ბათუმში, 8 აგვისტოს გვიან ღამით მომხდარი სროლის შესახებ „რეზონანსისთვის“ ახალიდ დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, რესტორანთან სროლა თურქეთის მოქალაქე მამაკაცმა ატეხა, რა დროსაც სამსახურიდან სახლში მიმავალი რესტორნის თანამშრომლები დაიჭრნენ. დაჭრილია 3 ახალგაზრდა - 2 ბიჭი და ერთი გოგო. ბიჭები რესტორნის მიმტანები არიან, ხოლო გოგონა სამზარეულოში დასქმებულია. სამივე მათგანი 25 წლამდეა.
რესტორნის თანამშრომლებისთვის უცნობია ვის მისამართით და რატომ ისროდა თურქეთის მოქალაქე. ისინი ვარაუდობენ, რომ მათ ბრმა ტყვია მოხვდათ, რომლებიც კედლიდან ან ასფალტიდან აისხლიტა.
დაჭრილებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ყველა მათგანის მდგომარეობა დამკმაყოფილებელია. რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეს, ის ადგილიდან გაიქცა და პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
„საერთოდ არ ვიცით ვინ არის და ვის ესროდა. ერთი ვიცით ის, რომ სამსახური დასრულებული ჰქონდათ ბავშვებს, გარეთ გამოდიოდნენ და კარს კეტავდნენ. ტაქსი ჰყავდათ გამოძახებული და უნდა ჩამსხდარიყვნენ. ამ დროს დაიწყო სროლა.
„ამბობენ, რომ არანაირი შელაპარაკება ან რაიმე კონფლიქტი არ ყოფილა. მხოლოდ ის იციან, რომ არ იყო ქართველი და სავარაუდოდ, კამერებიდან მოხდა იდენტიფიცირება. ის თურქეთის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცია. ვის ესროდა, მისდევდა ვინმეს თუ რა იყო, არ ვიცით.
„ბავშვებს აქვთ ბრმა ტყვია მოხვედრილი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორი ბიჭი მიმტანები არიან დაჭრილები და ერთი გოგონაა, რომელიც მზარეულია. სავარაუდოდ, მიწიდან ან კედლიდან ასხლეტილი ტყვიები აქვთ მოხვედრილი. 6-მდე გასროლის ხმა იყო. ეს თურქი ადგილიდან გაიქცა“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი თვითმხილველი.
კიდევ ერთ თვითმხილველი ამბობს, რომ მან გასროლის ხმა გაიგონა და დაინახა, რომ ხალხი გარბოდა და აქეთ-იქით რაღაცეებს ეფარებოდნენ. ასევე დაინახა, რომ სამი ადამიანი, რომელიც რესტორნის წინ იდგა, წაიქცნენ.
„ყვირილის და სროლის ხმა გავიგე, ჯერით ისროდა ვიღაც. ხალხი გარბოდა, პანიკაში იყვნენ. მერე ყვიროდნენ, რომ სამი ადამიანი იყო დაჭრილი. დავინახე, ერთი ახალგაზრდა ქერ გოგო იყო. მერე ვნახე, რომ ბიჭებიც იძახდნენ ტყვიები მოგვხვდაო. თუმცა ისინი უფრო მსუბუქად იყვნენ დაჭრილი. უცნობია მისდევდა ეს თურქი ვინმეს, თუ რა მოხდა“, -ყვება თვითმხილველი.