ელზა პაპოშვილი
23.10.2024

სისხლიანი გარჩევა ორბელიანზე - სასამართლომ 20 წლის ნიკი ტააგიევის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 2005 წელს დაბადებული18 წლის სანდრო პაკელიანია დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 25 იანვარს, თბილისში, ათონელის და მტკვრის ქუჩების მიმდებარედ, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მკვლელობა კი შურისძიების მოტივით, წარსულის გარჩევებისა და კონფლიქტის გამო მოხდა. 21 წლის მოკლული ნიკიტა აგიევის დედა ამტკიცებს, რომ უბნელებმა მისი შვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს და სისრულეში მოიყვანეს. შვილმკვდარი დედა დარწმუნებულია იმაშიც, რომ  თავდამსხმელები დანაშაულის იარაღს ყვავილების თაიგულში მალავდნენ და ამით ცდილობდნენ თავიანთი სასტიკი ქმედებების დაფარვას. 

კადრებში, რომელიც საქმის მასალებში დევს, კარგად ჩანს რომ 21 წლის ბიჭს თავდამსხმელი მიეპარა, წააქცია და დანა რამდენჯერმე დაარტყა. თუმცა აგიევების ოჯახის და ადვოკატის მტკიცებით, საქმის მთავარი ბრალდებული სანდრო პაკელიანი მარტო არ მოქმედებდა. ამიტომ მოკლულის დედა ითხოვდა, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის პასუხი ყველა პირს ეგო. ხოლო განზრახ მკვლელობა ჯგუფურით გადაკვალიფიცირებულიყო. 

2024 წლის 25 იანვარი, თბილისი - მტკვრის ქუჩაზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეში ნიკიტა აგიევი პირველად 18 საათზე, 7 წუთსა და 36 წამზე ჩნდება. სახე არ უჩანს კამერასთან ზურგითაა. თუმცა, კადრში აღელვება არ ეტყობა. 

ჩანაწერის მიხედვით 21 წამში ნიკიტა აგიევი უკვე იმ გზაჯვარედინთან იყო სადაც მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მასალაში 18 საათზე 36 წუთსა და 57 წამზე ჩანს, რომ 21 წლის ახალგაზრდას უკნიდან ვიღაც მიეპარა წააქცია და რამდენჯერმე დაარტყა. ამავე კადრებით ჭრილობების მიყენების შემდეგ თავდამსხმელი მიწიდან რაღაცას - სავარაუდოდ დანაშაულის იარაღს იღებს და გარბის. 

საქმეში არსებული ჩანაწერებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მძიმედ დაჭრილი ნიკიტა აგიევი,  ქუჩის ბოლომდე გაიქცა და გამვლელებს დახმარებას სთხოვდა. თვითმხილველების ინფორმაციით დაჭრილ ახალგაზრდას დანა თავადაც ეკავა. ერთ-ერთი პირველი ვინც აგიევის დახმარება სცადა შემთხვევის ადგილზე მყოფი ტაქსის მძღოლი იყო. 

ნიკიტა აგიევი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თვითმხილველების ჩვენებებით კი დგინდება, რომ მკვლელობა ისე სწრაფად მოხდა, რომ დანის რამდენჯერმე დარტყმის მომენტი ვერავინ დაინახა.  

საქმეში ასევე დევს ვიდეოკადრები სადაც ჩანს როგორ დატოვეს თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი. მასალის მიხედვით  დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი სამი პირი  ორბელიანის მოედნისკენ გაიქცა და თეთრი ფერის ტოიოტა პრიუსის მარკის ტაქსიში ჩასხდნენ. მანქანაში ჩაჯდომის დროს კადრში ჩანს რომ  4-დან ერთ-ერთს ხელში თაიგული ეკავა. მოკლულის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობის იარაღს  სწორედ თაიგულში მალავდნენ. 

საქმის მასალებით მომხდარის შემდეგ გაქცეულმა ახალგაზრდებმა, ავტომანქანა რამდენჯერმე შეიცვალეს. ბოლოს კი ერთ-ერთის ახლობლის სახლში წინწყაროში ჩავიდნენ,  ახალგაზრდები იქ მხოლოდ რამდენიმე საათი გაჩერდნენ. 

აგიევის მკვლელობიდან მალევე წინწყაროში სამართალდამცავებმა ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს, იქ მყოფი ახალგაზრდები კი განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მალევე პოლიციამ აგიევის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სანდრო პაკელიანი დააკავა. მის მეგობრებს კი საქმეში ამ დრომდე მოწმის სტატუსი აქვთ. 

სანდრო პაკელიანს არ უსაუბრია მოტივზე, რის გამოც უბნელი სასიკვდილოდ გაიმეტა. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა. დანაშაულის ჩადენის მოტივი არც მისი ადვოკატისთვისაა ცნობილი, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მიზეზი ახალგაზრდებს შორის წარსულში დაწყებული კონფლიქტია. 

ადვოკატის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს აგიევის დედა და ამტკიცებს, რომ სანდრო პაკელიანი ყოველთვის მოძალადე იყო.

მოკლული ახალგაზრდის დედა იხსენებს, რომ მისი შვილი 2021 წელსაც დაჭრეს. მისი მონაყოლით მაშინაც ოთხნი იყვნენ, მათ შორის ბრალდებული სანდრო პაკელიანიც. დედა დარწმუნებულია, რომ 3 წლის წინ მისი შვილი შემთხვევით გადარჩა. 

მომხდარის შესახებ იცის სანდრო პაკელიანის ადვოკატმაც, თუმცა ამტკიცებს, რომ მაშინ დაპირისპირება ნიკიტა აგიევის ინიციატივით მოხდა. გამოძიება მაშინაც დაიწყო, თუმცა ახალგაზრდებმა მომხდარის შესახებ პოლიციას ფაქტობრივად არაფერი უთხრეს და შესაბამისად პასუხისგებაშიც მტკიცებულების არარსებობის გამო არავინ მიეცა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×