ელზა პაპოშვილი
08.02.2023

ორწლიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული 35 წლის ბადრი ესებუა ჯიხაშკარში დააკავეს. ტერორისტად გამოცხადებული ესებუა თავს შორეულ ნათესავებს,  ხანდაზმულ ცოლ-ქმარს აფარებდა. ომიანე ჯიქია, რომელიც 80 წლისაა, სახლში ასევე ხანდაზმულ ცოლთან და 20 წლის  შვილთან ერთად ცოხვრობდა. პენსიონერი და მისი ცოლ-შვილი ახლა პოლიციაშია გადაყვანილი.  

ბადრი ესებუას აყვანა გამთენიისას მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, სავარაუდოდ, ესებუა მოხუცებთან პერიოდულად აფხაზეთიდან გადმოდიოდა და თავს აფარებდა. ისინი გამორიცხავენ რომ 2 წლის განმავლობაში მათ მეზობლად  ყოფილიყო. მათი ინფორმაციით, მოხუცებთან ხშირად შედიოდნენ და მათ ავადმყოფ შვილს ნემსებსაც კი უკეთებდნენ. მათთან უცხო ადამიანი  არასდროს შეუმჩნევიათ. „რეზონანს“ კი წყარო უყვება, რომ ბადრი ესებუა, აფხაზეთში ომიანე ჯიქიას ქალიშვილთან აფარებდა თავს და ჯიხაშკარში, სავარაუდოდ, პერიოდულად გადმოდიოდა. მათთვის უცნობია, რის გამო შეიძლება ის სამეგრელოში დაბრუნებულიყო. ამბობენ, რომ სახლი სოფლისგან მოშორებულია. ესებუას საძინებელი ოთახი, საიდანაც ის აიყვანეს, ტყეს უკავშირდება, სავარაუდოდ, ის ამ ფორმით მეზობლებისგან ფარულად გადაადგილდებოდა.      

ბადრი ესებუა უკვე ქუთაისის ციხეში იმყოფება. ის სამარტოვო საკანში შეასახლეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას დღის მეორე ნახევარში მოინახულებს. ესებუა დანაშაულის ადგილიდან  17 კილომეტრში დააკავეს. 

„ხმაური დილით ადრე გავიგეთ -  ასე გამთენია იქნებოდა . გავიხედეთ და სპეცრაზმი, პოლიცია მოხუცების სახლთან იდგა. გავგიჟდით, ვიფიქრეთ მოხუცებს ხომ არაფერი მოუვიდათო. მეზობლებში გადავრეკეთ და გარეთ გამოვედით. გვითხრეს, რომ ბადრი ესებუა დაუკავებიათ. წარმოდგენაც არ გვქონდა, თურმე ბიჭის შორეული ნათესავები ყოფილან. გამორიცხულია, რომ მას ორი წლის განმავლობაში აქ ეცხოვრა. როგორც გავიგეთ, აქ ახალი მოსულია. მოხუცებს რამდენიმე  ხნით თავის შეფარება სთხოვა. სად იყო მანამდე და როგორ მოხვდა აქ, არ ვიცით. ერთი ის ვიცით, რომ მათთან აქამდე არ ყოფილა. მოხუცებთან სახლში ჩვეულებრივად მივდიოდით. ბიჭი ავად არის და მას ნემსებსაც კი ვუკეთებდი. პატარა სახლია, გამორიცხულია, რომ  არაფერი შეგვემჩნია. კაციშვილი აქ არ გვინახავს. მოხუცები და ბიჭიც პოლიციამ გადაიყვანა. ესაა, რაც ჩვენ ვიცით,“ - უყვება „რეზონანს“ ადგილორბივი. 

კიდევ ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“ ამბობს უყვება, რომ ბადრი ესებუა მოხუცების სახლში რამდენიმე დღის მისული იყო. სავარაუდოდ, პოლიციას ვიღაცამ აცნობა და მას სპეცრაზმი მძინარეს თავს დაადგა. 

„როგორც იტყვიან, ციხე შიგიდან ტყდებაო. ვიღაცამ ესებუას ჯიხაშკარში ყოფნის შესახებ პოლიციას აცნობა. ის თავს ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთს აფარებდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ის მოხუცების ქალიშვილთან ცოხვრობდა, რომელიც აფხაზეთშია გათხოვილი. რისთვის დაბრუნდა უკან სამეგრელოში, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რაღაცის გამო მობრუდა. ის ფაქტი, რომ 2 წლის განმავლობაში ზუგდიდიდან 17 კილომეტრში იმალებოდა, ტყუილია. ის ამ ხნის განამვლობაში საქართველოს კონტორლირებად ტერიტორიაზე არ ყოფილა,“ - უყვება წყარო „რეზონანსს“.  

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მისმა შვილმა ბანკი გაძარცვა და მიიმალა, ოჯახს მასთან კონტაქტი არ ჰქონია. მისი თქმით, ოჯახი, სადაც მისი შვილი აფარებდა თავს, ნათესავები არიან - ომიანე ჯიქია მისი ცოლის ბიძაა. ტარიელ ესებუას თქმით, ჯიქიების ოჯახში ბოლოს 5 წლის წინ იყო. რატომ აირჩია ბადრი ესებუამ თავშესაფრად ჯიქიების სახლი, არ იცის.

"რაც მოხდა ეს ამბავი[ძარცვა], ოჯახს ჩვენი შვილი არ უნახავს, კონტაქტი არ ჰქონია," - ამბობს ტარიელ ესებუა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში გამთენიისას დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×