ნატალია ჯვარიძე
10.07.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან თავი შეიკავონ.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების შესახებ, რომელთაც შეტყობინების გამგზავნი პირები მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით.

ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ისინი გადაგზავნილ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომი რეაგირებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ეს საკმაოდ პრობლემატური თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მიზანი კი მარტივია: უკანონოდ ფულის გამოძალვა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია სხვადასხვა უფრო ფართო კამპანიები, რომ მოსახლეობამ ინფორმაცია მიიღოს.

„ეს არის ფართოდ გავრცელებული გლობალური სენი, რომელიც ახლა არ დაწყებულა. ამას ადრე ჰქონდა ელექტრონულ ფოსტებში გაგზავნილი არა ერთი მცდელობა, მათ შორის საქართველოში.

„აქ საქმე ჩვეულებრივ თაღლითებთან გვაქვს. სამწუხაროდ ხდება ხოლმე გულუბრყვილო ადამიანების მოტყუება, რომ თითქოს ვიღაცას რაღაც უფასო პრიზი ეკუთვნის ან ამანათი მიიღო, ძალიან მრავალმხრივია ეს დახვეწილი თაღლითობა და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში ამაზე იბრძვიან.

„თუმცაღა ესენი სხვადასხვა ღრიჭოებს პოულობენ, განსაკუთრებით კიბერსივრცეში. არ არის აუცილებელი საქართველოში რეგისტრირებულები იყვნენ, ან თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. ეს არის გლობალური პრობლემა და ამას საქართველოსა და სხვადასხვა საერთაშორისო სამათალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინირებული და უფრო აქტიური რეაგირება სჭირდება.

„როდესაც ეს თაღლითები მოქალაქეების პირად იუნფორმაციებს მოიპოვებენ, მათ შეუძლიათ ეს პირადი ინფორმაციები უწინარესად გამოიყენოს ამა თუ იმ პიროვნების საბანკო მონაცემის მოპარვაში და შემდეგ თაღლითური ტრანზაქციების განხორციელებაში.

„მე არ ვხედავ, რომ პირადი მონაცემების თაღლითური გზით დაუფლება რაღაც პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ასეთი რაღაც არ არსებობს. უბრალოდ ეს არის ფინანსური სარგებლის უკანანოდ მოპოვება.

„პირადი მონაცემების მოპარვით შესაძლოა კიდევ სხვა ტრანზაქციები განახორციელოს ამ ადამიანის ახლო წრიდან და ა.შ. ძალიან მავნებლური აბლაბუდის ქსელია, რომელიც ევროპასა და ამერიკაში აქტიურია და ახლა უკვე სამწუხაროდ საქართველოშიც ფეხს იკიდებს.

„სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს მიამიტურად ეგონა, რომ ამით სარგებელს მიიღებდა. მეც მომსვვლია ასეთი შეტყობინება და იქ მითითებულია საქართველოში რეგისტრირებული ნომერი, მე პირადად ამ თაღლითური სქემის მსხვერპლი არ ვყოფილვარ, მაგრამ საახლობლოში იყვნენ.

„ასეთი რაღაც იყო თუნდაც ფეისბუქში, როდესაც ადამიანების პირად ფოტოებს იპარავდნენ, ხსნიდნენ ყალბ ანგარიშს და შემდეგ იქიდან მცირე თანხებს ითხოვდნენ, რომ ეჭვი არ ყოფილიყო. ამაზე გაფრთხილება შესაბამის სააგენტოდან კი არ უნდა იყოს, არამედ საზოგადოებრივ-სოციალური კამპანია უნდა იყოს, რომ ხალხს მეტის ინფორმაცია ჰქონდეს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×