
თბილისში, სოფელ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ეჭვმიტანილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ლევან ქობულაშვილმა, წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, თავის ბიძაშვილს, 35 წლის გიორგი ქობულაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მთელს სხეულზე მიაყენა. დაჭრილი საკუთარ სახლთან სასწრაფოს მისვლამდე სისხლისგან დაიცალა. ადგილობრივებისთვის კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ავტომობილის გამო დაიწყო.
„როგორც ყვებიან, მოკლულ გიორგი ქობულაშვილის ტელეფონზე საბედისწერო ზარი გვაინ ღამით შევიდა. ბიძაშვილს, ლევანს დაურეკავს ტელეფონზე. ეს ლევანი ციხიდან რამდენიმე თვის გამოსულია. ციხეში იჯდა კარგა ხანს. სახლის წინ სკვერში დაუნიშნა შეხვედრა, შელაპარაკების შემდეგ კი დანა ჩაარტყა.
„უჩხუბიათ. მარტო ორნი იყვნენ, თუ სხვებიც - არ ვიცი. რაზე იჩხუბეს, რა მოხდა, არავინ არაფერს ამბობს. კაცს დანა რამდენჯერმე დაარტყა და ადგილიდან გაიქცა. ზოგი ამბობს, რომ ავტომობილის გამო მოხდა დაპირისპირება და ზოგი რას ჰყვება. ზუსტად არავინ არაფერი იცის“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.
მოკლულის ოჯახი კი ამბობს, რომ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა ახლა ყველა უარყოფს, რომ იქ იყვნენ. ოჯახის მტკიცებით, ადგილობრივები დაპირისპირებული ბიძაშვილების გაშველებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.
„ოჯახს არ აქვს არანაირი ვერსია, თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ნათესავები არიან და რა გახდა მიზეზი, ამაზე საუბარი ყველას უჭირს. ადგილიდან თავისივე ავტომობილით გაიქცა და სად წავიდა ასე სწრაფად, რომ ვერაფრით იპოვეს?! წესით კამერებს მისი გადაადგილების ტრაექტორია უნდა დაეფიქსირებინა. ამდენი ხალხის თვალწინ მოკლა და ისე დატოვა ტერიტორია, ვითომც არაფერი“, - ამბობს ოჯახს ახლობელი.
ლევან ქობულაშვილს, ნათესავის მკვლელობის გამო, 15-წლამდე პატიმრობა ეუქრება.