
თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ფიროსმანის მოედანზე ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი, რომელსაც ყოფილმა მეგობარმა ჯერ მანქანა დააჯახა, შემდეგ სცემა და ბოლოს, 4 ტყვია ესროლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, ფირცხალაიშვილთან ერთად თავად თავდამსხმელიც დაიჭრა. როგორც თვითმხილველები საუბრობენ, მომხდარი სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება. ფირცხალაიშვილს ყოფილი მეგობარი ავტომობილით უთვალთვალებდა, შენობიდან გამოსულს კი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ ავტომობილი დააჯახა და ბოლოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
"ყვირილისა და ჩხუბის ხმა იყო, ჯერ სცემეს ერთმანეთი, რამდენიმე წუთის შემდეგ გასროლის ხმა გაისმა, დაახლოებით 4-ჯერ. შემდეგ ეგრევე მიიმალა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ის ბიჭი. დიდი ალბათობით მას უთვალთვალებდა. ავტომობილით ჩაუსაფრდა. რომ გამოვიდა, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ ავტომობილი დაარტყა. როგორც ამბობენ გარდაცვლილმაც მოახერხა სროლა და თავად თავდამსხმელიც დაჭრილია" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს.
საუბარია ე.წ. მალაკნების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს.
ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას, რის შედეგადაც დაიჭრა თავად მკვლელობაში ბრალდებული. დანაშაულის მოტივად კი შსს წარსულში არსებულ კონფლიქტს ასახელებს:
"დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ი.ბ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ., 1988 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1987 წელს დაბადებული დ.მ.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა 1997 წელს დაბადებული ტ.ფ.-ს მიმართულებით, მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საპასუხო გასროლისას დაიჭრა ი.ბ., რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის მეგობრები - გ.ბ., ჯ.ფ. და დ.მ., თუმცა მათ სამართალდამცავ უწყებას დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინეს." ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.