როგორ მოაწყო ეკატერინე მეორემ თავისი სამწყსო ბერძნული პროექტის თარგზე
მამუკა ნაცვალაძე
24.09.2022

ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკის კვლევის პროცესმა იმ პერიოდის რუსული იდეოლოგიის შესწავლის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა. აღმოჩნდა, რომ XVIII ს-ის 60-იან წლებამდე რუსეთის იმპერიას არ ჰქონია სახელმწიფოებრივი იდეოლოგიური დოქტრინა. მოსკოვი - მესამე რომის თეორია XIX ს-ის 60-იან წლებამდე საეკლესიო ანალებში იყო გამოკეტილი და საზოგადოების ფართო ფენებისათვის უცნობი ვერსია გახლდათ. რუსეთს არ სჭირდებოდა თავისი საგარეო პოლიტიკის გამართლებისთვის განსაკუთრებული ლეგენდა - ყველაფერი წყდებოდა სურვილითა და ამ სურვილის აღსრულების ძალადობრივი ქმედებით, შესაბამისად, მოქმედებდა მარტივი ლოგიკა - „მინდა და ვაკეთებ“. 

ოსმალეთის იმპერიის განეიტრალების რუსულ-ავსტრიულმა  გეგმამ ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა - მოვლენათა განვითარებამ აშკარად წარმოაჩინა რუსეთის იმპერიისთვის პოლიტიკური სახელმწიფოებრივი დოქტრინის აუცილებლობა, სადაც რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, რუსეთი „აღმოჩნდა“ ანტიკური საბერძნეთის მემკვიდრე და რომი ამ მემკვიდრეობის მიღმა „დარჩა“.

რატომ აღარ ჰქონდა გასავალი დოქტრინას - „მინდა და ვაკეთებ“ ეკატერინე მეორის რუსეთში

ეკატერინე მეორე შეეცადა ევროპულ მოდელზე გადაეწყო სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, კანონმდებლობა, მას ამის შესახებ ინტენსიური მიმოწერა აქვს ფრანგ განმანათლებელ ვოლტერთან, შესაბამისად ძალადობრივი ქმედების იდეოლოგიური შეფუთვის აუცილებლობაც ამიტომაც დადგა დღის წესრიგში. 

განმანათლებლებისა და ეკატერინეს ურთიერთობა ერთგვარი ინტელექტუალური ფლირტია,  და ამ ფონზე ბუნებრივია რუსეთის იმპერატორს სწორება აქვს იმ პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრების ეტიკეტსა და დამკვიდრებულ ნორმებზე.  ევროპა სხვა განზომილებაა, აქ არ არის ის საზოგადეოება, რომლისთვისაც არათუ მისაღები, უბრალოდ გასაგები იქნება რუსეთის ადრინდელ პოსტულატი - „მინდა და ვაკეთებ“.  შესაბამისად ეკატერინეს ეპოქა უკვე იმ აუცილებლობის წინაშე დადგა, რომ მას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელიც შეფუთავს მის რეალურ იმპერიულ მიზნებს.

რატომ აღმოჩნდა უსარგებლო ფილოფეის მოძღვრება ეკატერინე მეორის რუსეთისათვის

ამ ფონზე ჩნდება კითხვა - იყენებს თუ არა ფილოფეის მოძღვრებას ეკატერინე მეორის საიმპერატორო კარი ახალი იდეოლოგიის შექმნისას? პასუხი ცალსახაა - არა.

როგორც ჩვენმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რუსეთის იმპერიის მთავარი კონცეპტუალური პრინციპები განსაზღვრა ბერძნულმა პროექტმა, ოსმალეთის განეიტრალებისა და ევროპის გადანაწილების რუსულ-ავსტრიულმა გეგმამ, შესაბამისად, ყველაფერი ამ კონცეპციაზე მოეწყო - მათ შორის სახელმწიფოს მთავარი იდეოლოგიური დოქტრინა. 

მთავარი წინააღმდეგობა, რაც ამ პროექტის აღსრულებას ახლავს, ეს პირველობის ამბიციაა - სანქტ-პეტერბურგის მთავარი მეტოქე ვენაა. ამიტომაც გასარკვევია,  ვინ უნდა იყოს პირველი -  სანქტ-პეტერბურგის პირველობის ამბიცია ერთი მხრივ, ძალასა და მეორე მხრივ, ევროპის მომრიგებელი მოსამართლის სტატუსს ეფუძვნება, რომელიც რუსეთმა 1779 წელს ტეშენის ზავით მიიღო და სადაც რუსეთს ბადალი არ ჰყავს,  რაც შეეხება ავსტრიის იმპერატორს, მას, როგორც გერმანული ერის საღვთო რომის იმპერატორს, ბუნებრივად გააჩნია საქვეყნოდ აღიარებული და დადასტურებული პირველობის სტატუსი და არ სურს მისი დათმობა. 

შესაბამისად, რუსულ ძალას უპირისპირდება საუკუნეების განმავლობაში არსებული ტრადიცია და ევროპული რანგის კონფესიურ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუცია. ამ რეალობისას რუსეთის სახელმწიფოებრივი დოქტრინა თუკი მხოლოდ მართლმადიდებლური სივრცის პირველობას, ანუ ფილოფეის მოძღვრებას დაეფუძვნა, აშკარად წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება,  შესაბამისად, მოსკოვი - მესამე რომის თეორია ეკატერინეს პერიოდის სახელმწიფოებრივი მიზნებისათვის ცალსახად დამაბრკოლებელ ფაქტორად აღიქმება.

სწორედ ამიტომ დადგა სანქტ-პეტერბურგი იმის აუცილებლობის წინაშე, რომ შეექმნა ისეთი იდეოლოგია, რომელიც უზრუნველყოფდა ავსტრიის იმპერიის უპირატესობის განეიტრალებას და იმ ლეგენდის შექმნას, რომელითაც ქრისტიანული ევროპის დომინანტობის სტატუსის თვალსაზრისით  რუსეთს უფრო მეტი არგუმენტი ექნებოდა, ვიდრე გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიას. 

რატომ აღმოჩნდა ანტიკური სამყარო რუსეთისათვის ყველაზე მიმზიდველ ლუკმად

ბუნებრივია, გასარკვევია რას უნდა დაეფუძვნოს ეს ახალი იდეოლოგიური დოქტრინა, რა პოსტულატები უნდა ყოფილიყო უპირატესი?

ამ საკითხის გარკვევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული სახლემწიფოებრივი დოქტრინა დასავლეთ ევროპაზეა გათვლილი. რუსეთის  შიდაპოლიტიკური სივრცეები თავისი მენტალობით ჯერ კიდევ იტანს კონცეფციას „მინდა და ვაკეთებ“. ძალის გამოყენება აქ უმთავრესი და გადამწყვეტია, თუმცა, ეს მეთოდი დარწმუნებისა და არგუმენტირებისთვის განმანათლებლობის ეპოქის დასავლეთ ევროპაში არ გამოდგება. შესაბამისად, ახალი კონცეპციისა და დოქტრინის შემუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის პრიორიტეტები, რაც დასავლეთ ევროპას გაჩნია.

აქ კონფესიური თემა ნაკლებად გამოსადეგარია, აღორძინების პერიოდიდან აშკარად გამოჩნდა რომ რელიგია საზოგადოების არა მარტო მანიპულირების, არამედ კორუფციის  საშუალებაა და ამიტომაც ფაქტობრივად გაკოტრდა ყველა ის დოქტრინა, რომელიც სარწმუნოებრივ თემატიკას ეფუძვნებოდა. ამ რეალობაში აქცენტი კულტურაზე გადავიდა, შუა საუკუნეების ევროპა  კულტურის მრავალმხრივ ოაზისს ქმნის, რომლისთვისაც რელიგია უპირველესად ცხოვრების წესია და არა პროპაგანდის საშუალება. შესაბამისად, სწორედ კულტურაა ის საფუძველი, რასაც ახალი რუსული სახელმწიფოებრივი პოლიტიკური დოქტრინა უნდა დაეყრდნოს. უნდა შეიქმნას ისეთი დოქტრინა, რომელიც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს ცალსახად მიანიშნებს, რომ კულტურის დონით რუსეთი მათზე აღმატებულია. არადა ეს  მითოლოგიის სფეროა, რაც ყველა დროის ყველაზე დაუჯერებელ ლეგენდასაც კი აღემატება თავისი ფანტაზიით.

XVIII ს-ის განმანათლებლობის ეპოქაში ძველი საბერძნეთი ფეტიშიზმის დონეზეა აყვანილი. ცალსახად გაზიარებულია მოსაზრება, რომ მსოფლიო კულტურის აკვანი ძველ საბერძნეთში დაირწა, აქედან მიიღო მემკვიდრეობა რომმა, საიდანაც ესტაფეტა კონსტანტინოპოლს გადაეცა. ამ დოქტრინის გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მოსკოვია მესამე რომი და ეს იმპერიის ის მარადიული სიმბოლოა, რომელიც არასდროს დაეცემა.

რატომ „გარიყა“ რუსეთმა რომი ანტიკური ცივილიზაციიდან

ამ ვერსიაში აშკარად ჩანს რომის უპირატესობა - რამდენადაც, თუკი რუსეთი კონსტანტინოპოლის მემკვიდრედ იქნება აღიარებული, გამოდის რომ მას უფრო ნაკლები უფლებები უნდა ჰქონდეს, ვიდრე თავად რომს, რომლისგანაც კონსტანტინოპოლმა მიიღო მემკვიდრეობა. შესაბამისად, საღვთო რომის იმპერიის უპირატესობა ამ პრიზმიდან ეჭვგარეშე და ცალსახად დადასტურებულია. ამიტომაც გაჩნდა იდეა, რომ შუალედური ტრანზიტი - რომი ამ სქემიდან უნდა ამოვარდეს და კონსტანტინოპოლი უშუალოდ უნდა ჩაითვალოს ძველი საბერძნეთის მემკვიდრედ, შესაბამისად, ძველი საბერძნეთისა და კონსტანტინოპოლის  მემკვიდრედ რუსეთი უნდა იქნეს აღიარებული.  

ამ კონცეფციაში საერთოდ დაკარგულია რომი, შესაბამისად, რუსული ვერსიით, ის ვერ ჩაითვლება ძველი საბერძნეთის მემკვიდრედ და სწორედ ამიტომ ფაქტობრივად ის მიზანი, რასაც ახალი რუსული პოლიტიკური დოქტრინა ისახავს, მიღწეულია. ეს ოსმალეთის იმპერიის განეიტრალებისა და მისი ტერიტორიების გადანაწილების იდეოლოგიური საფუძველია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს დოქტრინა სახალხო გახდეს, ამ დოქტრინას უნდა დაეფუძვნოს რუსული მენტალობა, შესაბამისად, აქ უმნიშვნელოვანესი როლი სახელმწიფოს აკისრია - მან უნდა განავითაროს და ამ დოქტრინაზე მოაწყოს არა მარტო სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები, არამედ უბრალო, ყოველდღიური ადამიანური ყოფიერების ნაწილად აქციოს ეს ვერსია. 

და სწორედ ამ პერიოდიდან დგება რუსეთი ისტორიის გადაწერის აუცილებლობის წინაშე. ბერძნული პროექტის რუსულ იდეოლოგიურ საფუძვლებს იკვლევს თანამედროვე რუსი მეცნიერი ანდრეი ზორინი, რომელიც ჩვენგან განსხვავებით, იდეოლოგიურ სპექტრში კულტურისაგან  ცალკე სეგმენტად გამოყოფს კონფესიურ ფაქტორს, ამასთან რუსული იმპერიული მიზნის უმაღლეს თამასად მოიაზრებს მართლმადიდებლური სამყაროს გაერთიანებას. არადა, ჩვენი კვლევების შედეგად დასტურდება, რომ რუსეთის იმპერიული სამიზნე არა მარტო მართლმადიდებლური სამყაროა, არამედ მთელი ევროპა - სრულიად ქრისტიანული არეალი, ასევე აღმოსავლეთი. 

როგორ გახდა რუსული იმპერიული სამიზნე ევროპა და აზია 

ანდრეი ზორინის მოსაზრება არ არის მართებული, რამდენადაც, თუკი განვიხილავთ მხოლოდ კონფესიურ სეგმენტის თვალსაზრისით ახალ სახელმწიფოებრივ დოქტრინას, გამოდის, რომ ის ფაქტობრივად მოსკოვი - მესამე რომის თეორიის დუბლირებაა, რისი საჭიროებაც არ არსებობს. კონფესიური პრიზმიდან რუსეთის უპირატესობას პროვიდენციალური მენტალობით ხსნის მოსკოვი - მესამე რომის თეორია და კიდევ ერთი, ანალოგიური თეორიის შექმნა გაუგებარია რას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ ახალი დოქტრინის ცალსახა საყრდენი კულტურა უნდა იყოს და არა სარწმუნოება. კონფესიური სეგმენტი ერთიანი კულტურის შემადგენელი ნაწილია და სწორედ ესაა გასათვალისწინებელი. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ბუნებრივია მართლმადიდებელ ქრისტიანულ მოსახლეობასთან მიმართებაში ბერძნებთან, ბულგარელებთან, ქართველებთან გარკვეულწილად წარმატებით შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო კონფესიური სეგმენტი, მაგრამ რუსეთის მიზნები რომ უფრო გრანდიოზულია და ამ გრანდიოზულ მიზანს ასევე გრანდიოზული მასშტაბის სახელმწიფოებრივი დოქტრინა სჭირდება, ამის აუცილებლობა ჯერ კიდევ პეტრე პირველმა გააცნობიერა. ეს ეკლესიასთან დამოკიდებულებაშიც აისახა, რომელიც სწორედ პეტრეს ინიციატივით რუსეთში გაუქმდა როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია და სახელმწიფოს უწყების სტატუსამდე დაქვეითდა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მოსკოვი მესამე რომის თეორია, თავისი მოქმედების შეზღუდული არეალის გამო ვერ გამოდგა ეფექტური, რამდენადაც რუსეთის იმპერიის დაარსების პირველივე დღეებიდან გამოკვეთილად რუსულ პოლიტიკურ სამიზნედ იქცა არაერთი გეოსტრატეგიული სივრცე, სადაც არ ცხოვრობენ მართლმადიდებლები. მაგალითად, სანქტ-პეტერბურეგის პოლიტიკური ინტერესის სფეროა სპარსეთი და შუა აზია, სადაც მაჰმადიანური მოსახლეობაა, ასევე კავკასია, სადაც მართლმადიდებელი მოსახლეობის პარალელურად ცხოვრობენ გრიგორიანები, კათოლიკები და მაჰმადიანები...

შვიდწლიანი ომის პერიპეტიებმა კარგად წარმოაჩინა, რომ რუსული იმპერიული პოლიტიკის მიზნები დასავლეთ ევროპასაც სწვდება, სადაც ასევე არაა მართლმადიდებლური მოსახლეობა, შესაბამისად, სწორედ ამიტომ სჭირდება სანქტ-პეტერბურგს ის იდეოლოგიური დოქტრინა, რომელსაც ყველგან ექნება გასავალი და რაც  მსოფლიოს ყველა სახელმწიფოზე უპირატესობის ცალსახა დასტური იქნება. ასეთი დოქტრინის საფუძველი კი საყოველთაოდ აღიარებული და დაფასებული უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრეობა უნდა იყოს.

როგორ იწყება ყირიმის დაპყრობით რუსეთის ტოტალური „ელინიზაცია“

ჩვენი კვლევის შედეგებმა ცალსახად აჩვენა, რომ ამ პროცესების მთავარი მამოძრავებელი მუხტი რუსეთ-ავსტრიის ფარული ქიშპობაა, რომ სანქტ-პეტერბურგის პოლიტიკური ორიენტირი მხოლოდ მართლმადიდებლური სამყაროს პირველობის სტატუსი კი არ არის, მისი მიზანია ევროპისა და მცირე და შუა აზიის დომინანტი როლი.

სწორედ აქ უნდა იტვირთოს ძველი ბერძნული ცივილიზაციის მემკვიდრეობამ გადამწყვეტი როლი. როგორ პაველ პოტიომკინის ბიოგრაფი სამოილოვი წერს, ეკატერინეს ფავორიტი  ახლადშეერთებული ყირიმის ტერიტორიაზე დიდი გულმოდგინებით ეძებდა იმ ადგილებს, რეომელიც სვიატოსლავ ბრძენის გამარჯვებს უკავშირდებოდა და სადაც ისტორიული ტრადიციის მიხედვით ააშენა ქალაქები... განსაკუთრებულ სულიერ სიმშვიდეს განიცდიდა ხერსონში, სადაც კიევის მთავარმა ვლადიმერმა თავად იწამა ქრისტეს რჯული და კიევის რუსეთი გააქრისტიანა.

იმისთვის, რომ შთამბეჭდავი ყოფილიყო ეკატერინე მეორის საქმიანობის მასშტაბები და მისი პოლიტიკა, საჭირო იყო იმაზე ზრუნვა რომ ახლად შემეორთებულ ყირიმს მეხსიერებიდან ამეოძირკვა თურქული ტოპონიმიკა და დაემკვიდრებინა ძველი ბერძნული სახელწოდებები. შესაბამისად, ყირიმს ტავრიდა უწოდეს, ძველი ხერსონის ნანგრევების ადგილას დაარსდა სევასტოპოლი, ახტმეჩითს ეწოდა სიმფეროპოლი, კაფას ფეოდოსია,  ენიკალეს პანტიკაპეონი... ფაქტია რომ ახლადშემოერთებულ ყირიმში ხდება ტოტალური ელინიზაცია.

სიმპტომატურია ისიც, რომ ქართული სამყარო რუსულ ისტორიოგრაფიას გამოკვეთილად აინტერესებს როგორც ანტიკური სამყაროს ნაწილი...

ბერძნულ პროექტზე მორგებული ეკატერინესეული იდეოლოგია, ამ პროექტის პოლიტიკური სეგმენტისაგან განსხვავებით, არ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი, რამდენადაც რუსული იდეოლოგია სულ მალე თავის ძალადობრივ პირვანდელ ვერსიას („მინდა და ვაკეთებ“) დაუბრუნდა, რასაც შედეგად რუსული პოლიტიკის კატასტროფა მოჰყვა ყირიმის ომში... 

სწორედ ყირიმის ომის კატასტროფის შემდეგ 1856 წელს ისევ გაახსენდათ სანქტ-პეტერბურგში ბერძნული პროექტი,  მოსკოვი - მესამე რომის თეორია...  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×