სისხლიან გარჩევა ახალგაზრდებს შორის თბილისში, რომელიც მკვლელობით დასრულდა. 23 წლის გიორგი საყურაშვილს ღამის საათებში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. სასწრაფომ ის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ტრეგიკული შემთხვევა სააკაძის მოედანთან, საბურთალოს ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ ხმაური უძღოდა. მათ დაინახეს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ერთს ფიზიკურად უსწორდებოდა. მათი ვარაუდით, ბიჭს ჩასაფრება მოუწყვეს.
ადგილზე მისულ ადგილობრივებს უკვე მიწაზე მწოლარე ახალგაზრდა დახვდათ. მის დახმარებას თავადაც შეეცადნენ და გული ორჯერ აუმუშავეს, თუმცა შემდეგ ის კლინიკაში გარდაიცვალა.
„ბიჭი, როგორც გავიგეთ, აქური არ ყოფილა. გლდანში ცხოვრობდაო. აქ როგორ მოხვდა და რა უნდოდა, არ ვიცით. რასაც ყვებიან, საქმის გარჩევას ჰგავდა. თითქოს რაღაცაზე დაობდა ორი მხარე. მერე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„სანამ ხალხი მივიდა, უკვე დაჭრილი იყო ბავშვი, სისხლში იწვა. გული ორჯერ გაუჩერდა და ძალით აუმუშავეს. ადგილზე მოსულმა მედიკოსებმა ძალიან ბევრი იწვალეს, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. თუმცა, მერე გავიგეთ - კლინიკაში დაიღუპა. დამნაშავეები ადგილიდან გაიქცნენ, ათამდე კაცი მაინც იქნებოდაო“, -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოკლულ გიორგი საყურაშვილის შესახებ მისი მეზობლები დადებითად საუბრობენ და ამბობენ, რომ ის მუსიკოსი იყო და მისი სახლიდან მუდმივად მუსიკის და მხიარულების ხმა გამოდიოდა. მათთვის გაუგებარია რა მოხდა, რატომ გაიმეტეს ის თანატოლებმა.
„უკარგესი ჯახის შვილი, უკარგესი ბავშვი იყო. ეს რა უბედურება მოხდა, არ ვიცით. ვის რა დაუშავა, რაზე გაიმეტეს - ვერავინ ამბობს. მუსიკოსი ბავშვი იყო. სულ უკარვდა და მღეროდა. მაგისგან აქ კონფლიქტი არავის გაუგია. ალბათ გაარკვევს გამოძიება რა გახდა ამ მკვლელობის მიზეზი. გული გაუჩერდა და ვეღარ უშველესო. ყველა შოკში ვართ და მომხდარს განვიცდით“, - ამბობს მოკლულის ეზობელი.
შსს-ს ინფრომაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება კი 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.