ელზა პაპოშვილი
11.09.2022

20 წლის გოგონას ქვემო ქართლში, დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში, მამა ქორწინებას აიძულებდა,  რის გამოც მან თვითმკვლელობა სცადა. პოლიციამ გოგონას მამა უკვე დააკავა და მას შვილზე როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას ედავება. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“  ამბობენ, მამაკაცი გოგონაზე ძალადობდა და მისთვის არასასურველ პირზე იძულებით ათხოვებდა. მას ფიზიკურად უსწორდებოდა და სახლში ჰყავდა გამოკეტილი. 

მამა ქალიშვილს მოკვილითაც ემუქრებოდა, თუ გათხოვებაზე უარს იტყოდა. სწორედ ამის გამო გოგონამ თვითდაზიანებები მიიყენა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსები ამბობენ, რომ მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და გოგონასთან მუშაობენ, როგორც ექიმები, ასევე ფსიქოლოგები. 

„როგორც ამბობენ, ბავშვს გათხოვებას აიძულებდა. ვიღაც მოუძებნია და მასზე უნდოდა გაეთხოვებინა. გოგოს არ ყვარებია და უთქვამს - არ გავყვებიო. სხვა მიზნები აქვს, ალბათ სწავლა უნდოდა და  ამ ასაკში გათხოვებას არც გეგმავდა. ამის გამო სცემდა და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა. 

„ბავშვმა მამას თავი რომ ვერაფრით ვეღარ დააღწია, თვითმკვლელობა გადაწყვიტა. დაზიანებები მიიყენა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ვიცი, პოლიციას საავადმყოფოდან  მიმართეს და გაირკვა ბავშვი რა დღეშიც იყო. არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა და რატომ აიძულებდა ბავშვს გათოხვებას, მაგრამ ფაქტია, რომ გოგონა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

დაკავებულის უფლებადამცველი სულეიმან ისმაილი „რეზონანსთან“  ამბობს, რომ არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია და საქმეში ამის მტკიცებულებად მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება დევს. 

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, არიან საქმეში მოწმეები. ჩვენ უნდა დავკითხოთ და დავადასტურებთ, რომ არ არის დამნაშავე. არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონდა. ერთადერთი დაზარალებულის ჩვენებაა. სხვა მტკიცებულება, რომ მამა შვილს გათხოვებას აიძულებდა, არ მოიპოვვება. 

„როგორც ჩემთვის ცნობილია, დაზარალებული იმყოფება საავადმყოფოში და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მამამისი დაკავებულია. რა და როგორ მოხდა, სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, ვერ დავაზუსტებ, რადგან საქმე ახალგაზრდა გოგონას და მის პირად ცხოვრებას ეხება“, - აცხადებს ადვოკატი სულეიმან ისმაილი „რეზონანსთან“. 

პროკურატურის ინფორმაციით კი, მამაკაცი საკუთარ ქალიშვილს  გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ ქალიშვილი უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც მამაკაცის გადაწყვეტილებას, ჩხუბით და მუქარით აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა მისთვის არასასურველ პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც დაზარალებულმა 8 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.    

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში, ბრალდებული  ჩხუბით და მუქარით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ ქალიშვილი უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც მამაკაცის გადაწყვეტილებას, აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა მისთვის არასასურველ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც დაზარალებულმა 8 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს  დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება) და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, ჩადენილი გენდერული ნიშნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 - დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×