ალოგიკური პლასტები ფილოფეის მოძღვრების შესახებ
მამუკა ნაცვალაძე
18.09.2022

ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკისა და XVIII ს-ის 70-90-იანი წლების ევროპის გადანაწილების რუსულ-ავსტრიული გეგმის, ბერძნული პროექტის შესწავლისას რუსული იმპერიული იდეოლოგიის კვლევის აუცილებლობის წინაშე დავდექით. კვლევის შედეგებმა სენსაციურ შედეგამდე მიგვიყვანა - ირკვევა, რომ მოსკოვი მესამე რომის თეორია არასდროს ყოფილა რუსული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ეს თეორია არასდროს გასცდენია საეკლესიო ანალებს და პირველად სახელმწიფოებრივ დონეზე XIX ს-ის 60-იანი წლების დასაწყისში, ყირიმის ომში მარცხის შემდეგ გაახსენდათ. 

რატომ აღმოჩნდა ეკატერინე მეორე რუსული სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის შექმნის აუცილებლობის წინაშე 

ისეთი რანგისა და მასშტაბის კონცეპცია, როგორიც ბერძნული პროექტი გახლდათ და რომელიც ოსმალეთის იმპერიის დაშლას, მისი ტერიტორიების გადანაწილებას ითვალისწინებდა, ბუნებრივია, იდეოლოგიურ ფუნდამენტს უნდა დაფუძვნებოდა. საბჭოური პერიოდის ისტორიოგრაფიის კვლევის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ მხრივ ეკატერინეს რუსეთის წინა მმართველობისგან მემკვიდრეობით ერგო ის ლეგენდა, რომელსაც მსგავსი საჭიროებისათვის განსაკუთრებულად ეფექტურად უნდა ემუშავა. რუსული და საბჭოური პერიოდის ისტორიოგრაფიის ვერსიით, მოსკოვი - მესამე რომი სწორედ ის თეორიაა, რომელიც ერთიან მართლმადიდებლურ სივრცერში რუსეთის, როგორც დომინანტი სახელმწიფოს ფუნქციას განმარტავდა და ასაბუთებდა. 

თუმცა, ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ეკატერინე მეორეს თავად მოუწია იდეოლოგიური ფუნდამენტის შექმნა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რუსეთის იმპერიას მსგავსი სახელმწიფოებრივი იდეოლოგიური საფუძველი არ გააჩნდა.

რუსული და საბჭოური პერიოდის ისტორიოგრაფიის ვერსიით, თანდათანობით იკვეთება რუსეთის გამორჩეული საერთაშორისო ფუნქცია - მესამე რომის, როგორც კონსტანტინოპოლის მემკვიდრის როლი, თუმცა, საცნაური გახლდათ ის, რომ ამ გამორჩეულობას არ ჰქონდა არც ისტორიული და არც პოლიტიკური წანამძღვარი. 

ექვსი ალოგიკური პლასტი ფილოფეის მოძღვრების შესახებ

ეპოქის ფუნდამენტალური შესწავლისა და ანალიზისას ცალსახად გამოიკვეთა, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც არა XVI ს-ის დასაწყისს, არამედ XIX ს-ის 60-იან წლებს უკავშირდება, რაც ცალსახად ჩანს ამ საკითხის შემადგენელი არაერთი ფრაგმენტიდან.

1. 1453 წლიდან ქრისტიანულ სამყაროში პირველობის პრეტენზია რუსეთმა განაცხადა. აქ თითქოს არაფერი უნდა იყოს გასაკვირი - მეორე რომის, კონსტანტინოპოლის ფუნქცია იტვირთა სხვა სახელმწიფომ და ეს ესტაფეტა თითქოს ლოგიკურია, თუმცა, ერთგვარი დისონანსი შეაქვს ამ პროცესში იმ ფაქტს, რომ რუსეთი, მიუხედავად ქრისტიანული საწყისებისა, ჯერ კიდევ არ არის პოლიტიკურად ერთიანი და რაც ყველაზე საცნაურია, მისი ავტოკეფალია, ეკლესიის დამოუკიდებლობა, 1448 წლიდან იწყება და სულ რაღაც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის მხოლოდ. ანუ რუსული ეკლესიის დამოუკიდებლობა და მართლმადიდებლური სამყაროს პირველობის პრეტენზია ერთდროულად ჩნდება, რაც თავის მხრივ არარეალურია და ბევრ კითხვას ბადებს. 

2. მეთექვსმეტე საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწე, ფსკოვის ელიაზაროვის მონასტრის ბერი რუსეთის ხელმწიფე ვასილი მესამისადმი მიძღვნილ წერილში მიმართავს: „ყური მიგდე მართლმორწმუნე ხელმწიფეო, ორი რომი დაეცა, მესამე - მოსკოვი დგას, მეოთხე აღარ იქნება, მხოლოდ შენ ხარ ქრისტიანი ხელმწიფე მთელს დედამიწაზე“. ამ კონცეფციას ფილოფეი იმეორებს დიაკ მიხაილ გრიგორის ძე მისიურ-მუნეხინისადმი მიწერილ წერილშიც.

საკმაოდ ამბიციური განაცხადია - მოსკოვი მთელი საქრისტიანოს პირველობას ჩემულობს. ეს ის დროა, როცა რელიგიური თვალსაზრისით პირველობა პირდაპირაა მიბმული პოლიტიკურ ამბიციებს. რელიგია პოლიტიკისგან არ არის გამიჯნული, პირიქით - სწორედაც რომ რელიგიური ფუნდამენტი აქვს მის იმპერიულ განაცხადს, არადა, საცნაური სწორედ ისაა, რომ მეთექვსმეტე საუკუნის პირველი ოცწლეულის პოლიტიკური ვითარება არანაირად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსკოვს რაიმე სერიოზული ამბიციები გააჩნდეს როგორც სახელმწიფოს. ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ფაქტობრივად არ არსებობს. არსებობენ სამთავროები, რომელნიც პირველობისთვის იბრძვიან. შესაბამისად იმ კონდიციამდე საკმაოდ შორსაა, საერთაშორისო არენაზე რაიმე პრეტენზია რომ განაცხადოს რომელიმე რუსულმა სამთავრომ, მითუმეტეს რუსეთმა, რომელიც სახელმწიფოებრივ ფორმატში ამ დროს არ არსებობს. 

3. პირველად რუსული საზოგადოება ფილოფეის მოძღვრებას გაეცნო 1861 წელს, როცა ყაზანში, მართლმადიდებლურ ჟურნალში გამოქვეყნდა ფილოფეის მოძღვრების ერთი ნაწილი. მანამდე ეს თეორია საეკლესიო ანალებს არ გასცილებია. უმნიშვნელოვანესი ფაქტი გახლავთ  - მიუხედავად იმისა, რომ პეტრე პირველის დროიდან მოყოლებული საკმაოდ მაღალ დონეზეა რუსეთში საგამომცემლო საქმიანობა, იბეჭდება უმარავი გაზეთი, სხვადასხვა თემატიკის ვრცელი მოცულობის ჟურნალი, სადაც მთელი მსოფლიოს იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების შესახებ მრავალფეროვანი მასალაა დაბეჭდილი, იბეჭდება ფაქტობრივად ყველაფერი მსოფლიო და რუსეთის ისტორიის შესახებ, რუსულმა პუბლიცისტიკამ რატომღაც საუკუნენახევრის განმავლობაში ვერ მოიცალა იმისთვის, რომ თუნდაც ერთი სტატია მიეძღვნა მოსკოვი მესამე რომის თეორიისთვის, როგორც სახელმწიფოს იდეოლოგიური დოქტრინისათვის. შესაბამისად, ეს უცნაური იგნორირება ვფიქრობთ უნდა აიხსნას იმით, რომ მოსკოვი მესამე რომის თეორია არასდროს ყოფილა რუსეთის სახელმწიფოებრივი დოქტრინა.

4. მეტი სიცხადე შეაქვს საკითხის გარკვევისას მოსკოვი მესამე რომის პირველი პუბლიკაციის თარიღს - 1861 წელს. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთის იმპერიამ მწარე მარცხი იწვნია ყირიმის ომში, შესაბამისად ამ მძიმე პროცესების შემდეგ გახდა აქტუალური სულ სხვა რელსებზე გადაეწყოთ სახელმწიფო იდეოლოგია. სწორედ ამ კონტექსტში გაახსენდათ სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარზე ბერძნული პროექტი, ეკატერიმე მეორეც და ფილოფეის მოძღვრებაც მესამე რომზე.

5. მოსკოვი - მესამე რომის თეორიის ავტორს ფილოფეის, ფსკოვის ელიაზაროვის მონასტრის ბერს, გარდა ამ თხზულებისა, სხვა თხზულება არ შეუქმნია. მარტო ეს კონცეფცია ეყო მას პოპულარობისათვის, ამგვარ მასშტაბურ მოაზროვნეს, როგორც მიჩნეულია საბჭოური ხანის რუსულ ისტორიოგრაფიაში, სხვა ნაწარმოები რომ შეექმნა, ჩვენამდე აუცილებლად მოაღწევდა იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ფილოფეის მოძღვრება რუსული სახელმწიფოს ოფიციალური სახელმწიფოებრივი დოქტრინა რომ ყოფილიყო,  გამორჩეული  პრივილეგიებით ისარგებლებდა.

6. ფილოფეის მოღვაწეობის პერიოდი ემთხვევა იმ დროს, როცა მოსკოვის პირველობა ჯერ კიდევ არაა გამოკვეთილი, ფსკოვის სამთავრო ერთ-ერთი პრეტენდენტია იმისა, რომ რუსული მიწები მის გარშემო გაერთიანდეს, ის პირველობისთვის უპირისპირდება მოსკოვს. რამდენადაც ფილოფეი ფსკოვის მონასტრის ბერია, ყველა ლოგიკით, ის სწორედ ფსკოვის უპირატესობას უნდა უჭერდეს მხარს, თუმცა, რატომღაც ფსკოველი ბერი მოსკოვს არათუ რუსული სახელმწიფოს ცენტრად მოიაზრებს, არამედ მთელი საქრისტიანოს განმკარგავ ქალაქად აღიარებს. ეს მართლაც უცნაურია, უცნაურია ის, რომ ფილოფეი ისე უარყოფს ფსკოვის პირველობას, თავის თანამემამულეთა მხრიდან არანაირ აგრესიას არ განიცდის, ეს მით უფრო არარეალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე გვაქვს ფეოდალიზმის ეპოქასთან და არა დემოკრატიურ გარემოსთან.

ასეთი რეალობაში ჩნდება უამრავი კითხვა, მათ შორის უპირველესი - სად უნდა ვეძიოთ ასეთი ალოგიკური ფაქტების სათავე? 

რატომ არ სჭირდებოდა ეკატერინეს მმართველობამდე რუსეთს იდეოლოგია 

ფაქტია, რომ მეთხუთმეტე საუკუნის რუსეთის ამბიციებს, იყოს ქრისტიანულ სამყაროში ლიდერი, და ამ საფუძველზე შექმნას იმპერიული სივრცე, არის მხოლოდ შემდგომი ხანის რუს იდეოლოგთა სურვილი და ობიექტური წანამძღვრები არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, ოფიციალური ვერსიით, მოსკოვი საკმაოდ მკაფიოდ აყალიბებს ისტორიულ დოქტრინას, რომელიც მომდევნო პერიოდში თითქოს განსაზღვრავს რუსეთის საერთაშორისო ფუნქციას და როლს - ეს კონსტანტინოპოლისა და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაპყრობაა. ეს მიზანი ცალსახად მხოლოდ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს ემსახურება, საზღვრებისა და გავლენის სფეროების გაფართოებაზეა მიმართული და როგორც ირკვევა ამ მიზანს და მის აღსრულებას სრულიადაც არ სჭირდება რაიმე იდეოლოგია, რამდენადაც გადამწყვეტია არა ლეგენდა, ვინმესთვის ლოგიკური ახსნა, თუ რატომ უნდა იყოს მთელი მართლმადიდებლური სამყაროს მპყრობელი, არამედ ის, რომ რუსეთს ამის ნება აქვს, მას უნდა ეს, შესაბამისად გადამწყვეტია მისი სურვილი და არ არის საჭირო სხვა განმარტება. მაგალითად, მეათე საუკუნეში კიევის მთავარმა იგორმა კონსტანტინოპოლის კედელზე რომ მიაჭედა ფარი, რუსული იდეოლოგიისათვის საკმარისი საფუძველია კონსტანტინოპოლი და მისი მიმდებარე სრუტეები ბოსფორი და დარდანელი თავის გავლენის სფეროდ გამოაცხადოს იმ არგუმენტით რომ მას ეს ასე უნდა...

რატომ არ იცოდა რუსეთში ხალხმა მოსკოვი მესამე რომის შესახებ

ტოტალურად ასეთი აზროვნების სტილი დამკვიდრდა რუსეთში. შესაბამისად მოსკოვი მესამე რომის თეორია ვერ გახდა რუსეთის სახელმწიფოებრიობის მთავარი დოქტრინა, უბრალოდ იმის გამო, რომ ამის არანაირი საჭიროება არ გახლდათ. როგორც ჩანს ეს თეორია მოსახლეობაში პოპულარული არ ყოფილა. სწორედ ამის შესახებ მიანიშნებს ღვთისმეტყველების დოქტორი, რუსი მეცნიერი ალექსანდრ ბელიაევი: „ძველად ზოგიერთი რუსი მოსკოვს და რუსეთს მესამე რომს უწოდებდა; მაგრამ ამ სახელმა ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ამჟამად არც ერთი მეცნიერი არ იყენებს ამ სახელს და ხალხმა კი საერთოდ არ იცის. მართლაც, რა საერთო აქვს მართლმადიდებელ რუსეთს რომთან?“.

ამას ბელიაევი წერს 1898 წელს, მას შემდეგ რაც ყირიმის ომში მარცხის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარმა ყველა შესაძლო ვარიანტი მოსინჯა იმპერიული პოლიტიკის იდეოლოგიური საფუძვლის შესაქმნელად, რაც განსაკუთრებულად სჭირდებოდა შელახული ეროვნული თავმოყვარეობისა და საერთაშორისო პრესტიჟის აღდგენისათვის, თუმცა, როგორც ჩანს, და როგორც თავად თვითმხილველი და იმ მოვლენების თანამედროვე მეცნიერი მიანიშნებს, ეს მცდელობაც წარუმატებელი გამოდგა.

ერთი მხრივ ალექსანდრ ბელიაევის ეს დასკვნა და მეორე მხრივ ჩვენს მიერ მოტანილი ფილოფეის მოძღვრების ალოგიკური პლასტები ვფიქრობთ საკმარისი მტკიცებულებაა იმისათვის, რომ მოსკოვი მესამე რომის თეორია ვაღიაროთ, როგორც რუსული იდეოლოგიური ფარსი...

სწორედ ამ დიდ რუსულ ფარსს ეფუძვნება რუსთა და ქართველთა ერთმორწმუნეობის მითოლოგიზაცია... 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×