
ბათუმში 27 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის არჩილ წუწუნავა მუსიკის ხმის ჩაწევის თხოვნის გამო მოკლეს. თუმცა, არსებობს მკვლელობის მოტივის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თავდამსხმელი, არჩილ წუწუნავას მეგობარ გოგოს ავიწროვებდა და აგინებდა. ახალგაზრდა ქალის დაცვა მამაკაცმა სცადა, რა დროსაც დამნაშავემ ის სასიკვდილოდ გაიმეტა.
ადგილობრივებმა მომდხარი დანაშაულის შესახებ გამთენიისას შეიტყვეს. ქუთაისის ქუჩაზე, 27 წლის არჩილ წუწუნავას დანით სასიკვდილო რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ირკვევა, რომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის 29 წლის რევაზ ცეცხლაძეა.
„მკვლელობის ორი ვერსია არსებობს, ერთის მიხედვით ეს ცეცხლაძე ავტომობილით იდგა და გვიან ღამით მუსიკას მაღალი ხმით უსმენდა. ადგილობრივების არაერთი შენიშვნის მიუხედავად კი მან მუსიკა არ გამორთო და არც ხმას ჩაუწია.
„მასთან დასალაპარაკებლად 27 წლის არჩილ წუწუნავა მივიდა, შელაპარაკების შემდეგ კი მას რევაზ ცეცხლაძემ დანა რამდენჯერმე დაარტყა. მეორე ვერსიით კი, ის არჩილის მეგობარ გოგონას აწუხებდა. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამაზე შელაპარაკდნენ და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ პირმა კი მას დანა შეყვარებულის თვალწინ რამდენჯერმე დაარტყა. უმძიმესი ამბავია. საუკეთესო ბიჭი იყო და ყველას გული გვაქვს დაწყვეტილი“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე სამართალდამცველებმა ჩხრეკა უკვე ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მკვლელობის ადგილზეც.
მოკლული არჩილ წუწუნავა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. ბრალდებული რევაზ ცეცხლაძე კი უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.