ელზა პაპოშვილი
20.03.2023

30 წლის ქართველ მამაკაცს ბერძნული მედია 28 წლის დევნილი უკრაინელ ქალზე სექსუალურ ძალადობასა და შემდეგ მის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. მამაკაცი კი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და ისინი სასეირნოდ იმყოფებოდნენ, როდესაც სელფის გადაღების დროს მისი მეგობარი ქალი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.

ტრაგიკული შემთხვევა კვიპროსზე მოხდა. მამაკაცმა პოლიციაში თავადვე დარეკა და დახმარება ითხოვა. ცხედრის პოვნის შემდეგ გარდაცლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. პოლიციის მტკიცებით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ კლდიდან გადავარდნამდე ქალი ასფიქსიით, ანუ გაგუდვის შედეგად არის გარდაცვლილი, მანამდე კი მასზე სექსუალურად იძალადეს. 

ქართველი მამაკაცი წლებია საბერძნეთში ცოხვრობს და მას ადგილობრივი მოქალაქეობაც აქვს. როგორც ირკვევა, უკრაინელი გოგონა რამდენიმე თვის წინ გაიცნო და მასთან ურთიერთობა ჰქონდა.

ბრალდებული ახლა კვიპროსის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ადგილობრივი პოლიცია მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ ბრალი ფემიციდის მუხლით წარუდგინეს. დაკავებულს უკრაინელი ემიგრანტის, ლესია ბიკოვას გაუპატიურებასა და განზრახ მკვლელობას ედავებიან. 

საბერძნეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი „რეზონანს“ უყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მან გოგონა ჯერ გაგუდა და შემდეგ მოკლა.    

„ახალგაზრდა ქალი, რომელიც უკრაინიდან ომს კვიპროსში გაექცა, როგორც ბერძნული მედია ამბობს, ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით, ძალადობის მსხვერპლი გახდა. პოლიცია ამტკიცებს, რომ ის ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ გაგუდეს და კლდიდან გადააგდეს. დაკავებული ქართველი კი ირწმუნება, რომ გარდაცვლილი მისი პარტნიორი იყო და კლდიდან შემთხვევით, ფოტოს გადაღების მომენტში გადავარდა. 

„ფაქტს აქტიურად აშუქებს ადგილობრივი მედია. როგორც მედიაში აჩვენეს, საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტიც კი  ჩატარდა. ალტერნატიული ექსპერტიზა ქართველმა ბიჭმაც დაიქირავა. პროკურატურა დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობას არ ეთანხმება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ექსპერტიზამ უკვე დაადგინა გაუპატიურების და ძალადობის ფაქტი. ამიტომ ეჭვი ჩნდება, რომ რაღაცა სხვა ამბავი ხდება. მაშინ რატომ უნდა ენდოს ეს ბიჭი მათ ექსპერტიზას?!

„ჯერ უცნობია, დაუდასტურდება თუ არა 30 წლის ქართველ მამაკაცს გაუპატიურებისა და განზრახ მკვლელობის ბრალდება. თითქოს მედიაში იმასაც ამბობენ, რომ ექსპერტიზით უკვე დადგენილია, რომ შემთხვევის დროს ის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ესეც რატომ უნდა იყოს  სიმართლე? 

„ხშირია, როცა ქართველებს რაღაცეებს აბრალებენ და მერე მართლდებიან. ადრეც გვახსოვს 20 წლის გოგონას და მისი ჩვილის მკვლელობაზე ვითომ ქართველს რომ ეძებდნენ, ბოლოს კი აღმოჩნდა,  ქმარმა მოკლა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ქართველი ემიგრანტი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×