
გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რიცხვი 19 წლის ბაიკერის სიკვდილის საქმეზე? - ახლა ყველაფერი ბრალდებული პოლიციელის ჩვენებაზეა დამოკიდებული. გურამ შავარდენიძემ უნდა თქვას, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, როცა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და სპეცოპერაცია დაიწყო, თუ ბაიკერს გზა ზემდგომის დავალებით ჩაუკეტა.
თუ გაირკვევა, რომ 19 წლის რევი დემეტრაშვილი არასწორად დაგეგმილმა ოპერაციამ იმსხვერპლა, მაშინ პროკურატურას საქმის აღძვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის წინააღდეგ მოუწევს.
პატრულ-ინსპექტორი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. პოლიციელის უფლებადამცველი დღეს სასამართლოში გირაოს წინადადებით მივიდა, მაგრამ მოსამართლემ ბაიკერის სიკვდილის საქმეზე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
პროკურორი ამბობს, რომ 26 წლის პატრულის თანაშმრომელი საგზაო წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, დამატებით დეტალებზე ბრალდების მხარე არ საუბრობს და არ აკონკრეტებს ვინ გასცა დევნის ოპერაციის ბრძანება და ვინ აკონტროლებდა პატრულის გადაადგილების ტრაექტორიას.
„ბრალდებით შეეფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მას ბრალი აქვს წარდგენილი სსკ-ს 276 მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას. გამოკითხული არიან მოწმეები, ასევე არის საქმეში შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, რაც უშუალოდ გარაცვლილის ჩაფხუტზე იყო მიმაგრებული ვიდეორეგისტრატორიდან, - ამბობს პროკურორი.
დამატებით დეტალებზე ვერც ადვოკატი საუბრობს.
‘’ამ ეტაპზე ჩვენ თავს შევიკავებთ პოზიციის გამოხატვისგან, - ამბობს ინტერესების დამცველი.