სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ყოველდღე ვხედავ, როგორ მატულობს ბზარების რაოდენობა, სახურავიც უფრო და უფრო იწევა გვერდზე"
    თამაზ კუპრეიშვილი
    18.09.2009

    ამ ინფორმაციის მიღებისთანავე საჩხერის რაიონისკენ გავემართეთ. ადგილზე ჩასულებს, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობა დაგვხვდა. საჩხერის ავტოსადგურიდან ორმოებიანი, დანგრეული გზით გავემართეთ აღმაშენებლის 12-ში მდებარე სახლისკენ. პირველი, რაც დავინახეთ, ეს იყო ეზოში გაშლილი რამდენიმე კარავი, ხის ქვეშ დაგებული ლეიბები და ალაგ-ალაგ დაბზარული ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. როგორც ვიგებთ, ეს სახლი გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში აშენდა. პირველი დაზიანება კი 1991 წელს მომხდარი რვაბალიანი მიწისძვრის დროს მიიღო.
    მარინა შუბითიძე, საჩხერის მკვიდრი: "აქ 1986 წლიდან ვცხოვრობ ოთხ შვილთან ერთად. 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს, შენობა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა, იმ დროს არავის შეუკეთებია. მას შემდეგ, წლების მანძილზე მეორდებოდა ბიძგები. უკანასკნელად ორი წლის წინ მოხდა შედარებით ძლიერი მიწისძვრა. საბედნიეროდ, იმ დროსაც გადავრჩით. ეს წლები სულ რისკის ქვეში ვცხოვრობდით. 7 სექტემბერს მომხადი მიწისძვრა კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა".
    როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ისედაც დაბზარული კედლები ახლა უფრო დაიბზარა, ღარები გაფართოვდა და შენობაც გვერდზე გადაიხარა. სახლში მხოლოდ საჭმლის გასაკეთებლად ადიან რამდენიმე წუთით. ამასაც, რამდენიმე გაბედული ქალბატონი ახერხებს, დანარჩენები კი, მშრალი საკვებით იკვებებიან კარვებში.
    მარინა შუბითიძე: "როცა ბინაში შევდივარ, ვგრძნობ, როგორ ირყევა სახლი. საშინლად ჭრიალებს, ხმაურობს. ნიავი რომ დაუბერავს, სახლი ქანაობს და ასე მგონია, კვლავ მიწისძვრაა. ძირითად დროს მაინც ეზოში ვატარებთ".
    ოჯახის ოთხ წევრს ღამე პატარა კარავში სძინავს. მისმა ერთმა შვილმა, წლების წინ მენინგიტი გადაიტანა. ამის გამო სახლში, ღამით მხოლოდ ის იძინებს. მისი თქმით, აღმაშენებლის 12-ში მცხოვრებ 60 ოჯახს მხოლოდ ორი პატარა კარავი მისცეს, რომელშიც წვიმის დროს წყალი შედის და შიგნიდანაც სველდება. გამგეობიდან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს დღეებში მოვა კომისია, რომელიც მათი სახლის ვარგისიანობას შეისწავლის.
    "პარასკევს იყვნენ მოსულები გამგეობიდან", - საუბარში ერთვება შუახნის ქალბატონი ლამზირა გიორგაძე, - "რამდენიმე ადამიანი მოვიდა, ვანახეთ დაბზარული კედლები და ასე გვითხრეს, თუ გინდათ, შედით და იცხოვრეთო. მითხარით, ამ ნახევრად დანგრეულ სახლში როგორ შევიდეთ? როდის ჩამოიშლება, არ ვიცით".
    მისი თქმით, მიწისძვრამდე გაცილებით ადრე, ბევრჯერ მიმართეს გამგეობას დაზიანებული სახლის შეკეთების თხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. სხვადასხვა ადგილობრივ და ნაციონალურ ტელეარხებზე დარეკეს, მაგრამ მათი პრობლემით არც ისინი დაინტერესებულან.
    "გამგეობამ, სამი წლის წინ სახურავი გაგვიკეთა, მეტი არაფერი", - იხსენებს ლამზირა გიორგაძე.
    7 სექტემბრის მერე სახლში არ შესულა ჯილდა თოდუაც. ის ახლა, დედამთილთან ერთად ახლობლის მიერ ნათხოვებ ვაგონში ცხოვრობს.
    "გამორიცხულია, სანამ ბინას არ გაამაგრებენ, იქ არ შევალ. ყოველდღე ვხედავ, როგორ მატულობს ბზარების რაოდენობა, სახურავიც უფრო და უფრო იწევა გვერდზე. ბოლო მიწისძვრამდე ასეთი დაზიანებული არ იყო. იმ დროსაც, ტელევიზიებმა გვითხრეს, აქციები მოაწყვეთ, გზები გადაკეტეთ და მოვალთო", - ამბობს ის.
    ამასობაში, ჩვენი მასპინძლები სახლს გარედან გვათვალიერებინებენ. სახურავის გასწვრივ, მთელ შენობას ეტყობა ბზარები. აივნის კუთხეები ალაგ-ალაგ ჩამონგრეულია. შენობის ფასადი წყლის მილებითთა დაფარული.
    "ყველა ოჯახმა წყლის მილი დამოუკიდებლად აიყვანა, საერთო სისტემა მოშლილია, არ მუშაობს კანალიზაციაც, სარდაფი სულ წყლითაა სავსე", - გვეუბნება ჯილდა თოდუა", - შეხედეთ, როგორ არის გადახლართული ელ. გაყვანილობის ხაზები ერთმანეთზე", - მიმითითებს შენობის უკან მდგარ ბოძზე, საიდანაც ხაზები ობობას ქსელივით გადადის საცხოვრებელ სახლზე.
    "სამოცივე ოჯახს შუქის ხაზი ცალ-ცალკე აქვს სახლში შეყვანილი", - მიხსნის ის.
    შენობის გარეგნულად დათვალიერების მერე, რამდენიმე მცხოვრები იქვე მდებარე ფარდულებსა და ვაგონებს გვათვალიერებინებს.
    "გადაუღეთ, ყველაფერს გადაუღეთ", - მეუბნებიან და ყველა ფარდულის კარს მიღებენ, სადაც საწოლებია გაშლილი. ზოგან ოთხი, ხუთი, ზოგან კი, უფრო მეტიც. ყოფილი საცურაო დარბაზის ნანგრევებს უკან, კიდევ ერთ ფარდულში შევედით, სადაც, თამუნა ყაველაშვილი თავის ორი კვირის ჩვილთან ერთად დროებით აფარებს თავს. ბავშვს ეძინა. დედა გვეუბნება, რომ მეხუთე სართულზე ცხოვრობს, ბინაც ახალი გარემონტებული აქვს, მაგრამ ისევ და ისევ კედელზე გაჩენილი ბზარების გამო, ბავშვთან ერთად ფარდულში ამჯობინებს ცხოვრებას.
    "ახლა ბინები შიგნიდან ნახეთ, მე 7 სექტემბრის მერე შიშები დამჩემდა და შიგნით ვერ შემოვალ", - მეუბნება ჯილდა თოდუა და ჩემს მეგზურობას უკვე სხვა ქალს ავალებს. შევდივართ სადარბაზოში.
    ალაგ-ალაგ ჩანგრეულ და მოაჯირმომტვრეულ კიბეებს ფრთხილად მივუყვებით. გზადაგზა ბზარებსა და გადმოცვენილ აგურებს მაჩვენებენ. ჩაბნელებულ კორიდორებში იატაკი აყრილია, ჭერი ჩამოცვენილი და კედლები დაბზარული. სათითაოდ შევდივართ სხვადასხვა ოთახებში. ისევ და ისევ დაბზარული კედლები, ჩამოცვენილი ბათქაში. ზოგიერთ ბინაში ჩამოყრილი ბათქაში ჯერ კიდევ არ გაუხვეტავთ, ისევ იატაკზე ყრია.
    "ამათი პატრონები მიწისძვრის შემდეგ აქ არ ამოსულან", - მიხსნის მეგზური.
    აივანზე გასვლა ვერ გავბედეთ, მისი ნახევარი პრაქტიკულად ჩამოშლილი იყო. ვეკითხები, ვინმე ხომ არ დაშავებულა-მეთქი.
    "სერიოზულად არავინ, მხოლოდ ორი ადამიანი დაშავდა. ერთმა შიშისგან კარი გაანგრია და მხარი ამოუვარდა, მეორე კი, პირველი სართულიდან გადახტა და ფეხი იტკინა", - მპასუხობს მარინა შუბითიძე.
    ბოლოს, სარდაფის დათვალიერების ჯერიც დადგა. ტალახით სავსე ჩაბნელებულ სარდაფში წყლის გუბეები იდგა, ჟანგიანი მილიდან კი, წყალი შეუჩერებლად მოდიოდა. გარეთ გამოსულებს, ბავშვებთან ერთად სკოლიდან დაბრუნებული რამდენიმე ქალბატონი დაგვხვდა.
    ელზა ფხალაძე: "ორი შვილი მყავს, მეორე და მეხუთე კლასელები. უკვე რამდენიმე დღეა კარავში ვცხოვრობთ. დღეს ბავშვები სკოლაში რომ მივიყვანე, შიშით გული გამისკდა, საკლასო ოთახის კედლები სულ დაბზარულია. დირექტორმა სთხოვა სამინისტროს, შეკეთებამდე სწავლა გადაედოთ, მაგრამ უარი უთხრეს. მეც, მთელი დღე სკოლაში ვარ. მეშინია, რამე რომ მოხდეს, შვილებთან მაინც ვიქნები".
    სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, იქვე, აღმაშენებლის 10-ში მდებარე სახლის მცხოვრებნიც მოვიდნენ და გვთხოვეს, მათი ბინებიც გვენახა. წავყევით. იქაც ანალოგიური მდგომარეობა, დაბზარული კედლები და ჩამოცვენილი ბათქაში. მეორე სახლისგან განსხვავებით, აქ სახურავიც გაფუჭებულია და ცუდ ამინდში ბინებშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ.
    დაზიანებული კორპუსების ნახვის შემდეგ, გეზი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისკენ ავიღეთ. გამგებელმა, ზურაბ ცერცვაძემ, დიდხანს არ გვალოდინა.
    ზურაბ ცერცვაძე: "ჩვენ ახლა ვსწავლობთ მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას. სად რა ხარისხისა და რაოდენობის დაზიანებებია და ა.შ. ეს მონაცემები უნდა დავახვედროთ სეისმოლოგთა ჯგუფს, რომლებიც უფრო კომპეტენტურ და სრულყოფილ დასკვნებს დადებენ ამა თუ იმ სახლის ვარგისიანობის შესახებ. ამ საბოლოო დასკვნას გადავცემთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც შემდეგ გაგვიწევს შესაბამის დახმარებას და ჩვენც დავიწყებთ დაზიანებული შენობების რეკონსტრუქციას".
    "რეზონანსი": ხალხის თქმით, პარასკევს მისულმა კომისიამ, მათი ბინის დაზიანება სერიოზულად არ ჩათვალა. ვინ იყო შემოწმებაზე მისული?
    ზურაბ ცერცვაძე: "მათთან რაიონის არქიტექტორი მივიდა, რომელმაც აღრიცხა დაზიანებული ადგილები. სამწუხაროდ, დაზიანების ხარისხის განსაზღვრაში ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები და ვერც რაიმე დასკვნას დავწერთ. ეს სეისმოლოგთა ჯგუფმა უნდა გააკეთოს. ისინი ახლა რაჭაში მუშაობენ. იქ რომ მორჩებიან საქმეს, მერე საჩხერეშიც ჩამოვლენ".
    გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტში ბევრი სახლია დაზიანებული.
    "შეხედეთ ჩემი კაბინეტიც დაბზარულია, მაგრამ სერიზული არაფერია, მთავარია შენობას საძირკველი და საყრდენი კედლები არ დაუზიანდეს, თორემ, ასეთი ბზარები, დღეს, საჩხერეში ყველა სახლს აქვს", - გვეუბნება ის და კაბინეტში არსებულ ნაპრალებზე მიგვითითებს.
    "რეზონანსი": ხალხი უკმაყოფილოა, რომ ორზე მეტი კარავი არ მიეცით...
    ზურაბ ცერცვაძე: "აბა, მეტი როგორ უნდა მიმეცა? ზუსტად 40 კარავი გადმოგვცა ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. საჩხერეში სულ 15 სახლი დაინგრა, 140 კი საცხოვრებლად უვარგისია, ყველას ხომ არ ეყოფა?"
    გამგებელს, აგრეთვე, ვკითხეთ დატბორილ სარდაფსა და გაფუჭებულ სახურავზე. მისი თქმით, დატბორილი სარდაფის პრობლემა თავად მობინადრეებმა უნდა მოაგვარონ, რადგან ეს პრივატიზებული კორპუსია. რაც შეეხება აღმაშენებლის 10-ში მდებარე სახლის სახურავს, გამგეობამ უკვე მისწერა ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას პრობლემის შესახებ და მათაგან სახურავის შეკეთების დაპირებაც მიიღო. ცერცვაძის თქმით, მათ ჯერჯერობით არა აქვს საკუთარი სახსრები პრობლემის მოსაგვარებლად.
    გამგეობის შენობიდან გამოსვლის მერე, კვლავ დაზარალებულებთან მივედით და გადავეცით გამგებლის ნათქვამი. ისინი დაგვპირდნენ, რომ ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან.
    წამოსვლის წინ კი გვთხოვეს: "იქნებ, რომელიმე ტელეკომპანიას თქვენ მაინც მიაწვდინოთ ხმა. მოვიდნენ, გადაიღონ ჩვენი სახლები, ნახონ, რა მდგომარეობაში ვართ. ტელეკომპანიებს თუ არა, ბიძინა ივანიშვილს მაინც მიაწვდინეთ ხმა. როგორც ჩანს, ჩვენს შესახებ არაფერი გაუგია, თორემ ასე არ დაგვტოვებდა".
    პირობა მივეცით, რომ მათ თხოვნასაც აუცილებლად გამოვაქვეყნებდით. ასევე დავპირდით, რომ ჩვენი რედაქცია მუდმივად მიადევნებს თვალყურს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მათი საცხოვრებლის გარშემო და რამდენად მალე შეძლებენ ისევ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter