ელზა პაპოშვილი
14.07.2024

ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გარდაცვლილი 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანმა დამ სასაამრთლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მის დაზე ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფიზიკურად იძალადა.  

21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.

ქეთი ჯავახიშვილს  59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. 

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მოპოვებული მტკიცებულებებით, კაცი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, 22 წლის გოგო წამებით მოკლა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. 

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულად ბრალეული ოთარ ცინდელიანი არ უარყოფს, რომ როდესაც ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა დანით მიაყენა, ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

პროკურორის თქმით, დის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, რადგან ის არასრულწლოვანია და შესაბამისად, მისი დაკითხვის ნაწილში სხდომა დაიხურა. 

თუმცა პროცესზე დაიკითხა ფსიქიატრი, რომელმაც, პროკურორის თქმით, დაადასტურა, რომ გარდაცვლილ ქეთევან ჯავახიშვილს ჰქონდა მძიმე დეპრესიული ფონი და მას შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნა. ასევე დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრალდებულის სახლის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, მათ შორის გადაგდებული შარვალი, რომელსაც ასევე სისხლისმაგვარი ლაქები ეტყობოდა.

„რაც შეეხება მიმოწერას, ჩვენ საქმეში გამოთხოვილი გვაქვს, როგორც წინა დღის, ისე წინა პერიოდის მიმოწერები. რასაკვირველია, ცალკე აღებული არ ვიხილავთ ამ მესიჯებს. წინა პერიოდის მესიჯები მიუთითებს იმ გარემოებაზე, როგორ ექცეოდა ბრალდებული დაზარალებულს, რა სიტყვებით, უცენზუროდ მოიხსენიებდა მას, რომელსაც შემდეგ სხდომაზე გამოვიკვლევთ. გარდაცვლილის არასრულწლოვანმა დამ დაადასტურა, მათ შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტი,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. 

გარდა ამისა, სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა 112-ის ჩანაწერი, რითაც ირკვევა, რომ პირი 112-ის თანამშრომელს ატყობინებს, რომ ლილოს დასახლებაში ცხედარი იპოვეს და ადგილზე საპატრულო პოლიციის მისვლას ითხოვს. სხდომაზე ასევე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

ცინდელიანის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ მძიმე ფსიქოლოგიური პორბლემები აქვს და დღემდე ვერ იხსენებს, რა მოხდა, როგორ მოკლა 21 წლსი ქეთი ჯავახიშვილი. 

მკვლელობისთვის ბრალდებული ხმას არ იღებს, თუმცა მისი ადვოკატი ცდილობს, სასამართლო დაარწმუნოს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ოთარ ცინდელიანი შეურაცხადი იყო. არის ნარკოდამოკიდებული და ამიტომ ის ციხის ნაცვლად კლინიკაში უნდა გაუშვან. ეს კი, პრაქტიკულად, დანაშაულის აღიარებაა. ბრალდების მხარე კი  ამტკიცებს, რომ ცინდელიანი დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობდა.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×