
ძრაცვა ქუთაისში - უცნობმა პირმა მაღაზიიდან თანხა გაიტაცა. თვითმხილველების თქმით, ამ დრომდე დაუდგენელი პირი, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია “ნიკორას” ფილიალში შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
როგორც ქსელური მარკეტის თანამშრომლები იხსენებენ, უცნობმა პირმა სალაროს თარო, სადაც თანხა იყო, მთლიანად მოგლიჯა და გაიქცა. წაღებული თანხა 220 ლარამდე შეადგენს.
კონსულტატების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი თავიდან ბოლომდე შავებში იყო ჩაცმული, თავზე „კაპიუშონი“ ჰქონდა წამოფარებული. მათ მისი შეჩერებაც კი ვერ მოასწრეს, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა.
"წაღებულია 220 ლარი. უცბად შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. სახე არც დაგვინახია წესიერად. თავზე წამოფარებული ჰქონდა და ნიღაბი ეკეთა თუ არა, არ ვიცით, სახეზეც ვერ მოვასწარით შეხედვა.
„ისე სწრაფად შემოვარდა, აზრზეც ვერავინ მოვიდა, რომ სალაროს გაიტაცებდა. უცბად მომვარდა და მოგლიჯა. მისი შეჩერებაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად გაიქცა. პოლიცია გამოვიძახეთ და კამერებიც დაათვალიერეს. ჩანს თუ არა სახე და მოხდა თუ არა იდენტიფიცირება, არ ვიცით. შესაძლოა არასრუწლოვანიც არის, სახის დანახვა რადგან ვერ მოვასწარით, ზუსტად არაფრის თქმა შეგვიძლია“,-ამბობს თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.