართველობა ამითი დაიწყო, რომ ყველა პატრიოტულ მოტივზე დაწერილი, შთამბეჭდავი, უძლიერესი ნაწარმოები, სადაც მაღალი ზნეობრივი იდეალებია გატარებული, ისინი ამოიღონ? კი, ბატონო, გვჯერა, რომ ოჯახის სიწმინდის იდეა აქვთ, მაგრამ „განდეგილს" იღებენ?

„აჩრდილი" სააკაშვილის დროს ამოიღეს, მცირე ნაწილი დარჩა და ახლა ისიც ამოიღეს. მხოლოდ ევროპას ვხედავთ და სამშობლო არ არსებობს? რატომ უნდა ამოვიღოთ დავით გურამიშვილის „სწავლა მოსაწვლეთა"?! ან ილია ჭავჭავაძეს როგორ ეხებიან, რომელი ლექსი, ან რომელი პოემაა ამოსაღები?! „მამული, ენა, სარწმუნოება" ასე მიიღწევა, ლოზუნგად რომ ჰქონდათ გამოტანილი?" - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს განცხადება არარელევანტურია, რადგან, როდესაც ამა თუ იმ კონკრეტული ნაწარმოების ცოდნა არაა სავალდებულო გამოცდის ჩასაბარებლად, მოსწავლე მას სკოლაში არ ისწავლის, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, რაც დღეს სკოლებშია.

„რა თქმა უნდა, არ ისწავლის. ქართულში პროგრამა კი არ უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს და სკოლაში საერთოდაც მასშტაბური ცვლილებებია საჭირო. ენას ვკარგავთ, მოსწავლეებს და სტუდენტებს ლექისკური მარაგი არ აქვთ, ქართულად ესაუბრები და ვერ იგებენ. სამაგიროდ, ინგლისურში აქვთ 10-15 ათასი სიტყვა ლექსიკურ მარაგში, ქართულში კი 500 და ამ ფონზე ნაწარმოებებს კიდევ ამცირებ?!

„რატომ არ ხდება საატესტატო გამოცდების აღდგენა? რაც „ქართულმა ოცნებამ" „კატ"-ის გამოცდები მოხსნა, მოსწავლეები სკოლიდან საერთოდ გაქრნენ, რით ვერ დააბრუნეს?!" -განაცხადა ექსპერტმა.

მანანა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ნაწარმოებების ამოღება სპეციალისტების მოთხოვნა არ ყოფილა.

„ამ ნაწარმოებების ამოღება ვისი მოთხოვნა იყო - მშობლების? რას ნიშნავს „საზოგადოების მოთხოვნა"? სპეციალისტებს ვესაუბრე და ეს არ მოუთხოვიათ და არასპეციალისტების ჭკუაზე დადიან?

„გამოსავალი ისაა, რომ ხელისუფლებაში ეროვნულად და პატრიოტულად მოაზროვნე ხალხი უნდა მოვიდეს და არა ეს ოპოზიცია. რაც დაიწყო წინა ხელისუფლებამ განათლების და მეცნიერების სისტემაში, ესენი აგრძელებენ. 12 წელია ვერაფერი ვერ გააკეთეს და ახლა რას გააკეთებენ... ჩვენნაირი ხალხი უნდა გააქტიურდეს, თორემ ენა დაკარგულია უკვე, მომავალმა თაობამ ენა არ იცის.

„ქართული ოცნება" ამაზე თუ წავიდოდა, ვერ წარმოვიდგენდი, კატასტროფაა. ისტორიაშიც რაღაცეებია ამოღებული, მაგრამ ბევრი რამ დამატებულია, ქართულში კი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია ამოღებული. ჯერ ერთი, ვინ დანიშმეს მინისტრად, რომლის გვარი და სახელი სისტემაში არაფერს არ გვეუბნება. განათლების სისტემაში ამდენი წელია ვარ და ამ ადამიანს არ ვიცნობ. ამას ამბობს სისტემის ბევრი თანამშრომელი და რა ნიშნით დანიშნეს ეს კაცი? სოფლის მეურნეობის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა ინისტრი იყო შესაცვლელი და ეს არა? ან ექვსი მოადგილე რად უნდა, დასაქმების ბიუროა თუ განათლების სამინისტრიო?

„რით განსხვავდებიან ესენი „ნაციონალებისგან"? უძლიერესი ნაწარმოებები ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, სადაც მორალურად და ზნეობრივად მაღალი იდეალებია გატარებული, რომელიც სულის და ხორცისთვისაა სასარგებლო, ისინი არის ამოღებული. ხალხი უნდა გამოვიდეს ამის წინააღმდეგ, ენას ვკარგავთ საერთოდ. ეს არის ომის ტოლფასი. ომში არ ჩავერთოთო - კი, ბატონო, მაგრამ ეს ამბავი ომს უტოლდება", - განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×