ელზა პაპოშვილი
12.11.2022

ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ძებნილი 26 წლის მამაკაცი პოლიციამ მომხდარიდან ორ კვირის შემდეგ გორში დააკავა. შემთხვევა 28 ოქტომბერს ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, დაკავებული ახალგაზრდა დაზარალებული ქალბატონის შვილიშვილის მეგობარია. მან ზუსტად იცოდა, რომ სახლში არავინ იყო და ნასვამმა ქალზე ძალადობა სცადა. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი ნასვამ მდგომარეობაში ასაკოვან ქალთან სახლში მივიდა, დაუძახა და უთხრა, რომ საქმე ჰქონდა. ქალმა იფიქრა, ალბათ შვილიშვილმა რამე დააბარაო და სახლში შეუშვა. მან კი ქალს თავში ბოთლი ჩაარტყა და მასზე სექსუალური სახის ძალადობა სცადა, თუმცა ქალმა თავის დაღწევა მოახერხა და მეზობლებს საშველად დაუძახა. ამის შემდეგ კი ახალგაზრდა ადგილიდან მიიმალა.   

„დაახლოებით ღამის 10 საათი იქნებოდა. მისი შვილიშვილის მეგობარია და კარგად იცოდა, რომ სახლში არავინ იყო. ქალს თავს დაესხა და თავში შუშა ჩაარტყა. საწოლზე დაუწვენია და სექსუალური ძალადობა სცადა. 

„ქალი ამბობს, რომ წინააღმდეგობას უწევდა და ყვიროდა. ხელები და ფეხები აქვს დასერილი დამსხვრეულ შუშაზე. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა - მოწეული ყოფილა. ალბათ ქალის დამორჩილება ამიტომაც ვერ შეძლო. 

„ქალს მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. ეს ბიჭუ თან ურტყამდა, რომ არ ეყვირა და პირზე ხელს აფარებდა. თუმცა ქალმა თავის დაღწევა შეძლო და მეზობელს შეატყობინა. ის ბიჭი კი ადგილიდან მიიმალა. მეზობლები არიან იქვე ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში ეძებდნენ და სად იყო, არავინ იცოდა. 

„მთელი უბანი შოკში ვართ. არ გვეგონა, რომ ის ამის ჩამდენი იქნებოდა. ჩვენც შეშინებული ვიყავით. აქ ბევრი მარტოხელა და ქვრივია. სანამ იპოვიდნენ, ყველას გული გვისკდებოდა. ვინ არის დაზღვეული ან დაცული რამისგან...“ - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

შსს-ს ინფორმაციით კი, 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 26 წლის ვ.ყ. გორში  დააკავეს. გამოძიება 19/137 -ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობასა და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს.  დაკავებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×