საბურთალოზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, კონსერვატორიის სტუდენტი 23 წლის გიორგი საყურაშვილი შემთხვევით მოკლეს, რადგან ის ჩხუბის მონაწილეების გაშველებას ციდლობდა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გლდანელებს და საბურთალოელებს შორის დაწყებულ კრიმინალურ გარჩევაში მუსიკოსი არ მონაწილეობდა, ის ადგილზე შემთხვევით მოხვდა. ჩხუბის მონაწილე პირები იცნო და მათ გაშველებას ცდილობდა. სწორედ ამ დროს მას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობები მიაყენეს.
პოლიციამ სამძებრო ღონისძიებების შედეგად მალევე, ცხელ კვალზე მირიან თოხაძე დააკავა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მას ახალგაზრდა მუსიკოსი სხვა პიროვნებაში შეეშალა და კონფლიქტის ფიგურანტი ეგონა. საყურაშვილის გადარჩენას ადგილზევე მისული ექიმები შეეცადნენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზდა ბიჭს გული რამდენჯერმე გაუჩერდა, თუმცა მედიკოსებმა მისი ამუშავება შეძლეს. კლინიკაში მიყვანის შემდეგ, ის რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.
23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლემ შეუფარდა. მირიან თოხაძეს ბრალდება 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, მირიან თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა. გარდა ამისა პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისკენაა მიდრეკილი.
საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, საყურაშვილი წარსულში, საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვისაა მსჯავრდებული.
შაიშმელაშვილის თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ თოხაძე მიიმალა და პოლიციის მიერ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
„სახეზე გვაქვს პატარა ბიჭის მკვლელობა არაფრის გამო. მან საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ დანასთან ერთად მიიმალა. რომ არა პოლიციის ოპერატიული ქმედება, შარტავას ქუჩაზე, მერიის წინ მისი შეჩერება და მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა არ გვექნებოდა," - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
პროკურორმა არ გამორიცხა, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. მისი თქმით გამოძიება მიმდინარეობს და საქმის ირგვლივ დამატებით ფაქტებს იძიებენ.