
საქართველოში ბოლო 4 წელია სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. განსაკუთრებით დიდი სხვაობა გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის 2021 წელს იყო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახეზეა დემოგრაფიის გაქანებული კოლაფსი, სიტუაციას კი მოსახლეობის ქვეყნიდან ინტენსიური გადინება ამწვავებს, ვინაიდან გასულთა შორის ჭარბობს რეპროდუქციული ასაკის, 20-იდან 50-წლამდე, მყოფი ადამიანები.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის შემდეგ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შობადობას ყოველწლიურად აჭარბებს. 2020-2023 წლებში საქართველოში დაიბადა 175 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 202,3 ათასი.
2020 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 46 520 იყო, ხოლო გარდაცვლილთა რიცხოვნობა 50 537; სხვაობა - 4 017.
2021 წელს დაიბადა 45 946, გარდაცვალა59 906; სხვაობა - 13 960.
2022 წელს დაიბადა 42 319, გარდაცვალა 49 118; სხვაობა - 6 799.
2023 წელს დაიბადა 40 214, გარდაცვალა 42 756; სხვაობა - 2 542.
დემოგრაფ სოსო არჩვაძის აზრით, შობადობის მკვეთრი შემცირების მთავარი მიზეზი მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებაა.
„სამწუხაროდ ბოლო წლებში სიკვდილიანობა მეტია, ვიდრე შობადობა, თან ამას უნდა დავამატოთ, რომ საქართველოში ემიგრაციის მაღალი დონეა, რაც სიტუაციას უფრო ამწვავებს. შობადობის მკვეთრი შემცირების მთავარი მიზეზი მოსახლეობის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებაა. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნიდან გასულთა შორის ჭარბობს რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ადამიანები, 20-დან 50-წლამდე. მარტივად რომ გითხრათ, თუ ქვეყნის მოსახლეობაში 20 დან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი დაახლოებით 42%-ის ფარგლებშია, გასულებში 85%-ია. გასულთა შორის თითქმის 2/3 ქალბატონია და ამათ შორის დიდი წილი ფერტილური ასაკის ქალებზე მოდის, ანუ იმ პირების დიდი წილი, რომლებმად ბავშვები უნდა გააჩნინონ, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გასული. ამიტომ ეს პროცესი უკავშირდება ერთი მხრივ რეპროდუქციული ქცევის ახალ მოდელს, რაც შედარებით განვითარებული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი - ბავშვთა დაბალი მოკვდაობისა და შობადობის შემცირება, ამას პლუს ქვეყნის გარეთ გასულია ის კონტიგენტი, რომელსაც პოტენციაში შეუძლია შვას და ქვეყანას გამრავლების რესურსი მისცეს. ამ ყველაფერს უარყოფით შედეგები მოაქვს, რომელსაც შესაბამისი აღქმა და გარკვეული დასკვნების გაკეთება სჭირდება.
„ოჯახის რიცხოვნობის დაგეგმვა, პროფილაქტიკა და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა და აბორტების შემთხვევების რაომდენობაც შემცირდა, თუმცა ის ძველი შლეიფი, რაც 90 წლებიდან მოდიოდა, ჯერ კიდევ გავლენას ახდენს. საბოლოო ჯამში კი შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობის შემცირებაზე ეს ფაქტორი გავლენას არ ახდენს," - განაცხადა სოსო არჩვაძემ „მთელ კვირასთან".
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციალური ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, რომ ადრე თუ დეპოპულაცია იყო, ახლა დემოგრაფიის სერიოზული კოლაფსიაა. ეს ძალიან რთული საკითხია და ხელისუფლებაში ვინც არ უნდა იყოს, მარტივად ვერ მოაგვარებს.
„დემოგრაფიის გაქანებული კოლაფსია, შობადობას სიკვდილიანობა კარგა ხანია აჭარბებს. დაოჯახება და ბავშვის ყოლა არავის უნდა, სწორედ ეს იწვევს ამ ყველაფერს. 2021 წელს განსაკუთრებით დიდი სხვაობა გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის იმიტომ იყო, რომ მაგ დროს (კოვიდის გამო) მოკვდაობა გაიზარდა, შობადობა დაბალი იყო. ამას ემიგრაციაც დაემატა. აქამდე თუ დეპოპულაცია იყო, ახლა კოლაფსი გვაქვს. კოლაფსი ნიშნავს დეპოპულაციას დამატებული მიგრანტთა წასული რაოდენობა, უფრო გაუარესებული სიტუაციაა. რა იწვევს ამას? ვინც საზღვარგარეთ მიდის, კარგი ცხოვრება სურს, დაოჯახება არავის უნდა, გადავადებული ქორწინებები ბევრია და ა.შ. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ასე მარტივად ამის მოგვარება არ გამოვა", - განაცხადა ავთო სულაბერიძემ „მთელ კვირასთან".