
სოფელ ქეშალოში, გასული წლის ნოემბერში სასტიკად მოკლული ჯავიდ მამედოვის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება მიიღეს და 33 წლის ბაზირგან მახმუდოვს, რომელსაც 29 წლის თანასოფლელის მკვლელობას ედავებოდნენ, დამაშავედ სცნეს. მას ციხეში 10 წელით გატარება მოუწევს. თუმცა, არ არის გამორიცხული დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს და მახმუდოვთან ერთად პასუხისგებაში სხვა მისი ნათესავებიც მიეცნენ.
გახმაურებულ და სასტიკ მკვლელობაზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული ბაზირგან მახმუდოვი დამნაშავედ ცნეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბავშვობის მეგობრებს მეცხოველეობის ბიზნესი ჰქონდათ, რა დროსაც მათ შორის ფინანსური დავა წარმოიშვა. ამიტომ მახმუდოვებს მოკლულის ქონების, მათ შორის კაფე-ბარის ხელში ჩაგდება სურდათ, სწორედ ეს ობიექტი გახდა მკვლელობის მიზეზიც.
მამედოვის მამა, იხსენებს, რომ დანაშაულის დღეს მისი შვილი თანამშრომლის ქორწილში იმყოფებოდა, საზეიმო ცერემონია კი მალე ტრაგედიის ადგილად იქცა, რადგან ქორწილიდან ავტომობილით მომავალ 29 წლის მამაკაცს, ბავშვობის მეგობარი და მისი ახლობლები დახვდნენ, რომელებიც მას სასტიკად გაუსწორდნენ.
„ჩემი შვილი ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდა ავტომობილით. მოძალადეები ქუჩაში დახვდნენ, გზა გადაუკეტეს და საქმის ქუჩურად გარჩევა დაიწყეს“, - ამბობს მოკლულის მამა უსუფ მამედოვი.
მისივე ინფორმაციით, ოჯახს მკვლელობაში ბრალდებულის 150 ათასი ლარი მართებდა (ცხვარი შეიძინეს), რომლის ნაწილიც უძრავი ქონების (კვების ობიექტი) გადაფორმებით გადაიხადეს და დარჩენილი ნაწილის გადახდასაც აპირებდნენ, თუმცა, ბრალდებული მოითხოვდა თანხის დაუყოვნებლივ გადახდას.
„ჩემი შვილის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, თუმცა, სინამდვილეში, მას ერთი ოჯახის 6 წევრი დაესხა თავს, მათგან სამი ქალი იყო. ჩემი შვილი ჯერ სცემეს და შემდეგ მოკლეს. ეს ყველაფერი სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული. გამოძიება ვიცი სწავლობს ამას და იქ ყველაფერი გამოჩნდება. მე როგორც მითხრეს, უშალოდ ჩემი შვილის მკვლელი ის კი არ არის, ვინც ახლაა დაჭერილი, არამედ მისი პატარა ძმა, თუმცა, მკვლელობა მეორემ დაიბრალა. მოვითხოვ იმ ადამიანების დაკავებასაც, ვინ თავდასხმასა და მკვლელობაში მონაწილეობდა“, - უთხრა ჟურნალისტებს მოკლულის მამამ, უსუფ მამედოვმა.
განაჩენის შეფასება არ ისურვა ბრალდებულის ადვოკატმაც. ბაზირგან მახმუდოვის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ უნახავს, თუმცა, კითხვაზე - აპირებს თუ არა ვერდიქტის გასაჩივრებას ადვოკატი პასუხობს: - "ავიღოთ ეს განაჩენი და იქიდან გამომდინარე [ვისაუბროთ]. არ აგვიღია, ავიღებთ კვირის ბოლოს და შემდეგ ჩამოვყალიბდებით," - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, არჩილ დვალიშვილი .
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი მოულოდნელი არ ყოფილა ბრალდების მხარისთვის. პროკურორი ამბობს, რომ საქმეში არაერთი უტყუარი მტკიცებულება დევს. დანაშაულში სხვა პირების შესაძლო მონაწილეების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გამოძიება ახლაც გრძელდება.