როგორ იქარგებოდა XVIII ს-ის მეორე ნახევრის ერთიანი კავკასიის სახელმწიფოებრივი კონტურები
მამუკა ნაცვალაძე
11.09.2022

1790 წელს ისანში ერეკლეს სამეფო რეზიდენციას იმერეთის თავადების დელეგაცია ეწვია. მისია ერთობ საპატიო გახლდათ - საქართველოს ერთიანობის იდეა. დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები ქართლ-კახეთის მეფეს ორი სამეფოს გაერთიანებას სთავაზობდნენ.

ყველასთვის მოულოდნელად ერეკლემ უარი განაცხადა... უჩვეულოდ ჩანდა უარი. არადა აშკარა იყო, რომ პატარა კახის პოლიტიკური საქმიანობა არათუ საქართველოს, ერთიანი კავკასიის  გაერთიანებას ისახავდა მიზნად.

თითქოს უცნაურია - ერთი მხრივ ერეკლე ერთიან დიდ კავკასიურ სახელმწიფოს აშენებს, მას გაცნობიერებული აქვს, რომ მხოლოდ ასეთ ფორმატში შესძლებს საერთაშორისო სისტემაში დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი სტატუსით ჩართვას და უსაფრთხოების სისტემური მოდელის შექმნას, მეორე მხრივ, უარს ამბობს დასავლეთ საქართველოს, იმერეთის სამეფოს წარმომადგენელთა შეთავაზებაზე გააერთიანოს საქართველო.  

ბუნებრივია, ისმის კითხვა - ხომ არ გვაქვს საქმე ორმაგ სტანდარტთან? რატომ ისტუმრებს უარით იმერეთის სამეფოს წარმომადგენლებს ერეკლე, თუკი მისთვის ერთიანი კავკასიური დიდი პოლიტიკური სივრცის შექმნაა უმთავრესი მიზანი?

ერეკლეს უარი საქართველოს გაერთიანებაზე სწორედ ბერძნული პროექტის პრიზმიდან ჩანს გამართლებულად. კავკასიის პოლიტიკური განვითარების მთავარი მარწუხია 1555 წელს შექმნილი ამასიის სისტემა, რომლის მორღვევასაც ისახავს მიზნად ბერძნული პროექტი. აშკარაა, რომ ეს გაერთიანება იქნება პიროსის გამარჯვება, ის გამარჯვება, რომელიც საწინდარი გახდება დიდი დამარცხების... 

რატომ იყო ამასიის სისტემა საქართველოს განვითარებისათვის მთავარი წინაღობა

1555 წელს ირანმა და ოსმალეთმა გაინაწილეს  კავკასია - დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ერგო, აღმოსავლეთი კი - ირანს. შესაბამისად, საქართველოს სამეფო-სამთავროების დამოუკიდებლობა წარსულს ჩაბარდა და ერთ დროს ერთიანი პოლიტიკური ქართული გეოსტრატეგიული არეალი ირანისა და ოსმალეთის ნაწილი გახდა. სწორედ ამის გამოძახილი იყო ის ერთგვარი უცნაურობა - მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე მეორე საკმაოდ პოპულარული იყო ევროპაში, ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მისი აქტიურობიდან გამომდინარე, მეფედ არავინ აღიარებდა და ამიტომაც ანალებსა თუ სხვადასხვა დოკუმენტებში პატარა კახი მოხსენიებულია როგორც პრინცი, ან ხანი. 

სწორედ ამასიის სისტემის მორღვევა გახლდათ ის მთავარი სტრატეგიული ორიენტირი, რასაც ერეკლე ისახავდა მიზნად. ამ სისტემის მოშლას თავისთავად მოჰყვებოდა ყველა იმ სისტემური პრობლემის მოგვარება, რაც ერთიანი კავკასიის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაღობა იყო. 

თუმცა, ამასიის სისტემის მორღვევა მხოლოდ ქართული პოლიტიკურიი სპექტრისა თუ სამხედრო ძალების მეშვეობით წარმოუდგენელი იყო, ამიტომაც ეძებს ერეკლე გამოსავალს ევროპაში, იმ პოლიტიკურ არეალში, რომლისთვისაც სამ საუკუნეზე მეტ ხანს ოსმალეთის იმპერია ქმნის ურთულეს ბარიერს. ბერძნული პროექტიც, რომელიც ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ოსმალეთის იმპერიის დაშლას და განადგურებას ითვალისწინებს, ამიტომ ეძვირფასება ერეკლეს. ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქართლ-კახეთის მეფე სწორედ ბერძნულ პროექტზე აგებს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას. ეს ის სტრატეგიაა, რაც ევროპის დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ინტერესებიდანაც მისაღებია. 

რატომ იყო საქართველოს გაერთიანება ამასიის სისტემის პირობებში თვითგანადგურების კლასიკური მოდელი

დიდი მიზნის მიღწევამდე ერეკლემ დიპლომატიურად უნდა იმოქმედოს, რეალური ვითარების გათვალისწინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აუცილებლობაა. ამიტომაც, სანამ ევროპა დაიწყებს საბერძნეთის პროექტის განხორციელებას და ოსმალეთის იმპერიის დაშლას, ერეკლეს ისევ ამასიის სისტემის ფარგლებში კავკასიური კარტების გადაწყობა უწევს, თან ისე, რომ ზედმეტი პრობლემა არ დაატეხოს საკუთარ სამეფოს.

შესაბამისად, ამასიის სისტემის პირობებში ნებისმიერი კონფიგურაციული ცვლილება, რომელიც ეხება ერთი მხრივ, ირანის და მეორე მხრივ, ოსმალეთის გავლენის სფერებს კავკასიაში, ობიექტურად იწვევს უკუქმედებას. ასეთ რეალობაში ნათლად იკვეთება საქართველოს გაერთიანებაზე ერეკლე მეორის უარის ორი მთავარი არგუმენტი:

1. გაერთიანების პირობებში ერეკლე ბევრად უარეს საგარეო სიტუაციას იღებს, ვიდრე მანამდეა.  კონკრეტულად, ვიღებთ ერთიან საქართველოს, რომელიც ალყაშია, როგორც სამხრეთიდან ოსმალეთის, ასევე  ჩრდილოეთიდან ლეკების მხრიდან. ამასთან გასათვალისწინებელია სპარსეთის ფაქტორიც. ანუ, თუ მანამდე ერეკლეს სისტემურად მხოლოდ ერთი,  გადაუჭრელი პრობლემა ჰქონდა ლეკების შემოსევის სახით, (მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარებისთვის სჭირდება მას რუსეთთან ურთიერთობა, სხვა არაფრისთვის), გაერთიანების შემთხვევაში იღებს კიდევ უფრო მნიშვნელოვან საგარეო საფრთხეს სამხრეთიდან ოსმალეთის აგრესიის სახით. ამ პოლიტიკური კონფიგურაციისას ერეკლეს მიზერული შანსიც კი არა აქვს და ფაქტობრივად განწირულია. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საქართველოს გაერთიანების პროექტი ამასიის სისტემის პირობებში საქართველოს პოლიტიკური თვითგანადგურების მოდელია, და არა წინგადადგმული ნაბიჯი.  გაერთიანება უპირობოდ გამარჯვებაა, თუმცა, ამ შემთხვევაში პიროსის გამარჯვება, ისეთი გამარჯვება, რომელიც დიდი დამარცხების მთავარი წინაპირობაა.

2. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე და სოლომონი დაპირისპირებულები არიან, ეს უთანხმოება არ აისახება საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე. სახეზეა  ორი სამეფოს ქართლ-კახეთისა და იმერეთის ერთიანი საგარეო პოლიტიკური ხედვა და ამიტომაც საგარეო საფრთხეების წინააღმდეგ ორივე შეთანხმებულად მოქმედებს. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, გაერთიანებული საქართველოს მოდელი ერეკლეს არანაირ უპირატესობას არ აძლევს. რაც შეეხება ერთიანი საქართველოს მეფობის ამბიციას, ერეკლესათვის უფრო მნიშვნელოვანია სისტემური საგარეო პოლიტიკური საფრთხეების თავიდან აცილება და სწორედ ამიტომაცაა მისთვის მთავარი სამიზნე ბერძნული პროექტი, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველა სისტემურ პრობლემას გადაჭრის. შესაბამისად, სანამ ამასიის სისტემა არ მოირღვევა და ბერძნული პროექტი არ განხორციელდება, რომელიც კავკასიის სამხრეთით შექმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ-კონფესიურ რეალობას ქრისტიანული პოლიტიკური გლობალური სივრცის სახით, საქართველოს გაერთიანება არსებულ საერთაშორისო პრობლემებს არათუ შეამსუბუქებს, პირიქით, კიდევ უფრო გაამწვავებს.

ერთიანი კავკასიური კონფერედაციის ერეკლესეული კონტურები 

იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოების გაერთიანებაზე ერეკლეს უარი  ბადებს კიდევ ერთ კითხვას - უნდა გაირკვეს რა ფორმატით აქვს წარმოდგენილი ერეკლეს ერთიანი დიდი კავკასიური სახელმწიფოს შექმნა.

სწორედ იმერეთის სამეფოსადმი დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რომ ერთიანი კავკასიის სახლმწიფოს ერეკლე მეორისეული ვერსია უნდა დაეფუძვნოს ფედერაციის პრინციპს, რომლის სუბიექტებიც ერთი მიზნით, უსაფრთხოების კავკასიის სისტემური მოდელის შექმნით არიან მოტივირებულნი. 

ეს მოტივი საკმაოდ მაღალი ხარისხით ჩანს იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოების შემთხვევაში. ისინი მუდმივი სტრატეგიული მოკავშირეები არიან, ორივე სახელმწიფოს გააჩნია ერთნაირი საგარეო პოლიტიკური ვექტორი და სტრატეგიული ხედვა. საგულისხმო და უმნიშვნელოვანესი გარემოებაა ისიც, რომ ერეკლეს აღსაყდრების დროიდან, მიუხედავად მასსა და იმერეთის მეფის სოლომონ პირველს შორის პირადი უთანხმოებისა,  ქართლ-კახეთსა და იმერეთს შორის არ ყოფილა არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ორი სამეფოს საგარეო პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. ამიტომაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ უკვე აქტიურად მიმდინარეობდა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოს გაერთიანების თაობაზე საუბრები, რაც მთავარია, გაერთიანების ინიციატორები არიან თავად იმერლები, ცალსახად მიანიშნებს, რომ ორივე სამეფო მზადაა ერთიანი ფედერაციის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისათვის. ამ ეტაპზე სწორედ ეს ერთიანი განწყობებია უპირატესი. ამ არსებულ განწყობებს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ქართლ-კახეთისა და იმერეთის გაერთიანება არაფერს მატებს, გარდა საერთაშორისო სკანდალისა, შესაბამისად სრულიად ლოგიკურია ერეკლე მეორის დამოკიდებულება ამ თემისადმი.   

ერეკლე მეორის ერთიანი კავკასიური სახელმწიფოებრივი მოდელი არ გამორიცხავს სახელმწიფოთა შეერთებას და გამსხვილებას, თუმცა უმთავრესი პირობაა ამ პროცესმა საერთო კავკასიური საერთაშორისო პოლიტიკური ფონი არ უნდა გააუარესოს. შესაბამისად ერეკლეს ურჩევნია ამასიის საერთაშორისო სისტემის მოქმედებისას იმერეთი დარჩეს დამოუკიდებელ სამეფოდ და მასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სახელმწიფოებრივი ხელშეკულება გააფორმოს და ამ ფორმატში ჰქონდეს მასთან ურთიერთობა. აქ ვფიქრობთ, არცთუ უმნიშვნელო ფაქტია ის, რომ იმერეთის მეფე სოლომონ მეორე ერეკლე მეორის შვილიშვილია, რაც კიდევ სახელმწიფოებრივი ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისით მეტად ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

რატომ აწყობდათ ფედერაციული სახელმწიფოებრივი მოდელი კავკასიის სომხურ და  და მაჰმადიანურ მოსახლეობას

სულ სხვა რანგში და ფორმატში მოიაზრებს ერეკლე მეორე სომხეთთან ურთიერთობას, აქ ცალსახად საუბარია სომხეთ-საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეაზე, რასაც საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს და რაზეც სერიოზული პოლიტიკური ძალები მუშაობენ აქტიურად როგორც სომხეთის, ისე ბაგრატიონთა სამეფო გვარის მხრიდან. ამ მსხვილი გაერთიანებისას ბუნებრივია გათვალისწინებულია ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურები და ერეკლე მეორის მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია, სწორედ ამ ფორმატში სურთ სომხებს აღადგინონ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, რომელიც ამ დროისათვის შვიდი საუკუნეა დაკარგული აქვთ.

რაც შეეხება მაჰმადიანურ სახანოებთან ურთიერთობის ფორმებს, მისი დამოკიდებულებები ამ სივრცისადმი გვაფიქრებინებს, რომ ერეკლე უნდა დაეყრდნოს ოქროს ხანის ტრადიციულ მოდელს, როცა სახანოებს სრული საშინაო ავტონომია და ბაგრატიონთა მხრიდან შიდა საქმეებში ჩაურევლობის გარანტია გააჩნდათ და ამ დათმობის საფასურად უღირდათ ერთიანი კავკასიური პოლიტიკური ფორმატით თავიანთი უსაფრთხოების დაცვა.

კავკასიის მაჰმადიანური სივრცე და მისდამი კეთილგანწყობლური დამოკიდებულება ერეკლეს მეორის ფორმაციის კავკასიისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეზერვია - ერთიანი პოლიტიკური სივრცის კონფესიური მრავალფეროვნება ერთგვარი გზავნილია მაჰმადიანური ქვეყნებისათვის თამამად ისარგებლონ კავკასიური სავჭრო მაგისტრალით, რაც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელო შემოსავალია. ერთიანი კავკასიის ეკონომიკის გაძლიერებას ასევე ხელს შეუწყობს  სომხეთის სახელმწიფოებრივი აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორის ინდოეთში მოღვაწე სომეხი ვაჭრის შაჰამირ შაჰამირიანის საქმიანობაც.

შესაბამისად, იმ სახელმწიფოებრივ მოდელს, რომლის შექმნასაც ერეკლე აპირებს, გააჩნია საკმაოდ მყარი ეკონომიკური საფუძველი, ამ ფონზე გადამწყვეტია არა ის ფაქტორი - რომელი პოლიტიკური ერთეული რა სახით შევა ერთიან კავკასიურ ფედერაციაში, არამედ მათი მხრიდან იმის გაცნობიერება და აღიარება, რომ ერთიანი კავკასიის ფორმატს უსაფრთხო პოლიტიკური გარემოს შექმნის თვალსაზრისით ალტერნატივა არა აქვს. სწორედ ამ რეალობიდან ჩანს კარგად, რომ ერეკლეს არ შეიძლება გააჩნდეს ცალსახა ამბიცია საკუთარ სამეფოს შეუერთოს და ქართლ-კახეთის სამეფოს განუყოფელ ნაწილად აქციოს კავკასიის ყველა პოლიტიკური სეგმენტი.

ერთიანი კავკასიის სახელმწიფოებრივი ფორმატი იდეალურად ჯდება XVIII საუკუნის 80-90-იანი წლების ევროპის პოლიტიკური განვითარების სტატეგიულ ფორმატში. ბერძნული პროექტით, ოსმალეთის ნანგრევებზე უნდა აღდგეს საბერძნეთის იმპერია, ხოლო კიდევ ერთმა ბუფერულმა სამეფომ დაკიამ, ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს საბერძნეთის, რუსეთისა და ავსტრიის იმპერიები.

ერთიანი კავკასია, როგორც სამივე სახელმწიფოსადმი კეთილად განწყობილი სახელმწიფოებრივი სივრცე ორგანულად ერწყმის ამ პროექტს...

თუმცა, ეს ყველასთვის მისაღები იდეალური პოლიტიკური ჭადრაკის დაფა სანქტ-პეტერბურგმა არია... ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა რუსს მთელი მსოფლიო თავისთვის...  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×