ელზა პაპოშვილი
01.11.2022

ვაზისუბანში მუშებს შორის დაწყებული სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. 33 წლის ტარიელ ძეგლიგაშვილს გამოძიება 25 წლის თემურ ხარაულის მკვლელობას ედავება. გახმაურებული მკვლელობის საქმის მასალების მიხედვით, მან თანამშრომელს  დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დანაშაულის მოტივი კი ერთი შენიშვნა გახდა, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულმა თემურ ხარაულს მისცა. 

კონფლიქტი რესტორნიდან გამოსულ თანამშრომლებს შორის დაიწყო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს  შელაპარაკება მოუვიდათ. როგორც გამოძიებით დგინდება,  მოკლულ თემურ ხარაულს შელაპარაკება ერთ-ერთ თანამშრომელთან მოუვიდა, რაზეც ტარიელ ძეგლიგაშვილმა შენიშვნა მისცა. სწორედ მის გამო კონფლიქტი მათ შორის გაგრძელდა. ბრალდებული აცხადებს, რომ ხარაული და მათთან ერთად მყოფი 3 პირი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტარიელ ძეგლიგაშვილი შეეცადა კონფლიქტს გასცლოდა და ის სასტიკად ნაცემი  სახლში წავიდა. თუმცა, როგორც ის ამტკიცებს, მას ხარაული რამოდენიმე პირთან ერთად ახლა სახლში მიუვარდა. ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ გარეთ არ გამოვიდოდა, სახლში შეუვარდებოდა და ცოლ-შვილის თანდასწრებით გაუსწორდებოდა.  

დაკავებულმა  33 წლის ტარიელ ძეგლიგაშვილმა სასამართლოზე მოსამართლეს საგანგებოდ მიმართა და უთხრა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა - აუცილებელი მოგერიების წინაშე იდგა, რადგანაც მისი და მისი ოჯახის წევრთა უსაფრთხოება და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. 

აღსანიშნავია, რომ დაკავებულს სახეზე დაზიანებები ეჩნევა. გარდა ამისა, დაკავების შემდეგ მას ფეხზე 4 ნაკერი დაადეს. თუმცა სამშაბათს მოსამართლემ ის წინასწარ 2-თვიან პატიმრობაში დატოვა.

ძეგლიგაშვილს 17 წლამდე პატიმრობა ეუქრება. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ის თავს იცავდა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ადვოკატები ასევე იმ პირების დაკავებას ითხოვენ, ვინც მოკლულთან ერთად დაკავებულს ფიზიკურად ჯერ სამსახურში, შემდეგ კი მის სახლთან გაუსწორდა. 

„ჩხუბი ერთი შენიშვნის გამო დამიწყეს - შენ რატომ გვასწავლი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო... მეთქი, რას ჰქვია გასწავლით და დავანებე თავი, რაზეც დამიწყეს ჩხუბი, გადმომაყარეს მიწა თავზე, ქურთუკი გადამაფარეს, წამაქციეს და წიხლებით მცემეს. ყველაფერი მტკივა, ისე ვარ ნაცემი. ტაქსი გავაჩერე და წავედი სახლში. ცხვირიდან, პირიდან სულ სისხლი მდიოდა. 

„პირს ვიბანდი, როცა ტელეფონზე დამირეკეს და მეუბნებიან, რომ სასწრაფოდ დაბლა ჩამოდი, თორემ ჩვენ ამოგივარდებით სახლშიო. ვუთხარი, მცირეწლოვანი ბავშვები მყავს და არ შემიშინოთ-მეთქი. არა, დაბლა ჩამოდი, თორემ მანდ მოგივარდებითო. სხვა გზა არ მქონდა, რადგან მემუქრებოდნენ. ჩავედი თუ არა დაბლა, ისევ დამაყარეს. ჩემი ცოლ-შვილი ამ ყველაფერს უყურებდა“, - განაცხადა დაკავებულმა სასამართლო სხოდმაზე.

ახლა სასამართლოზე მკვლელობაში ბარლდებულის ცოლის და მისი არასრუწლოვანის ჩვენებები იქნება მნიშვნელოვანი, რადგან მკვლელობის და ცემის ფაქტს ისინი უშუალოდ შეესწრნენ. დაკავებულის ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების ფაქტის წინაშე იდგა.  

„ტარიელ ძეგლიგაშვილს თავდაცვის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს. თავდაცვა კი ყველა ადამიანის უფლებაა. საქმის მასალების  მიხედვით, ტარიელს ჯერ ერთხელ რამოდენიმე ადამიანი ჯგუფურად სასტიკად გაუსწორდა. მან თავის გარიდება სცადა, ნაცემმა ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. ისინი მას დაედევნენ, სახლში მიუვარდნენ და ემუქრებოდნენ. 

„არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა საქმეში მეორე დანაც ფიგურირებდეს. არ არის გამორიცხული, რომ დანით შეიარაღებული მეორე მხარეც ყოფილიყო. ამიტომ მან თავი ამ ფორმით დაიცვა. ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ ტარიელს სხვა გზა არ ჰქონდა“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“.  

ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ ბრადებული აუცილებელი მოგერიების წინაშე არ იდგა. პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე ამტკიცებს, რომ ეს კონფლიქტი რამდენიმე საათით ადრე მოხდა და ბრალდებულს შეეძლო შემთხვევის ადგილას მისვლა თავიდან აეცილებინა. მას შეეძლო, რომ სახლში პოლიცია გამოეძახა და განეცხადებინა, რომ მას ემუქრებოდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×