ელზა პაპოშვილი
03.11.2022

დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 პირი. ორს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ერთი მათგანი ასლან ქობულაძე, იგივე „ბაბუ“, მეორე კი - ჯუმბერ ბაირამიდი, იგივე „ბონჩო“. 

ოპერატიული ღონისძიებები თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ერთვებოდნენ მოქალაქეთა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში. უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებს, მათ შორის მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად „ბაბუს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ.

გამოძიების ვერსიით, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ბონჩო“, ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერ პირებს და მათი მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის, 55 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ.

საქმეში ჩართული ქურდული სამყაროს წარმომადგენლები თანხის გამოძალვას ყველანაირი მეთოდით ცდილობდნენ. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში ისმის, დამნაშავეები მოქალაქეს ემუქრებოდნენ როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.    

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის უფლებადამცველი ზაზა მიქატაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეში ლავასოღლი არ ფიგურირებს.    

„ამ საქმეში ლავასოღლი არ ფიგურირებს. თვითონ ამბობს, რომ მე წელიწადნახევარია მოვიხადე ჩემი სასჯელი, ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არავისთან კავშირი არ მაქვს, მინდოდა დამეწყო წესიერი, პატიოსანი ცხოვრება, შევქმენი ოჯახი და მყავს შვილები. ლავასოღლიმ საერთოდ უარყო დანაშაული,“ - აცხადებს ადვოკატი.

ბრალთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურამ. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი სოსო სალთხუციშვილი  აცხადებს, კრიმინალური ავტორიტეტები ქონებრივ დავებსა თუ კონფლიქტებს აგვარებდნენ, რითაც  ხელს უწყობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობას.

„ბრალდებულები, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თავისი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ქონებრივი სარგებლის მისაღებად, აგრეთვე, სხვისთვის უპირატესობისა და ძალაუფლება-გავლენის მოპოვების მიზნით, ერთვებოდნენ სხვადასხვა პირებს შორის წარმოშობილი კონფლიქტებისა თუ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაში, რითაც ხელს უწყობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობას.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი კანონიერი ქურდი ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, რომელთა მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაციის გზით, დაზარალებულს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდა,“ - აცხადებს სოსო სალთხუციშვილი.    

დანაშაული 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 -ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×