ელზა პაპოშვილი
13.03.2023

დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა -  გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სასამართლო პროცესზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა. თავის მხრივ, დაცვის მხარე ირწმუნება, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

საზარელი დანაშაული რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში მოხდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში შვილმა 86 წლის დედას სასიკვდილო დაზიანებები, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სავარაუდოდ, შეშის ნაჭრით მიაყენა.    

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით, უცნობია. ცხედარს სავარაუდოდ შეშით მიყენებული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის თავის არეში აღენიშნება. 

ქალი ახლობლებს ჯერ  გარდაცვლილი ეგონათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ სახლში პოლიცია გამოჩნდა, გაირკვა, რომ ის მოკლული იყო. კვალის დაფარვის მიზნით კი შვილმა დედის გარდაცვალება დაცემით ახსნა და სამძიმარსაც იღებდა.  სამართალდამცველებს მეზობელმა მიმართა, რომელმაც დედა-შვილის ჩხუბის ხმა გაიგონა. პოლიციამ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენა, შვილი კი დაკითხვაზე გადაიყვანა. მან დანაშაული აღიარა. 

"მყავდა ავადმყოფი ძმა, მაგრამ დაიკარგა, ის ჩემთვის ძმა არ არის. მოხდა ისე, რომ გადაეკეტა ტვინი და დედის მიმართა ჩაიდინა ძალადობით სიკვდილი. ამ ზაფხულზე, თავზე ოპერაცია გაუკეთდა და თავზე ჰქონდა პრობლემა. მაგის დასალევზე გაკარება არ შეიძლებოდა. ფულს სთხოვდაო, დედაჩემს ფული არ გააჩნდა, თუ პენსიას იღებდა, კაპიკი ჯიბეში არ ჩაუდია არასდროს...დაულევია იმ დღეს და ალბათ გადაეჭედა ტვინი და მოხდა ეს. აღიარა დანაშაული", - განაცხადა დაკავებულის ძმამ. 

დაკავებულის და კი აცხადებს, რომ მიცვალებულს ხელები და შუბლი აქვს დაზიანებული. 

"ხელები აქვსო დაზინებული და შუბლი. აღიარა, რომ ასე, ასე გავაკეთეო. ალაპარაკეს, რომ ამ შეშა ჩავარტყი და მოვკალიო. რძალი თბილისში იყო წასული შვილიშვილის ჩამოსაყვანად, დედა და შვილი მარტო იყვნენ",- ამბობს დაკავებულის და. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×