ელზა პაპოშვილი
09.07.2024

37 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის, ცემის და გაუპატიურების ფაქტზე, ორდღიანი ძებნის შემდეგ,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 30 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევია. რაც შეეხება 37 წლის ქალს, რომელზეც ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი გააუპატიურა, უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაში რჩება. 

არსებული ინფორმაციით, სასტიკ დანაშაულში ბრალებული დაკავებული 30 წლამდე მამაკაცი დაზარალებულის მეზობელია. ირკვევა, რომ ძალადობის მომენტში ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.  

მეზობლების მონაყოლის თანახმად, ირკვევა, რომ სასტიკი ცემისა და სექსუალური ძალადობის შემდეგ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მეზობლებმა ის კლინიკაში გადაიყვანეს. 

„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, ქალს თავის მძიმე ტრამვა აქვს მიღებული. როგორც ვიცით,  რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ რადგან ეს გოგო  ვერ დადიოდა, აბაზანაში შევიდა, წაიქცა და თავი დაარტყა. თუმცა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, როცა ის ექიმებმა გასინჯეს, თქვეს, რომ გაუპატიურებული იყო. სხეულზე ძალადობის კვალი ჰქონდა. 

„შემდეგ ამ გოგომ თქვაა, რომ მასზე ამ პიროვნებამ იძალადა. მათთან სტუმრად ხშირად მიდოდა, ოჯახთან მეგობრობდა და ახლობლობდნენ. სავარაუდოდ, როცა სახლში მივიდა გოგო მარტო დაინახა. წაუქცევია და მასზე იძალადა. მეზობლებმა იპოვეს ასეთ მდგომარეობაში. ადრეც ნასამართლევია და არაა კარგი სულის პიროვნება. გოგოს მდგომარეობა მძიმეა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს ქალის მეზობელი. 

აჭარის პოლიციამ შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამისნიტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.გ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ჯ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია განცხადებაში.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×