
მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი და ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე - ეს ის სიმპტომებია, რომელიც „მაიმუნის ყვავილს" ახასიათებს. გაცილებით საშიში შტამი პირველად, ენდემურ კერას - აფრიკის კონტინენტს გასცდა და პირველი შემთხვევა შვედეთში დაფიქსირდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ვირუსის მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ „მაიმუნის ყვავილი" კორონავირუსივით სწრაფადგადამდები არაა და ის მჭიდრო კონტაქტით, მაგალითად დაავადებულ კანთან შეხებით გადადის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს სამეზობლოსა და რეგიონში ჯერ ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ახლო პერიოდში მისი გავრცელების რისკებიც არ არის, თუმცა ევროპის შემთხვევა საყურადღებოა.
ეპიდემიის ახალი ეპიცენტრი ამჯერად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც 14 000-ზე მეტია დაინფიცირებული. ვირუსმა 500-ზე მეტი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. დაავადება გავრცელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში. პირველი შემთხვევა დადასტურდა ევროპაში, კერძოდ შვედეთში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დროულად მიიღონ დაავადების შესაჩერებელი ზომები.
„ნათელია, რომ კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად", - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
ჯანმოს საგანგებო კომიტეტის შეხვედრის შემდეგ, მისმა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კერებში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა დაავადების.
„წელს, ამ დროისთვის დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა 14 ათასზე მეტია. დაფიქსირდა დაავადებით 524 გარდაცვალება, რაც უკვე აღემატება გასულ წელს," - განაცხადა გებრეისუსმა.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ჰყვება თუ რა სიმპტომები ახასიათებს „მაიმუნის ყვავილს", როგორია გადადების გზები და რამდენად დიდი რისკია დაფიქსირდეს საქართველოში უახლოეს პერიოდში, როცა ევროპაში პირველი შემთხვევა უკვე არის.
„ზოგადად ეს ახალი ვირუსი არაა, სადღაც 1950-60-იან წლებში იქნა აღმოჩენილი და 1970-იან წლებში პირველად დაფიქსირდა. ეს ვირუსული ინფექცია ძირითადად აფრიკის კონტინენტზე ვრცელდებოდა და ენდემურ კერასაც ეს კონტინენტი წარმოადგენდა, ეს იმას ნიშნავს, რომ აფრიკის გარეთ, მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო და ისიც იმ ადამიანებში ვითარდებოდა, ვისაც ამ კონტინენტთან შეხება ჰქონდა. ამ კუთხით, 2022 წელი პირველი შემაშფოთებელი წელი იყო, როდესაც მაიმუნის ყვავილის შემთხვევები მასიურად დაფიქსირდა არაენდემურ კერაში, ანუ აფრიკის კონტინენტის გარეთ.
„2022 წელს მაღალი გავრცელება იყო ევროპასა და აშშ-ში, და იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი არაენდემურ კერებში გავრცელდა, ამავე წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უფრო სიღრმისეული მოკვლევა დაიწყო. 2022 წლიდან მოყოლებული, განსხვავებული იყო 2024 წლის დასაწყისი, როცა ისევ ამ დაავადების გააქტიურება დაიწყო, როგორც ენდემურ ისე არაენდემურ კერებში, არის შემთხვევები როგორც აშშ-ში, ისე კანადაში და ასევე დაფიქსირდა ევროპაშიც, ჯანმოს შეშფოთებაც ამან გამოიწვია და მიიღეს გარკვეული ზომები.
„ეს არის მწვავე ინფექციური დაავადება ზოგადი სიმპტომებით, ეს შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება, სახსრების და კუნთების ტკივილი, შესაძლოა მოჰყვეს ლიმფური კვანძების გადიდება, განსაკუთრებით კისრის მიდამოში და სადღაც მესამე-მეოთხე დღიდან იქნება სენსიტიური სიმპტომები, რომელიც ადვილს ხდის ამ დაავადების დოაგნოსტიკას, ესაა - კვანძოვანი და ბუშტუკოვანი გამონაყარი. დაავადება არის მსუბუქი, საშუალო, ან მძიმე მიმდინარეობის. მძიმე მიმდინარეობისას, გარდა გამონაყრისა, შესაძლოა სხვა ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების დაზიანება გამოიწვიოს და პაციენტს ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაციული ღონისძიება დასჭირდეს, თუმცა, საბედნიეროდ, მძიმე მიმდინარეობა ნაკლებია. ინკუბაციის პრიოდს რაც შეეხება, ეს დაახლოებით სამ კვირამდეა და ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია, რომ ადამიანს სიმპტომები გამოუვლინდეს.
„გადადების გზებს რაც შეეხება, ეს ასე მარტივი არაა. ძირითადად გადადება ადამიანების ახლო კონტაქტის შემდეგ ხდება, დაზიანებული კანის კანთან შეხებით. შესაძლოა დაავადება გავრცელდეს სქესობრივი გზითაც, ანუ სწრაფი და აგრესიული გავრცელება, როგორც კორონავირუსს აქვს, ასეთი „მაიმუნის ყვავილს" არ ექნება, მაგრამ მჭიდრო, ახლო კონტაქტის შემდეგ, რა თქმა უნდა გავრცელდება. ამ ეტაპზე ჩვენს რეგიონსა და სამეზობლოში არ დაფიქსირებულა და აქედან გამომდინარე, ახლო პერიოდში მისი გავრცელების რისკები არ არსებობს, მაგრამ საყურადღებოა. არის ინფორმაცია, რომ ამ შტამს, წინამორბედთან შედარებით, უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა ამას მეტი კვლევები სჭირდება, მანამდე ამაზე საუბარო ცოტა რთულია. უბრალოდ ჩვენი მოვალეობაა, რომ ჯანმოს რეკომენდაციებს მივყვეთ", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „რეზონანსთან".