ელზა პაპოშვილი
18.09.2022

სროლა და სისხლიანი გარჩევა კიკეთში - დაჭრილია 5 ადამიანი და ერთი გარდაცვლილია. დაჭრილებს შორის ორი ქალია. დაჭრილი შუახნის მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში დაიღუპა. ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როდესაც ოჯახი სტუმრებთან ერთად რთველის დღესასწაულს აღნიშნავდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდამსხმელი ოჯახის მეზობელია და მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ცხოვრობს. ის სახლში მოულოდნელად მივიდა და მეზობლისგან ვალის დაბრუნებას ითხოვდა. ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც მამაკაცმა სუფრასთან მსხდომ სტუმრებსა და მათ მასპინძლებს ცეცხლი გაუხსნა.

დაიჭრა ორი ქალი და ოთხი მამაკაცი. მოგვიანებით ერთ-ერთი დაჭრილი შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. სახლში ასევე მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, რომელიც შემთხვევით უვნებელი გადარჩა. 

თავდამსხმელი, სავარაუდოდ, კუთვნილი ავტომობილით ადგილიდან მიიმალა, მაგრამ მისი დაკავება პოლიციამ მალევე შეძლო. 

„დანაშაულის მიზეზი ვალია. როგორც ამბობენ, მეზობელი მეზობელს სახლში მიუვარდა და თანხას სთხოვდა. ის კი სტუმრებთან ერთად რთველის მოსავალს აღნიშნავდა. 

„სახლში რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როცა მასპინძელმა მისი გარეთ გაყვანა სცადა, კაცმა იარაღიდან სროლა დაიწყო. მძიმედ არის 2 სტუმარი ქალი დაჭრილი, ასევე 3 მამაკაცს მოხვდა ტყვია. 1 შუახნის მამაკაცი კი გარდაიცვალა. მგონი დაჭრილებს შორის თავად მასპინძელიც არის და სტუმრებიც. 

„ამის შემდეგ მამაკაცი გარეთ გამოვარდა და საკუთარი ავტომობილით გაქცევას შეეცადა. პოლიციამ მისი დევნა დაიწყო და კიკეთშივე დააკავესო. თუმცა ავტომობილი ვაკეში დაცხრილული იპოვეს. უცნობია პოლიციისთვის გზის აბნევას ცდილობდა ვინმე, თუ მისი გაყვანა უნდოდათ. ალბათ ეს გაირკვევა. 

„ოჯახში ბავშვიც იყო და სროლის დროს სრულიად შემთხვევით გადარჩა. ეს პიროვნება ამ ოჯახის მეზობელია და სულ რამდენიმე მეტრში ცხოვრობს“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.        

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1968 წელს დაბადებული გ.ნ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

„ბრალდებული გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×