სპეცრაზმელი, რომელსაც ბრალად თანასოფლელის, 55 წლის რევაზ მიხანაშვილის სასტიკი ცემა ედება, მოსამართლემ წინასწარ პატირმობაში გაუშვა. თავდაპირველად დემეტრე რევაზაშვილი ამტკიცებდა, რომ მეზობელი არ უცემია და ის თავად წაიქცა, თუმცა გამოძიება ამ ვერსიას არ ეთანხმება.
ამ დრომდე მიმალვაშია მომხდარის ერთადერთი მოწმე სოსო ბარჯაძე, რომელსაც გამოძიება თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. ახლა კი მას, სპეცრაზმელ დემეტრე რევაზაშვილთან ერთად, პროკურატურამ ბრალი ს/ს კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა. დანაშაული 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაზარალებული 55 წლის რევაზ მიხანაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში წევს და მას თავის ძვლების უმძიმესი მოტეხილობები აქვს. მედიკოსების ინფორმაციით, მას გადაუდებელი არაერთი ოპოერაცია ჩაუტარეს, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ამასთან, იგი კომაშია და გამოძიება დაზარალებულის დაკითხვასაც ვერ ახერხებს.
სისხლიანი ინციდენტი 29 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ატენში მოხდა. თავდაპირველად სპეცრაზმელი აცხადებდა, რომ მისი კარის მეზობელი, რომლთანაც ყოფით ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა, თავად წაიქცა და თავი დაარტყა. თუმცა გამოძიებით სრულიად სხვა დეტალები ხდება ცნობილი. პროკურატურა სპეცრაზმელს ედავება, რომ მან მეზობელი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა.
„კარის მეზობლები არიან და ადრე არაფერი ჰქონიათ ერთმანეთთან პრობლემა. წინა დღეს ერთად უქეიფიათ. იქ რა მოხდა, რაზე შელაპარაკდნენ, კაცმა არ იცის. მოხდა რაღაც, რისგამოც მათი დაპირისპირება გაგრძელდა.
„ზუსტად არავინ იცის სცემა თუ არა. ერთ კაციაო მარტო თვითმხილველი. თავად ეს ბიჭი აცხადებს, რომ წაიქცა და თავი დაარტყაო. პოლიცია ედავება, რომ შენ სცემეო. ღამის საათებში მოხდა ეს ამბავი, 12-ს უკვე გადაცილებული იყო და ხალხს ეძინა.
„ძალიან გული მტკივა, რადგან ეს ბიჭიც არაა ცუდი, კარგი ოჯახი აქვს. სპეცრაზმელის ძმა კი ინტერპოლში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, ბელგიაშია. აქ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო ადრე.
„უკარგესი ძმები არიან. არ ვიცით, ცუდს ვერ ვიტყვით ვერცერთზე. მეზობლები ვტირივართ, ისეთი ცუდი ამბავია. ცოდოა ეს ბიჭიც, გამწარდა ორივე ოჯახი. სულ ერთად იყვნენ, უერთმანეთოდ საჭმელს არ ჭამდნენ. ერთმანეთს კოცნიდნენ და რა ვიცი... რა მოუვიდათ ასე უცბად, კაცმა არ იცის. ძალიან მძმედ არის და რა იქნება რთული სათქმელია“, - ყვება „რეზონანსთან“ სპეცრაზმელის მეზობელი.
სპეცრაზმელ დემეტრე რევაზაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიმდინარეობს, მთლიანად საქართველოს პროკურატურის მიერაა ინსპირირებული.
„სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც დიმიტრი რევაზაშვილის მიმართ მიმდინარეობს, მთლიანად არის ინსპირირებული საქართველოს პროკურატურის მხრიდან იმ უმოქმედობის გადასაფარად, რომელსაც იგი იჩენს ხოლმე ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, აქციების დროს სპეცრაზმელების მიერ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტებთან. მათ უნდათ ამ სისხლის სამართლის საქმის მაგალითზე აჩვენონ, რომ მათ დააკავეს სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი იმ მიზნით, რომ მან პასუხი აგოს. სინამდვილეში ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის მოხდეს იმის ჩვენება, რომ ისინი რაღაც ტიპის მოქმედებებს ახორციელებენ და თითქოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს არის მათი უმოქმედობის გადაფარვის მცდელობა“, - აცხადებს ადვოკატი, რეზო რევაზიშვილი ჟურნალისტებტან საუბრისას.